ონკოლოგიური დაავადებები

1)      რა არის კიბო (ონკოლოგიური დაავადებები)? 

კიბო ზოგადი ტერმინია და ის აერთიანებს დაავადებათა დიდ ჯგუფს, რომელიც შესაძლოა განვითრდეს ადამიანის სხეულის ნებისმიერ ნაწილში. მათ ასევე მოიხსენიებენ როგორც ავთვისებიან/ონკოლოგიურ დაავადებებს[1].

კიბოს განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს  პათოლოგიური უჯრედების სწრაფი გამრავლება წარმოადგენს, რომლებიც ნორმალური უჯრედისთვის დამახასიათებელი გარსის გარეშე იზრდებიან. ამ პროცესმა შესაძლოა ჩაითრიოს სხეულის მიმდებარე ორგანოები და მოგვიანებით გავრცელდეს სხვა ორგანოებზეც მეტასტაზების სახით.   

როგორც წესი, კიბო ერთი საწყისი უჯრედისგან ვითარდება. ნორმალური უჯრედის ავთვისებიანად გარდაქმნა მრავალსაფეხურებრივი პროცესია, რომლის ერთ-ერთ ეტაპი კიბოსწინარე დაზიანებების განვითარებაა. აღნიშნული ცვლილებები ადამიანის გენეტიკურ ფაქტორსა და სამი სახის გარეგან აგენტებს შორის ურთიერთქმედების შედეგია. გარეგან ფაქტორებს მიეკუთვნება: 

  • ფიზიკური კანცეროგენები, მაგალითად,   ულტრაიისფერი  და მაიონიზებელი რადიაციული გამოსხივება;
  • ქიმიური კანცეროგენები, მაგალითად, აზბესტი, აფლატოქსინი, დარიშხანი (სასმელი წყლის დამაბინძურებელი), ნიკოტინი და ა.შ.
  • ბილოგიური კანცეროგენები, ვირუსები, ბაქტერიები, პარაზიტები.

 

2)      ონკოლოგიურ დაავადებათა მნიშვნელობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით

ონკოლოგიური დაავადებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს, ის მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვან მიზეზებს შორისაა ყოველწლიურად გარდაცვლილი 7-8 მილიონი ადამიანით.

საქართველოში ქალთა შორის ავადობისა და სიკვდილიანობის მიხედვით ათ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებას წარმოადგენს[2]:

  • ძუძუს
  • საშვილოსნოს ყელის
  • საშვილოსნოს ტანის
  • თავის ტვინისა და ნერვული სისტემის
  • კუჭის
  • კოლორექტალური
  • ფილტვის
  • ღვიძლის
  • საკვერცხის
  • ლეიკემია.

 

საქართველოში მამაკაცთა შორის ავადობისა და სიკვდილიანობის მიხედვით ათ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებას წარმოადგენს:

  • ფილტვის
  • პროსტატის
  • კუჭის
  • ხორხის
  • კოლორექტალური
  • თავის ტვინისა და ნერვული სისტემის
  • შარდის ბუშტის
  • ღვიძლის
  • პირის ღრუს
  • თირკმლის.

 

3.  კიბოს განვითარების რისკის ფაქტორები

ადამიანის ასაკი, სქესი და ზოგადი მდგომარეობა კიბოს განვითარების მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორებია. დაავადების რისკი ასაკთან ერთად განსაკუთრებით იზრდება  მაშინ, როცა რამდენიმე ფაქტორის თანხვედრა ხდება. სამეცნიერო კვლევებით დასტურდება უდავო კავშირი ცხოვრების წესსა და კიბოს განვითარებას შორის. ონკოლოგიურ დაავადებათა მართვად რისკის ფაქტორებს შორის გამოყოფენ: თამბაქოს მოხმარებას, რომელიც მსოფლიოში ყოველწლიურად პასუხისმგებელია კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 1.5 მილიონი შემთხვევის, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას - სიკვდილიანობის 351 000 შემთხვევითა და ჭარბ წონას, სიმსუქნესა და დაბალ ფიზიკურ აქტივობას კიბოს სიკვდილიანობის 274 000 შემთხვევით[3]/[4]/[5]. პირველადი პრევენცია კიბოს ეფექტური კონტროლის მნიშვნელოვან მიდგომას წარმოადგენს. ყველა ძირითადი რისკის ფაქტორის კონტროლის გზით, ონკოლოგიურ დაავადებათა სიკვდილიანობის 40%-ის პრევენცია არის შესაძლებელი[6].  

ზოგიერთი ინფექციური აგენტი ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარებაში მნიშვნელოვან ეთიოლოგიურ როლს ასრულებს (ადამიანის პაპილომა ვირუსი, ჰეპატიტი B-ს ვირუსი, Helicobacter pylori, ეპშტენ ბარის ვირუსი, აივ, ჰერპეს ვირუსი  (HHV-8) და სხვ.). გლობალურად ღვიძლის კარცინომას 52% ჰეპატიტი B-ს ქრონიკულ ინფექციას უკავშირდება; დამატებით, შემთხვევათა 20% დაკავშირებულია C ჰეპატიტის ვირუსთან[7]. ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომლითაც ყოველწლიურად დაახლოებით 660 მილიონი ადამიანი ინფიცირდება. ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ძირითადი ეთიოლოგიური აგენტია.

ჰაერში, წყალსა და ნიადაგში არსებულ ქიმიურ კანცეროგენებს ონკოლოგიურ დაავადებათა 1-4% უკავშირდება[8]. ცნობილია 40-ზე მეტი აგენტი, ნივთიერება და ექსპოზიციური ფაქტორი, რომლებსაც პროფესიულ კანცეროგენებად მიიჩნევენ[9]. აღნიშნული კანცეროგენები მიზეზობრივად დაკავშირებულია ფილტვის, ხორხის, ცხვირ-ხახის, კანის, შარდის ბუშტის ონკოლოგიურ დაავადებებთან და ლეიკემიასთან. ფილტვის კიბოს შემთხვევათა 10% და ლეიკემიის შემთხვევათა 2% სავარაუდოდ პროფესიულ ფაქტორებს უკავშირდება.[10]

კვლევები უჩვენებენ, რომ ონკოლოგიურ პაციენტთა თითქმის 25-30%-ს კიბოს ოჯახური ანამნეზი გააჩნია; ასეთ პაციენტთა თითქმის მესამედს გენეტიკურად გაპირობებული ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი ესმება. დღესდღეობით ცნობილია 30-ზე მეტი გენი ანუ პროტო-ონკოგენი, რომლებიც სხვადსხვა სახის გენეტიკურ კიბოს ან მათ სინდრომს იწვევენ.

ცალკეულ ონკოლოგიურ დაავადებებს სპეციფიკური რისკის ფაქტორები გააჩნიათ, მაგალითად, ძუძუს კიბო ჰორმონდამოკიდებული დაავადებაა და მის განვითარებაში წამყვანი ადგილი რეპროდუქციული ბუნების რისკის ფაქტორებს უჭირავს:

  • პირველი სრული ორსულობა მოგვიანებით ასაკში
  • ადრეული მენარქე
  • გვიანი მენოპაუზა
  • უშვილობა
  • უნაყოფობა
  • მშობიარობათა მცირე რიცხვი
  • აბორტები
  • ძუძუთი კვებაზე უარის თქმა
  • გენეტიკურ წინასწარგანწყობა, ძუძუს კიბოს ოჯახური ანამნეზი 
  • ძუძუს ტრავმები.

ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები

ონკოლოგიურ დაავადებებს ხშირად ხანგრძლივი ფარული მიმდინარეობა ახასიათებთ, ამასთან, სხვადასხვა ადამიანებში შესაძლოა, განსხვავებული სიმპტომები გამოვლინდეს. ძირითადი სიმპტომები, რომლებსაც სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევაში შესაძლოა, ჰქონდეს ადგილი, შემდეგია:

ძუძუს კიბო[11]:

  • დვრილის ფორმის შეცვლა, მისი ჩაბრუნება, გადასწორება
  • სისხლიანი ან უსისხლო გამონადენი
  • ძუძუს ან ძუძუსთავის გამკვრივება ან შეშუპება
  • ძუძუს ფორმის შეცვლა
  • ხელების ზემოთ აწევისას ორმოების გაჩენა
  • კანის დანაოჭება
  • სტრუქტურის შეცვლა, რომელიც შეხებით შეიგრძნობა
  • მუდმივი უსიამოვნო შეგრძნება ერთ-ერთ ძუძუში
  • ლიმფური კვანძების გადიდება
  • ბეჭის ან იღლიის მიდამოს შესიება.

ჩამოთვლილი ნიშნები თვალსაჩინოა, მაგრამ საწყის ეტაპზე კიბო უხშირესად შეუმჩნეველია, ამიტომაც საჭიროა სკრინინგული კვლევა, რომელიც დაავადებას სწორედ ფარულ პერიოდში გამოავლენს.

სარძევე ჯირკვლის  ნებისმიერიუჩვეულოცვლილებისშემჩნევისასმიმართექიმს!

გინეკოლოგიური კიბოს სიმპტომები[12]:

სიმპტომები

საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ტანის კიბო

საკვერცხის კიბო

ვაგინალური სისხლდენა ან პათოლოგიური გამონადენი

ტკივილი ან ზეწოლა მენჯის არეში

 

მუცლის ან ზურგის ტკივილი

 

 

მუცლის შებერილობა

 

 

ტკივილი სქესობრივი კონტაქტისას

 

 

 

ფილტვის კიბო[13]:

  • ხველა, რომელიც თანდათანობით უარესდება და მკურნალობას არ ემორჩილება
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • სუნთქვის უკმარისობა
  • სისხლიანი ნახველი
  • დაღლილობების შეგრძნება
  • წონაში კლება

პროსტატის კიბო[14]:

  • ტკივილი ან წვა შარდვისას
  • ხშირი შარდვა განსაკუთრებით ღამის საათებში
  • შარდის ბუშტის სრულად დაცლის პრობლემა
  • შარდში სისხლის შემცველობა
  • ძლიერი ტკივილი ზურგის ან მენჯის არეში

კოლორექტალური კიბო[15]:

  • სისხლიანი განავალი
  • მუცლის ტკივილი ან სპაზმი, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება
  • წონაში კლება

 

კუჭისკიბოსკლინიკური სიმპტომები არასპეფიკურია[16]:

  • გულისრევა
  • ღებინება
  • ბოყინი
  • დისფაგია
  • საერთო სისუსტე,
  • წონაში დაკლება,
  • ანემია და სხვ.

 

ხორხის კიბო:

  • უსიამოვნო შეგრძნება ყლაპვისას, მოგვიანებით ვლინდება ტკივილი
  • ხმის ტემბრის ცვლილება, ზოგჯერ ჩახლეჩა
  • ხველა და სუნთქვის უკმარისობა
  • წონაში კლება.

 

როგორ შეიძლება კიბოს ტვირთის შემცირება?

კიბოს ტვირთის მართვა და შემცირება შესაძლებელია მისი პრევენციის, ადრეული გამოვლენის, დაავადებული პაციენტების მკურნალობისა და მოვლის მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიების განხორცილების გზით. 

 

პრევენციის სტრატეგიები

  • პირველადი პრევენცია
  • ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენა სკრინინგული პროგრამებით
  • ადრეული დიაგნოსტიკა

 

რისკის ფაქტორები და მათი პრევენცია

30%-ზე მეტი კიბოს შემთხვევების პრევენცია შეიძლება განხორციელდეს ძირითადი რისკის-ფაქტორების თავიდან აცილების გზით.

ეს რისკის ფაქტორებია:

  • თამბაქოს მოხმარება
  • ჭარბი წონა და სიმსუქნე
  • ხილისა და ბოსტნეულის ნაკლები მოხმარება
  • დაბალი ფიზიკური აქტივობა
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • ადამიანის პაპილომა ვირუსისა და B ჰეპატიტის წინააღმდეგ ვაქცინაციის ჩატარება
  • C ჰეპატიტის პრევენცია
  • ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ქალაქებში
  • მყარი საწვავის გამოყენებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება შენობებში.

 

ადრეული გამოვლენა

კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენითა და დროული და ადექვატური მკურნალობით. ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენა მიზნობრივი პოპულაციის სკრინინგითა და ადრეული დიაგნოსტიკით ხორციელდება.

კიბოს სკრინინგის მიზანია ასიმპტომურ სამიზნე პოპულაციაში ადამიანთა იმ ჯგუფების გამოვლენა, რომელთაც კიბოს წინარე პათოლოგიები ან კიბოს ადრეული სტადია აღენიშნებათ.

კიბოს სკრინინგის არსებული  სერვისები საქართველოში:

ძუძუს სკრინინგი. სკრინინგის სამიზნე პოპულაცია და ინტერვალი: 40-დან 70 წლამდე ქალები, 2 წელიწადში ერთხელ.   

საშვილოსნოს ყელის  სკრინინგი. სკრინინგის სამიზნე პოპულეცია და ინტერვალები: 25-დან 60 წლამდე ქალები, 3 წელიწადში ერთხელ. 

მსხვილი ნაწლავის  სკრინინგი. სკრინინგის სამიზნე პოპულაცია და ინტერვალები: 50-დან 70 წლამდე ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლები, წელიწადში ერთხელ.  

 

ადრეული დიაგნოსტიკა. მეტად მნიშვნელოვანია კიბოს ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების ცოდნა. ეს ხელს უწყობს დაავადების დიაგნოსტიკასა და ადექვატური მკურნალობის ჩატარებას ადრეულ ეტაპზე, ვიდრე ჩამოყალიბდება კიბოს შორსწასული ფორმა.

 

პალიატიური მზრუნველობა  უტარდებათ ტერმინალურ სტადიაზე მყოფ პაციენტებს, მის მიზანს  კიბოს შედეგად გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქება და პაციენტთა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება შეადგენს.



[3] Ezzati M. et al., Comparative quantification of health risks: global and regional burden of disease attributable to selected major risk factors. Geneva, World Health Organization, 2004;

[4]Danaei G. et al. Causes of cancer in the world: comparative risk assessment of nine behavioural and environmental risk factors. Lancet, 366:1784–1793, 2005;

[5] Driscoll T. et al. The global burden of diseases due to occupational carcinogens. American Journal of Industrial Medicine, 48:419–431, 2005).

[6] Cancer Control, Knowledge into Action, Prevention, WHO, 2007

[7] Perz JF et al. The contribution of hepatitis B virus and hepatitis C virus infections to cirrhosis and primary liver cancer worldwide. Journal of Hepatology, 2006, 45: 529-538;

[8] World cancer report. IARC/WHO, Lyon, 2003; Cancer Control, Knowledge into Action, Prevention, WHO, 2007;

[9] Siemiatycki J et al. Listing occupational carcinogens. Environmental Health Perspectives, 112:1447–1459, 2004;

[10] Cancer Control, Knowledge into Action, Prevention, WHO, 2007 .