ქრონიკული რესპირაციული დაავადებები

ქრონიკული რესპირაციული დაავადებები

ქრონიკული რესპირაციული დაავადებები სასუნთქი გზების და ფილტვის სხვა სტრუქტურების ქრონიკულ დაავადებებს წარმოადგენს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), ალერგიული რინიტი, ფილტვის პროფესიული დაავადებები, ძილის აპნოეს სინდრომი და ფილტვისმიერი ჰიპერტენზია.

1)   რას წარმოადგენს ქრონიკული რესპირაციული დაავადებები?

ქრონიკული რესპირაციული დაავადებები სასუნთქი გზებისა და ფილტვის სხვა სტრუქტურების ქრონიკული დაავადებებია. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

  • ასთმა
  • ფილტვის ქრონიკული ობსტუქციული დაავადება (ფქოდ)
  • ალერგიული რინიტი
  • ფილტვის პროფესიული დაავადებები
  • ძილის აპნოეს სინდრომი
  • ფილტვისმიერი ჰიპერტენზია.

ქრონიკული რესპირაციული დაავადებების გამომწვევი ძირითადი რისკის ფაქტორებია:

  • თამბაქოს მოწევა (მეორადი კვამლის ჩათვლით)
  • შენობაში ჰაერის დაბინძურება
  • ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება
  • ალერგენები
  • პროფესიული მტვერი და ქიმიური ნივთიერებები.

ქრონიკული რესპირაციული დაავადებები მსოფლიო მასშტაბით თანამედროვე საზოგადოებისთვის სერიოზულ ტვირთს წარმოადგენენ. ეს დაავადებები მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს. ტუბერკულოზი, ასთმა, პნევმონია, გრიპი, ფილტვის კიბო, ფქოდ-ი მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში და მათზე მოდის გლობალური სიკვდილიანობის 19% და ავადობის გლობალური ტვირთის 15%.

 

ჯანმო-ს უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ქრონიკული რესპირაციული დაავადებებით ავადაა:

  • ასთმა - 300 მილიონი ადამიანი
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება -210 მილიონი ადამიანი
  • ალერგიული რინიტი - 400 მილიონი ადამიანი
  • ფილტვის პროფესიული დაავადებები -50 მილიონი ადამიანი
  • ძილის აპნოე - 100 მილიონი ადამიანი
  • ფილტვისმიერი ჰიპერტენზია - 50 მილიონი ადამიანი     

 

ქრონიკული რესპირაციული დაავადებები მეორე ადგილზეა სიკვდილიანობის, ინციდენტობის, პრევალენტობისა და მათზე გაწეული დანახარჯების მხრივ.

 

  • ყოველწლიურად ასთმის არასათანადო მკურნალობის გამო იღუპება 250.000 ადამიანი, ხოლო ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის 250 მილიონი დაავადებულია ამ დაავადებით.
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით თამბაქოს გლობალური ეპიდემია თავის მხრივ გაზრდის ფქოდ-ის გავრცელების სიხშირეს. თამბაქოს მოწევით ყოველწლიურად საშუალოდ 6 მილიონი ადამიანი იღუპება (1.3 მლნ ფილტვის კიბოთი დაღუპული ადამიანის ჩათვლით).[1]

 

2)   რატომ არის  საყურადღებო ქრონიკული რესპირაციული დაავადებები?

საქართველოში რესპირაციული სისტემის ქრონიკული დაავადებების (ასთმა, სასუნთქი სისტემის ალერგიული ავადმყოფობები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობები, ფილტვის პროფესიული ავადმყოფობები, პულმონარული ჰიპერტენზია) ჯგუფი სასუნთქი სისტემის დაავადებათა ძირითად ნაწილს შეადგენს.

2012 წელს ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების ჯგუფში ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებზე (ფქოდ) 59.1%, ხოლო ასთმაზე – 33.0% მოდიოდა.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების უდიდეს წილს (66.1%) ქრონიკული და დაუზუსტებელი ბრონქიტი წარმოადგენდა (ბავშვებში – 74.9%). წინა წელთან შედარებით, ეს მონაცემები მნიშვნელოვნად მომატებულია.[2]

საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში ასთმის და ასთმური სტატუსის გავრცელების მაჩვენებლები თითქმის არ შეცვლილა. თუმცა, ბრონქული ასთმის ოფიციალურად რეგისტრირებული მაჩვენებლების შედარებითი დაბალი სიდიდე, სამწუხაროდ, არ ასახავს ქვეყანაში შექმნილ რეალურ მდგომარეობას. ამას მოწმობს სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები, რომლებიც 10-15-ჯერ აღემატება ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს (ISAAC I - III კვლევების მიხედვით).

ქრონიკულ რესპირაციული დაავადებების ტვირთის ზრდას ხელს უწყობს სხვადასხვა ფაქტორი:

  • საქართველოში არ არსებობს ზუსტი მონაცემები ქრონიკული რესპირაციული დაავადებების და რისკ-ფაქტორების, გავრცელების შესახებ
  • საქართველოს, ისევე როგორც სხვა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანების, ჯანდაცვის სისტემა ხშირად უფრო მეტ ყურადღებას აქცევს გადამდებ დაავადებებსა და ტრავმატიზმს, ხოლო ქრონიკული რესპირაციული დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა ან არ არის ხელმისაწვდომი ან ჯანდაცვის სისტემების მიერ მათ მინიჭებული აქვთ ნაკლები პრიორიტეტი
  • არ არის შეფასებული ქრონიკული რესპირაციული დაავადებების რეალური ტვირთი ჯანდაცვის სისტემის და საზოგადოების მიერ
  • საქართველოში მაღალია ქრონიკული რესპირაციული დაავადებების რისკ-ფაქტორების გავრცელება, როგორიცაა გარემოს დაბინძურება (შენობის შიდა და შენობის გარე მტვერი, ტყვიით მდიდარი საწვავის გამოყენება) და თამბაქოს მოხმარება
  • ქრონიკული რესპირაციულ დაავადებების მონიტორინგის სისტემა და დიაგნოსტიკური სამსახური ცუდად არის განვითარებული
  • ასთმით ავადობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, თუმცა სარწმუნო ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარებულია მხოლოდ  ბავშვებში (ISAAC)
  • ქრონიკული რესპირაციული დაავადებების რისკ-ფაქტორების მაღალი მაჩვენებლის გამო, სავარაუდოდ, ფქოდ-ის ტვირთი გაცილებით მაღალი უნდა იყოს, თუმცა ქვეყანაში ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს
  • ასთმისა და ფქოდ-ის მკურნალობა მათი პრევენციის ნაცვლად ორიენტირებულია გამწვავებების მართვაზე
  • ქრონიკული რესპირაციული დაავადებების დიაგნოსტიკა და სიმძიმის შეფასება არ არის ხელმისაწვდომი, რაც იწვევს ქრონიკული რესპირაციული დაავადებების შეცდომით ან არაზუსტ დიაგნოსტირებას
  • ქრონიკული რესპირაციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები ძვირადღირებულია
  • ქრონიკულ რესპირაციულ დაავადებათა მართვაში არ არსებობს უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამები, რაც ამცირებს ექიმების განათლების და ინფორმირების ხარისხს

 

3)   რომლებია ქრონიკული რესპირაციული დაავადებების ძირითადი სიმპტომები?

ასთმისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია ბრონქიალური მილების ანთება, წებოვანი სეკრეციის მომატებული გამოყოფით მილებში. ასთმიანი ადამიანები განიცდიან სიმპტომებს როდესაც საჰაერო გზები არის შეივწროვებული, ანთებადი ან სავსეა ნახველით. ასთმის გავრცელებული სიმპტომები მოიცავს ხველას, განსაკუთრებით ღამით, ხიხინს, ქოშინს, გულმკრედის შევიწროვებას, ტკივილს ან ზეწოლას.

 

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ასთმის გართულება საჭიროა ადრეული სიმპტომების დროული ამოცნობა და მართვა. ასთმის ადრეული სიმპტომები მოიცავს:

  • ხშირი ხველა, განსაკუთრებით ღამით
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ფიზიკური დატვირთვის ადვილად დაღლა ან სისუსტე
  • ფილტვის ფუნქციის შემცირება ან ცვლილება, პიკ ფლოუ მეტრით გაზომვისას
  • გაციების ან ალერგიის ნიშნები (ცემინება, სურდო, ხველა, ცხვირის გაგუდვა, ყელის და თავის ტკივილი)
  • უძილობა.

ფქოდ ფილტვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ამ დაავადების დროს გართულებულია სუნთქვა. არსებობს ფქოდ-ის ორი ძირითადი ფორმა:

  • ქრონიკული ბრონქიტი, რომელიც მოიცავს ხანგრძლივ ხველას ნახველით
  • ემფიზემა, რომელიც მოიცავს ფილტვების დესტრუქციას დროთა განმავლობაში.

ფქოდ-ით დაავადებულთა უმრავლესობას აღენიშნება ორივე ფორმის კომბინაცია.

ფქოდ-ის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია ქოშინის გაუარესება, ნახველიანი ხველით და ხიხინის ეპიზოდებით. სიმპტომები შეიძლება იყოს განსხვავებული, გამომდინარე იქიდან თუ რა ფქოდ-ის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე. პაციენტების უმრავლესობას აქვთ როგორც ქრონიკული ბრონქიტისათვის, ასევე ემფიზემისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.[3]

4)   რა უნდა გავაკეთო თუ ეს სიმპტომები მაწუხებს?

თუ შეგაწუხებთ ზემოთ მითითებული სიმპტომები, გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ ოჯახის/პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმთან, რომელიც გაგიწევთ შესაბამისს რეკომენდაციებს მკურნალობასთან დაკავშირებით.

 

5)      რისი გაკეთება შემიძლია ქრონიკული რესპირაციული დაავადებების თავიდან ასაცილებლად ან რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად?

ჩვენი ფილტვები საოცარ ფუნქციას ასრულებენ ყოველდღიურად. ჯანმრთელი ფილტვები და სასუნთქი გზები დიდი რაოდენობით ჟანგბადით ამარაგებენ ჩვენს სისხლს, რაც გვაძლევს საშუალებას სრულფასოვნად ვაკეთოთ ყოველდღიური საქმიანობები. ფილტვების მეშვეობით ასევე ხდება ისეთი აირების გამოდევნა, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს არ სჭირდება, მაგალითად კარბონ დიოქსიდი. არსებობს ბევრი გზა იმისათვის, რომ ჩვენი ფილტვები იყოს ჯანმრთელი და დაავადებებისაგან თავისუფალი[4]:

  • თუ თქვენ ხართ მწეველი, აუცილებელია მიმართოთ დახმარებას თავის დანებებისთვის. თუ თქვენ არ ეწევით, არ დაიწყოთ. მოწევა სერიოზული ფილტვის დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზია, როგორიცაა ფილტვის კიბო და ფილტვის ქრონიკული ობსტუქციული დაავადება (ფქოდ). სიგარეტის, სიგარის, ჩიბუხის კვამლი შეიცავს 4000-ზე მეტ მავნე ქიმიურ ნივთიერებას - მათ შორის 50 არის კიბოს გამომწვევი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მრავალი წელია ეწევით, არასოდესაა გვიან დაანებოთ თავი და გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოწევისთვის თავის დანებება არ არის მარტივი, მაგრამ ამის ბევრი გზა არსებობს. პირველადი კონსულტაცია შეგიძლიათ მიიღოთ უფასო ზარით ნომერზე: 116 001.
  • თავი დაიცავით თამბაქოს მეორადი კვამლისგან. თამბაქოს მეორადი კვამლი ქიმიური ნივთიერების კომპლექსური ნაერთია, რომელიც თამბაქოს წვის შედეგად წარმოიშობა. ზუსტად ისე, როგორც მოწევა მეორადი კვამლიც იწვევს დაავადებებსა და სიკვდილს. სიგარეტის ორი მესამედი მწეველის მიერ კი არ არის შესუნთქული, არამედ ვრცელდება მის გარშემო ჰაერში.

იმისათვის, რომ დაიცვათ თავი თამბაქოს მეორადი კვამლისგან:

  • აკრძალეთ მოწევა საკუთარ სახლში, მანქანაში და სამუშაო ადგილას
  • გამოაკარით მოწევის ამკრძალავი ნიშნები სახლში, მანქანაში და სამსახურში
  • მხარი დაუჭირეთ ბიზნესს და ღონისძიებებს, რომლებიც არის თამბაქოსაგან თავისუფალი
  • დარწმუნდით, რომ თქვენი შვილები არ იმყოფებიან მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშ აღმზრდელობით დაწესებულებებსა და მეგობრების და ნათესავების სახლებში.

იყავით ინფორმირებული ჰაერის დაბინძურების შესახებ და შეიტანეთ წვლილი ჰაერის სისუფთავეში. შენობის შიგნით და ატმოსფეროში არსებული ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით ფილტვის დაავადებების მქონე ადამიანებში. დაბინძურებულმა ჰაერმა შესაძლოა გააღიზიანოს ფილტვის ქსოვილი ან გამოიწვიოს მისი ანთება და დაზიანება. დაბინძურებული ჰაერის დაბალმა დონემაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. ბავშვებს, ხანში შესულებს და (ხანგრძლივი) ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს დაბინძურებული ჰაერით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების უფრო მაღალი რისკი აქვთ. აკონტროლეთ ადგილობრივი ჰაერის ხარისხის ინდექსი - როდესაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება არის მაღალი დარჩით შინ. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ სუფთა ჰაერი -

ü  ატმოსფეროში:

  • არ ამუშაოთ თქვენი მანქანის ძრავი უქმად და თავი აარიდეთ ღია ცის ქვეშ რაიმეს დაწვას
  • არ გამოიყენოთ პესდიციდები და სხვა ქიმიკატები თქვენს გაზონსა და ბაღში
  • გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი
  • მხარი დაუჭირეთ კანონებს, რომელთა მიზანია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება.

ü  შენობის შიგნით:

  • აკონტროლეთ ნესტი თქვენს სახლში: მაგალითად, გამოიყენეთ გამწოვი ვენტილაცია აბაზანასა და სამზარეულოში, რათა ნესტი გაიწოვოს გარეთ. შენობის შიგნით ნესტის დონე 30%-50%-ს შორის შეინარჩუნეთ.
  • შეინარჩუნეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა კარგ მდგომარეობაში: რეგულარულად გაუკეთეთ ინსპექტირება ღუმელებს, სითბოს ტუმბოებს და ცენტრალურ კონდიცირების სისტემებს და გააწმენდინეთ ისინი პროფესიონალებს საჭიროების შემთხვევაში.
  • გაწმინდეთ ზედაპირები: ნესტიანი ზედაპირები, როგორიც არის აბაზანა, საშხაპე, სამზარეულოს მაგიდა შეინარჩუნეთ სუფთად და მშრალად
  • აკონტროლეთ მტვერი (განსაკუთრებით თუ თქვენ ალერგიული ხართ ცხოველის მტვერსა და ტკიპებზე): მტვრის ტკიპები ბუდობენ მატრასებში, სავარძლებში, რბილ ავეჯსა საწოლის თეთრეულში. ყოველთვის გარეცხეთ საწოლის თეთრეული ცხელი წყლით (მინიმუმ 54.5°C), რათა დახოცოთ მტვრის ტკიპები. შეინარჩუნეთ ხალიჩები სუფთად და მშრალად.
  • გაანიავეთ: დარწმუნდით, რომ თქვენი სახლი საკმარისად იღებს სუფთა და ახალ ჰაერს. გააღეთ ფანჯრები დალაგებისას, ახალი ხალიჩის დაგებისას ან სხვა საყოფაცხოვრებო საქმის კეთებისას.

ü  დაიცავით თქვენი თავი ფილტვის ჯანმრთელობის რისკებისაგან სამუშაო ადგილზე. გარკვეულ სამუშაო ადგილებში მომუშავე ადამიანებს, როგორიცაა სამშენებლო და სამთო ინდუსტრია, ფილტვის დაავადებების (კიბო, ასთმა, ფქოდ) განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ. თუ თქვენ მუშაობისას ბევრ დროს ატარებთ მტვერთან, აზბესტთან ან ქიმიურ ნივთიერებებთან  ატარეთ დამცავი ტანისამოსი, აირ-წინაღის ჩათვლით და გაანიავეთ სამუშაო მიდამო

მნიშვნელოვანია ასევე ფილტვის მწვავე ინფექციების თავიდან აცილების ხერხების ცოდნა

  • რეგულარულად კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით. დადგენილია, რომ გავრცელებული მწვავე რესპირაციული ინფექციების (გაციება და გრიპი) 80% ხელებით ვრცელდება. თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ეს რისკი თუ გეცოდინებათ როდის და როგორ უნდა დაიბანოთ ხელები:

-         თავი აარიდეთ ანტიბაქტერიულ საპნებსა და დასაბანებს - მათმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანტიბიოტიკური რეზისტენტობა

-         გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო სითხე, როდესაც არ გაქვთ საშუალება დაიბანოთ ხელი საპნითა და წყლით

-         ასწავლეთ თქვენს შვილებს ხელის დაბანის სწორი პროცედურა

-         გამოაკარით ხელის დაბანის აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია სამუშაო ადგილზე.

 



[1] WHO, 2012. About Chronic Respiratory Diseases. available at: http://www.who.int/respiratory/about_topic/en/index.html

[2] www.ncdc.ge დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სტატისტიკური ცნობარი

[4] http://www.phac-aspc.gc.ca/cd-mc/crd-mrc/healthy_lungs-poumons_en_sante-eng.php

 

2012 წელს საქართველოში სასუნთქი ორგანოების ავადობის მაჩვენებელი ტრადიციულად მაღალი იყო; ბავშვთა ავადობის 63.7%-ს სწორედ ეს დაავადებები შეადგენდა. 2012 წელს წინა წელთან შედარებით, სასუნთქი სისტემის დაავადებების უმნიშვნელო მატება აღინიშნა, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვან ცვლილებას არ წარმოადგენს, ამიტომ შეუძლებელია იმის თქმა, რომ აღნიშნული მატება შესაძლოა,  სასუნთქი სისტემის დაავადებების ხელშემწყობი მიზეზების მართვის გაუარესებას უკავშირდებოდეს. სულ აღირიცხა 605179 შემთხვევა (პრევალენტობის მაჩვენებელი - 13476.3), მათ შორის 521947 ახალი შემთხვევა (ინციდენტობა - 11622.8). ახალი შემთხვევების 52% 15 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდიოდა. 2011 წელთან შედარებით, 2012 წელს რესპირატორული დაავადებების ინციდენტობის მაჩვენებელი ბავშვებში გაიზარდა და შეადგენდა 35900.5-ს (2011-ში - 34172.7) (სურათი #29).

 

 

სურათი #29. სასუნთქი სისტემის დაავადებათა ინციდენტობის  მაჩვენებელი საერთო პოპულაციასა და ბავშვებში, 2000 - 2012

 

 

 

2012 წელს სასუნთქი სისტემის დაავადებების დიაგნოზით სტაციონარიდან გავიდა 65177 ავადმყოფი (ლეტალობა - 1.4%), მათ შორის 40218 ბავშვი (ლეტალობა - 0.1%). უკანასკნელ წლებთან შედარებით 2012 წელს ბავშვებში ლეტალობის მაჩვენებლის კლების საგრძნობი ტენდეციაა, მიუხედავად ინციდენტობის დონის უმნიშვნელო მატებისა, რაც სავარაუდოდ მიუთითებს ბავშვებში რესპირაციული დაავადებების მართვის გაუმჯობესებაზე.

2012-ში კვლავ მაღალი იყო  პნევმონიის შემთხვევები, რაზეც სტაციონარიდან პნემონიის დიაგნოზით გასულთა რიცხვი მიუთითებს - 14216 (ლეტალობა 1.9%).  ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციების დიაგნოზით სტაციონარიდან გასულთა რიცხვი (18335) სამჯერ აღემატებოდა ქვედა სასუნთქი გზების სხვა მწვავე რესპირაციული ინფექციების დიაგნოზით გასულთა რიცხვს (6328). 2012 წელს ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებებს შორის პირველ ადგილს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება იკავებდა (სურათი 30).

 

 

სურათი #30. 2012 წელს სასუნთქი სისტემის ძირითადი დაავადებებით  სტაციონარიდან გაულთა რაოდენობა

 

 

 

2012 წელს წინა წელთან შედარებით რეგიონების მიხედვით რესპირაციული დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით სურათი არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ზოგადად ყველა რეგიონში რესპირაციული დაავადებების შემთხვევების მცირედ მზარდი ტენდენცია აღინიშნება;  რაც შეეხება პრევალენტობისა და ინციდენტობის მაჩვენებლებს, ყველაზე მაღალი დაფიქსირდა შიდა ქართლის რეგიონში: პრევალენტობა - 18018.2, ინციდენტობა - 16516.2, ხოლო ყველაზე დაბალი: სამეგრელო-ზემო სვანეთში: პრევალენტობა - 8075.7, ინციდენტობა - 6566.5. თბილისში პრევალენტობის მაჩვენებილი იყო 15145.1, ხოლო - ინციდენტობის 12736.4.

 

სურათი #31. სასუნთქი სისტემის დაავადებათა პრევალენტობა და ინციდენტობა 100000 მოსახლეზე რეგიონების მიხედვით ყველა ასაკობრივ ჯგუფში, 2012

 

 

 

 

რესპირაციული სისტემის ქრონიკული დაავადებები (CRD)

სასუნთქი სისტემის დაავადებების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რესპირაციული სისტემის ქრონიკულ დაავადებათა (CRD) ჯგუფს, რომელიც აერთიანებს ასთმას, პულმონარულ ჰიპერტენზიას და სასუნთქი სისტემის ალერგიულ, ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ და ფილტვის პროფესიულ დაავადებებს.

 

ბრონქული ასთმა

საქართველოში არსებული ოფიციალური ეპიდემიოლოგიური მონაცემების (www.ncdc.ge დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სტატისტიკური ცნობარი) მიხედვით, უკანასკნელი წლების განმავლობაში აღინიშნება ბრონქული ასთმის ახალი შემთხვევების სტაბილური მატება (გარდა 2006 წლისა, როდესაც გამოვლინდა ამ მაჩვენებლის უმნიშვნელო კლება).

 

2012 წელს საქართველოში რეგისტრირებულია ასთმისა და ასთმური სტატუსის 15861 შემთხვევა (პრევალენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 353.2), მათ შორის 3472 - ახალი შემთხვევაა (ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 77.3). 2011 წელთან შედარებით, ასთმისა და ასთმური სტატუსის პრევალენტობის მაჩვენებელი მთლიან მოსახლეობაში თითქმის არ შეცვლილა, თუმცა სავარაუდოა, რომ ბრონქული ასთმის ოფიციალურად რეგისტრირებული შემთხვევები იმაზე დაბალია, ვიდრე ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა.

 

ბავშვებში ასთმისა და ასთმური სტატუსის პრევალენტობის მაჩვენებელი 2012 წელს 194.9-ს უდრიდა, ხოლო ინციდენტობის - 46.6-ს. ასთმის რეგისტრირებული შემთხვევების წილი 0.5% იყო, ხოლო ახალი შემთხვევებისა - 0.1%.

 

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)

საანგარიშო წელს ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებათა სტრუქტურაში უდიდესი წილი ქრონიკულ და დაუზუსტებელ ბრონქიტზე მოდიოდა (პრევალენტობა - 474.0, ინციდენტობა - 201.8). ბავშვებში პრევალენტობა - 405.2-ს გაუტოლდა, ინციდენტობა - 255.5-ს.  წინა წელთან შედარებით ეს მონაცემები მოზრდილებში მატების ტენდენციას განიცდის, ხოლო ბავშვებში უმნიშვნელოდ შემცირებულია. 

 

ქირურგიული ოპერაციები სასუნთქი სისტემის ორგანოებზე

2012 წლის მონაცემებით სასუნთქი სისტემის ორგანოებზე მთლიან მოსახლეობაში ჩატარებული 1249 ოპერაციიდან ლეტალობის მაჩვენებელი 2011 წელთან შედარებით მომატებულია და 2.3%-ს შეადგენს, ნაცვლად 1%-ისა. საჭიროა ამ მონაცემის უფრო ჩაღრმავებული ანალიზი, რათა დადგინდეს, გამოწვეულია თუ არა ლეტალობის მაჩვენებლის  გაუარესება ქირურგიული ოპერაციების მართვის გაუარესებით  (ცხრილი 1).

 

 

 

 

ცხრილი #1    

ქირურგიული ოპერაციები სასუნთქი სისტემის ორგანოებზე,

საქართველო, 2012

 

 

ჩატარებული ოპერაციების რიცხვი

მათ შორის ბავშვებში

გარდაიცვალა

ლეტალობა (%)

ოპერაციები სუნთქვის ორგანოებზე

1249

189

29

2.3

მათ შორის

პულმონექტომია

153

9

3

1.9

ფილტვის წილის მოკვეთა (რეზექცია)

100

13

 0

0

ფილტვის სეგმენტის მოკვეთა (რეზექცია)

238

22

14

5.9

ოპერაციები ხორხზე

63

 

 

 

სასულეს რეზექცია

1

1

 0

0

ბრონქის რეზექცია

17

5

 0

0

პლევრის რეზექცია

153

9

3

1.9

 

 

ჯანმო-ს მონაცემებით 2008-2012 წლებში საქართველოში რესპირაციული სისტემის დაავადებების სტანდარტიზებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე თითქმის სამჯერ დაბალია ევროკავშირის, ევროპის, დსთ-ს ქვეყნების მაჩვენებლებზე; ბოლო ხელმისაწვდომი წლების (2009-2010) მონაცემებით საქართველოში ამ მაჩვენებელმა 14.78-დან 9.67-მდე დაიწია, მაშინ როცა ამავე წლებში ევროპის რეგიონში ეს სიდიდე 46-სა და 43-ს შორის მერეყეობდა. დსთ-ს ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი რამდენადმე მაღალია და ყოვეწლიურად სტაბილურად საშუალოდ 50-ის ფარგლებში მერყეობს (სურათი 32).

 

სურათი  #32. რესპირაციული სისტემის  დაავადებათა სტანდარტიზებული სიკვდილიანობის მაჩვნებელი 100000-ზე, ყველა ასაკი, საქართველოში, ევროპის რეგიონში, ევროკავშირსა და დსთ-ს ქვეყნებში, 2008-2011

     

 

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ბრონქიტის/ემფიზემის/ასთმის მიზეზით გამოწვეული სტანდარტიზებული სიკვდილობის მაჩვენებლის ტენდენცია ევროპის რეგიონის, ევროკავშირის, დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს შორის მკვეთრად განსხვავებულია. მაშინ როდესაც, ადრეულ 80-იან წლებში ეს მაჩვენებელი თითქმის ერთნაირი იყო ყველგან, 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში მაჩვენებლების მკვეთრი კლება აღინიშნება, რაც, სავარაუდოდ, რეალობას არ წარმოადგენს, არამედ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებს და განსაკუთრებით, მონაცემების შეკრების ხარვეზებს უკავშირდება (სურათი 33).

 

 

 

სურათი #33. ბრონქიტი/ემფიზემა/ასთმის სტანდარტიზებული სიკვდილიანობის მაჩვნებელი 100000-ზე, ყველა ასაკი, საქართველოში, ევროპის რეგიონში, ევროკავშირსა და დსთ-ს ქვეყნებში, 1980-2010

 

 

 

 

სავარაუდოდ, ასეთი დიდი სხვაობა საქართველოს, ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებს შორის, ასევე განპირობებულია საქართველოში ფქოდ-ის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარვეზებით, კერძოდ, ფქოდ-ის დიაგნოზის არასწორი დასმით. აღსანიშნავია, რომ მაღალი შემოსავლების ქვეყნებში ფქოდ-ით გამოწვეული სიკვდილიანობა მე-3 ადგილზეა, საშუალო შემოსავლების ქვეყნებში - მე-7 - მე-8 ადგილზე, ხოლო დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ათეულშიც არ შედის. ამის მიზეზი არა დაავადების რეალურად დაბალი გავრცელება, არამედ მისი დიაგნოსტირების და რეგისტრაციის ხარვეზებია (სურათი 34).

 

 

სურათი #34. ფილტვის ქრონიკული ობსტუქციული დაავადების პრევალენტობა %, საქართველო, ევროკავშირი, ევროპის რეგიონი, დსთ 2008-2011

 

 

 

 

 

ინფორმცია ფქოდ-ის რეალური პრევალენტობის, ავადობისა და სიკვდილიანობის შესახებ ძირითადად მაღალ შემოსავლიანი ქვეყნებიდან მოდის, რადგან ამ ინფორმაციის შეგროვება საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცესია. თუმცა, ცნობიალია რომ ფქოდ-ით გამოწვეული სიკვდილიანობის თითქმის 90% რეალურად დაბალი და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ვლინდება.[2] აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს 2008-2009 წლებში საქართველოში რესპირაციული დაავადებების წინააღმდეგ გლობალური ალიანსის (GARD) მიერ ჩატარებული კვლევაც, რომელმაც საქართველოს 10-ზე მეტი რეგიონი მოიცვა უკვე და რომლის მიხედვითაც ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების პრევალენტობა ხუთჯერ აღემატებოდა ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებს. აღნიშნული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებისათვის აუცილებელია ტრენინგის ჩატარება, განსაკუთრებით ფქოდ–ის და ასთმის შესახებ; ასევე, მოსახლეობის ძალიან დაბალი ინფორმირების გათვალისწინებით, აუცილებელია, საზოგადოების განათლების ღონისძიებების დაწყება.



[1]WHO, 2012.About Chronic Respiratory Diseases. available at: http://www.who.int/respiratory/about_topic/en/index.html

 

[2]WHO, 2012. Chronic Respiratory Diseases, Burden of COPD. available at: http://www.who.int/respiratory/copd/burden/en/index.html