შაქრიანი დიაბეტი

1)   რას წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტი

ტერმინი „შაქრიანი დიაბეტი“  მრავლობითი ეტიოლოგიის ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს ნიშნავს, რომლისთვის დამახასიათებელია ქრონიკული ჰიპერგლიკემია ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმის დარღვევებით ინსულინის სეკრეციის და/ან ინსულინის მოქმედების დარღვევის შედეგად.  შაქრიანი დიაბეტის კლასიფიკაცია მოიცავს ოთხ კლინიკურ კლასს: ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, ვითარდება ბეტა-უჯრედების დესტრუქციის შედეგად, ჩვეულებისამებრ, იწვევს ინსულინის სრულ უკმარისობას; ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ვითარდება ინსულინის სეკრეციის მნიშვნელოვანი მოშლის შედეგად, ინსულინის მიმართ რეზისტენტობის ფონზე; გესტაციური შაქრიანი დიაბეტი, რომლის დიაგნოსტირება ხდება ორსულობის დროს და ის არ  მიეკუთვნება კლინიკურად გამოვლენილ შაქრიან დიაბეტს; შაქრიანი დიაბეტის სხვა ტიპები, გამოწვეული გენეტიკური დეფექტებით, გარკვეული სახის მედიკამენტებით, ქიმიური ნივთიერებებით  (რომლებიც ანადგურებს ბეტა უჯრედებს), ინფექციებით, დიაბეტთან ასოცირებული იშვიათი გენეტიკური სინდრომით.

http://www.who.int/diabets.

www.idf.org/global-diabetes-plan-2011-2021

 

2)   რატომ არის საყურადღებო Saqriani diabeti

დაავადების გავრცელება ქვეყანაში საკმაოდ მაღალია და წლიდან წლამდე მზარდია. 2008 - 2012 წლებში დიაბეტის ინციდენტობისა და პრევალენტობის მაჩვენებლები ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, rac შესაძლებელია დაუკავშირდეს სადაზღვევო პროგრამების გაფართოების და პროფილაქტიკური გამოკვლევების გახშირების ფონზე ავადმყოფთა გამოვლენის მომატებას.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის ინციდენტობის მაჩვენებლები 100000 მოსახლეზე უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ვარირებდა 61-დან 82.8-ის ფარგლებში, აღნიშნული ცვალებადობა შესაძლოა უკავშირდება არასრულყოფილი რეგისტრირების სისტემას.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევაში სახეზეა ინციდენტობის მატება - უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი 1.7-ჯერ გაიზარდა, ხოლო წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით - 1.2-ჯერ. რისკის ფაქტორებს შორის აღსანიშნავია სიმსუქნე, ჭარბი წონა (სმი ≥25კგ/მ2), დაბალი ფიზიკური აქტივობა, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი პირველი თაობის ნათესავებში, მშობიარობა დიდი ნაყოფით, ჰიპერტენზიის  (>140/90მმ ვერცხ.სვ) ანამნეზში არსებობა ან ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ხშირი გამოყენება.

http://www.ncdc.ge/

 

3) შაქრიანი დიაბეტის ძირითადი სიმპტომები

დიაბეტის კლასიკური სიპტომებია პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა (უმთავრესად - ღამით), ძლიერი სისუსტე, ადვილად დაღლა, წონის კლება, გაძლიერებული მადა, ინფექციებისადმი მიდრეკილება (ფურუნკულოზი), მამაკაცებში - ლორწოვანი გარსის ანთება, ქალებში - სასქესო ორგანოს მიდამოს ქავილი.

http://www.who.int/diabets.

www.idf.org/global-diabetes-plan-2011-2021

 

4)   რა გართულებებს იწვევს შაქრიანი დიაბეტი?

დიაბეტი ზრდის გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს; სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან კომბინაციაში ქვემო კიდურების ნეიროპათია ზრდის ტერფზე წყლულების გაჩენის შესაძლებლობას  და საბოლოო ჯამში, კიდურების ამპუტაციის რისკს; იწვევს დიაბეტურ რეტინოპათიას, რომელიც  სიბრმავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს; დიაბეტი თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია; დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა სიკვდილიანობის საერთო რისკი 2-ჯერ აღემატება იგივე ასაკის დიაბეტის არმქონე პირთა სიკვდილიანობის რისკს.

http://www.who.int/diabets.

www.idf.org/global-diabetes-plan-2011-2021

 

5)   რა უნდა გავაკეთო, თუ ეს სიმპტომები მაწუხებს?

თუ აღნიშნული სიმპტომები შეგაწუხებთ, უნდა მიაკითხოთ ოჯახის/პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმს, რომელიც გაგიწევთ შესაბამის რეკომენდაციებს. ამასთან, უნდა იცოდეთ, რომ

საქართველოში მოქმედებს „დიაბეტის მართვის სახელწიფო პროგრამა“, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

­   დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურებას;

­   სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას (რომელიც გულისხმობს ინსულინდამოკიდებულ პაციენტებში მედიკამენტის დოზის კო­რექ­ციისათვის ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობასა და პროგ­რა­მის მოსარგებლეების შესაბამის სამედიცინო განათლებას);

­   შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა სპეციფიკური მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას;

­   დიაბეტით დაავადებულ პირთათვის სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემას.

http://www.ncdc.ge/