ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი ნორვეგიიდან 27.05.2017

2017 წლის 27 მაისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში სტუმრად იმყოფებოდნენ ნორვეგიის სამეფოს, სონ ოგ ფიორდანეს (Sogn og Fjordane) მუნიციპალიტეტის და ბერგენის უნივერსიტეტის გლობალური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, პროფესორ პერ შტეინარ სტენსლანდის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, არსებული გამოწვევების, მათი გადაჭრის გზების განხილვა და სამომავლო თანამშრომლობის დასახვა.

ნორვეგიის და საქართველოს თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის მანძილზე წარმატებით განხორციელებულ იქნა მრავალი პროექტი, რომელთაგანაც ერთ-ერთია დაბადების სამედიცინო რეგისტრი. ნორვეგიის ტრომსოს არქტიკული უნივერსიტეტის დახმარებით წარმატებით დანერგილი “ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონული მოდული” 2016 წლიდან იძლევა მთელი ქვეყნის მაშტაბით საშუალებას, რომ მოხდეს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ანტენატალური და სამეანო მომსახურების ზედამხედველობა. გარდა ამისა, განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეეგიული ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ცენტრის და ტრომსოს არქტიკული უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარეობს სამი სადოქტორო კვლევა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით.

შეხვედრის მსვლელობისას, ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სტუმრებს გააცნო ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მოწყობა, მიმდინარე პრევენციული და სამკურნალო პროგრამები, სამეცნიერო კვლევები და მომავლის მიზნები. ასევე, მან ხაზი გაუსვა ნორვეგიის სამეფოს როლს და მის მხარდაჭერას საქართველოს ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი.

შეხვედრის მანძილზე ნორვეგიელი კოლეგების მიერ აღნიშნულ იქნა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მიმართ მათი დიდი ინტერესი და განხილული იქნა ბერგენის უნივერსიტეტის შესაძლო ჩართულობა საქართველოს პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შემდგომ განვითარებაში.

ნორვეგიელ სტუმრებთან შეხვედრაში ცენტრის მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ ბ-ნი რამაზ ურუშაძე, ქ-ნი ირმა ხონელიძე, ბ-ნი ალექსანდრე ტურძილაძე და ქ-ნი ნათია სხვიტარიძე.

 

იხილეთ ფოტოალბომი