მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე

World No Tobacco Day 

ყოველწლიურად, 31 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორები აღნიშნავენ მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე. ამ დღეს ძირითადი ყურადღება ეთმობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ, თამბაქოს გამოყენებით გამოწვეულ რისკებს და ეფექტური პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფას, რომელიც მიმართულია თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ.

2017 წლის „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე“-ს თემაა

თამბაქო - საფრთხე განვითარებისათვის! 

მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე 2017-ის მიზნები

  • ხაზი გაესვას მდგრადი განვითარების მიზნების უზრუნველყოფასა და თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს შორის მნიშვნელოვანი კავშირის არსებობას
  • მოვუწოდოთ ქვეყნებს ჩაერთონ თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში 2030 წლისათვის მისაღწევი მდგრადი განვითარების მიზნების უზრუნველსაყოფად
  • გამოეცხადოს მხარდაჭერა ყველა სახელმწიფოს მმართველობასა და საზოგადოებას პოლიტიკურ პროცესებში თამბაქოს ინდუსტრიის ჩაურევლობის მოთხოვნის მიმართულებით
  • ხელი შეეწყოს ფართომაშტაბიან ღონისძიებებს, საზოგადოებისა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართვას ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე ისეთი  სტრატეგიებისა და პოლიტიკის  შემუშავებასა და აღსრულებაში, რომლებიც უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლას ანიჭებენ
  • აჩვენოს თითოეულ ადამიანს, როგორ მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს თამბაქოსგან განთავისუფლებაში, საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობით არასდროს არ მოწიოს, დაანებოს თავი თამბაქოს გამოყენებას, დაიცვას საკუთარი და სხვისი უფლებები

 

თამბაქოს კონტროლი ხელს უწყობს ჯანმრთელობას და განვითარებას

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭონ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს, როგორც 2030 წლისათვის მისაღწევი მდგრადი განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთ  უმნიშვნელოვანეს მიზანს.

თამბაქოს წინააღმდეგ მიმართული წარმატებული ბრძოლა ყველა ქვეყანას მოუტანს სარგებელს, პირველ რიგში, თამბაქოს კვამლის მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვით და ასევე შეამცირებს ქვეყნის ეკონომიკურ დანაკარგებს. მდგრადი განვითარების მე-17 მიზნის უზრუნველყოფა გულისხმობს, რომ არავინ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე.

თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა ითვლება ერთ-ერთ ეფექტურ ღონისძიებად მდგრადი განვითარების მიზნების - 3.4 მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს 2030 წლისათვის არაგადამდები დაავადებებით განპირობებული სიკვდილიანობის სამჯერ შემცირებას, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ონკოლოგიური დაავადებების, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების შემცირებას. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის აღსრულების ხელშეწყობა და გაძლიერება წარმოადგენს მდგრადი განვითარების კიდევ ერთ 3a მიზანს. 

თამბაქოს კონტროლი ხელს უწყობს მდგრადი განვითარების სხვა მიზნების უზრუნველყოფას

თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა შეამცირებს არასასურველი ეკოლოგიური შედეგების განვითარებას - თამბაქოს მოყვანის, წარმოების, ვაჭრობის და მოხმარების შემცირებით. თამბაქოს წინაარმდეგ ბრძოლა ხელს შეუწყობს უკიდურესი შიმშილის და სიღარიბის აღმოფხვრას, სოფლის მეურნეობის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას, და შეაფერხებს კლიმატის არასასურველ ცვლილებებს. თამბაქოს ნაწარმზე გაზრდილი გადასახადების შედეგად ბიუჯეტში შესული თანხა შესაძლოა გამოყენებული იქნეს საყოველთაო ჯანდაცვის ფინანსური უზრუნველყოფისათვის და განვითარების სხვა პროგრამების უზრუნველსაყოფად.

თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერება ხელეწიფება არამხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი თამბაქოს გლობალური ეპიდემიის შეჩერების საქმეში, ადამიანებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა - არასოდეს გამოიყენონ თამბაქო, ხოლო მწეველებს შეუძლიათ უარი თქვან ამ მავნე ჩვევაზე და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ კვალიფიციურ დახმარებას. ამით ხელს შეუწყობენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და, ასევე, დაიცავენ იმ ადამიანების  ჯანმრთელობას, ვინც მათი მწეველობის შედეგად მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. თანხები, რომლებიც დაიზოგება თამბაქოს მიტოვების შედეგად შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სხვადასხვა საჭიროებებისათვის; მათ შორის, ჯანსაღი საკვები პროდუქტების, ჯანდაცვისა და განათლების  უზრუნველსაყოფად. 

ძირითადი ფაქტები თამბაქოს, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების და მდგრადი განვითარების  მიზნების შესახებ

თამბაქოს გამოყენების შედეგად ყოველწლიურად იღუპება 7 მილიონი ადამიანი, თუ არ მოხდა თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერება 2030 წლისათვის ეს რიცხვი მიაღწევს 8 მილიონს. თამბაქოს გამოყენება წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს ნებისმიერი ადამიანისათვის, მიუხედავად მისი ასაკისა, სქესისა, რასისა, განათლებისა და ეკონომიკური მდგომარეობისა. ის განაპირობებს ინვალიდობას, ავადობას, სიკვდილიანობას, ოჯახებისა და ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას

თამბაქოს მოხმარება განაპირობებს ქვეყნებისათვის უდიდეს ეკონომიკურ ზარალს, რაც განპირობებულია ჯანდაცვაზე ხარჯების ზრდითა და შრომისუნარიანობის და პროდუქტიულობის დაქვეითებით. ნაადრევი სიკვდილიანობის შემთხვევათა 80% მოდის დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებზე, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ამ ქვეყნების ეკონომიკურ  მდგომარეობას.

თამბაქოს პლანტაციების მოსავლელად საჭიროა სხვადასხვა პესტიციდებისა და სასუქების გამოყენება , რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს  მავნე პროდუქტებს და იყოს ჯანმრთელობისათვის საშიში. ყოველწლიურად თამბაქოს პლანტაციებისთვის ამუშავებენ 4.3 მილიონ ჰექტარ მიწას, რაც განაპირობებს ტყის მასივის გლობალურ განადგურებას. გარდა ამისა, თამბაქოს წარმოების პროცესში ყოველწლიურად რჩება 2 ტონამდე მყარი ნარჩენი.

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია მიმართავს ყოველმხრივ ძალისხმევას მთელ მსოფლიოში თამბაქოს ეპიდემიის წინააღმდეგ. ჩარჩო კონვენციას მიერთებულია 179 ქვეყანა და ევროკავშირი. დღეისათვის მსოფლიოს ქვეყნების დაახლოებით ნახევარმა, სადაც  ცხოვრობს 2.8 მილიარდი ადამიანი, კონვენციის ფარგლებში  ერთი ღონისძიება მაინც განახორციელა უმაღლეს დონეზე.

თამბაქოს ნაწარმზე გადასახადის ზრდა 1 დოლარით, მთელ მსოფლიოს მოუტანს დამატებით 190 მილიარდ დოლარს. თამბაქოს ნაწარმზე გადასახადის ზრდა უზრუნველყოფს სახელმწიფო შემოსავლების ზრდას და განაპირობებს ფინანსური რესურსების ძირითად წყაროს, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფოების განვითარებისათვის.