შეხვედრა სტუდენტებთან - მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის 04.07.2017

2017 წლის 4 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თსსუ ადმინისტრაციის ორგანიზებით სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით

მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის - მოძრაობა C ჰეპატიტის გარეშე

შეხვედრას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები. ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, ვიცე-რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები.

შეხვედრაზე ბატონმა ამირან გამყრელიძემ სტუდენტებს გააცნო საქართველოსა და სხვა ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობა C ჰეპატიტის გავრცელების შესახებ. ისაუბრა იმ შანსზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში. მან აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არიან მოქალაქეები, რომლებმაც არ იციან საკუთარი დაავადების შესახებ.

ტრენინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიერ მოხდა პრეზენტაციების წარდგენა.
C ჰეპატიტის სკრინინგის გაფართოების, ბავშვების იმუნიზაციით მოცვის, ორსულთა ანტენატალური სერვისებით მოცვის, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისათვის სამიზნე ჯგუფების სკრინინგით მოცვის გაზრდისა და თამბაქოს მავნე ზემოქმედების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით პროფესორ-მასწავლებელთა მობილიზება, სტუდენტების და პირველადი ჯანდაცვის სექტორის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის განხორციელებისათვის.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია თითოეული თბილისელისათვის ზემოაღნიშნული სერვისებისადმი ხელმისაწვდომობისა და გამოყენების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

შეხვედრაზე სტუდენტებს დაურიგდათ ზემოაღნიშნული თემების მიხედვით ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო ბუკლეტები.

 

იხილეთ ფოტოალბომი