ხშირად დასმული კითხვები ფოლის მჟავასთან დაკავშირებით:

კითხვა: რას წარმოადგენს ფოლის მჟავა და რატომაა ის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისათვის?

პასუხი:  ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლ-წარმოქმნისა და ნერვული სისტემისათვის. ფოლის მჟავა (ფოლატი)  პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოება.

ორსულებში ფოლის მჟავას ნაკლებობა (დეფიციტი) განაპირობებს ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის განვითარების მანკების წარმოშობას. ამდენად, დედის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია ახალშობილის ჯანმრთელობისათვის.

ნერვული მილის ყველაზე გავრცელებული დეფექტებია:

  • “Spina bifida” (ზურგის ტვინის  თიაქარი, ზურგის ტვინისა და ხერხემლის განვითარების მძიმე თანდაყოლილი დეფექტი)  - ნაყოფის ხერხემალი სრულად ვერ ფარავს ზურგის ტვინს, რის შედეგადაც დარღვეულია ზურგის ტვინის ფუნქცია.  ზურგის ტვინის თიაქრით დაბადებულ ბავშვებს მთელი სიცოცხლის მანძილზე პრობლემები აქვთ და საჭიროებენ მრავლობით ქირურგიულ ჩარევას.
  • ანენცეფალია - თავის ტვინის განუვითარებლობა ან არასრული განვითარება. ანენცეფალიის მქონე ბავშვები კვდებიან დაბადებამდე ან მალევე დაბადების შემდეგ.
  • თავის ტვინის თიაქარი (encephalocele) - თავის ქალის ღიაობის გამო ტვინის ქსოვილის კანქვეშ გამოსვლა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება დედამ გააკეთოს ნაყოფის დეფექტების პრევენციის მიზნით, არის ფოლის მჟავას ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით მიღება, განსაკუთრებით, ჩასახვის წინა და ორსულობის პერიოდში.

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ქალებში, რომლებიც ორსულობის წინ და ორსულობის პერიოდში ყოველდღიურად იღებენ 400 მკგ (0.4 მგ) ფოლის მჟავას, ნაყოფის ნერვული ღეროს სერიოზული დეფექტების განვითარების რისკი 50-70%-ით შემცირებულია.

დაავადების გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის არასრულფასოვანი (ფოლატით ღარიბი) კვება. ფოლის მჟავას დეფიციტი ხშირია, როდესაც საკვებად არ იყენებენ ხორცს, ბოსტნეულს კი თერმულად დიდხანს ამუშავებენ. 

ფოლატი შედის როგორც მცენარეულ ისე ცხოველურ პროდუქტებში. აღსანიშნავია, რომ ქალისა და ძროხის რძე შეიცავს ფოლატების დაახლოებით თანაბარ რაოდენობას (50 ნგ/გ), ხოლო თხის რძეში მისი რაოდენობა 8-ჯერ ნაკლებია. ფოლის მჟავა თერმოლაბილურია, რის გამოც კულინარიული დამუშავებისას ფოლატების 50% იშლება, ამიტომ მისი დეფიციტის თავიდან ასაცილებად აუცილებელია უმი ბოსტნეულისა და ხილის მიღება.

 

კითხვა: ფოლის მჟავას მიღების რა პერიოდებია ოპტიმალური ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში?

პასუხი: ნერვული მილის დეფექტები ვითარდება ორსულობის პირველი 28 დღის განმავლობაში - ჩვეულებრივ, სანამ ქალი გაიგებს, რომ იგი ორსულადაა.სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფოლის მჟავას მიღება რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც გეგმავს დაორსულებას. ცნობილია, რომ ორსულობათა საშუალოდ 50% დაუგეგმავია (საქართველოში, 2010 წლის RHS კვლევის მონაცემებით, ბოლო ორსულობის 36 % იყო დაუგეგმავი; 2005 წელს ეს მაჩვენებელი იყო 52%;  ხოლო 1999 წელს - 59%). ყველა ქალი, ვინც კი შესაძლებელია, რომ დაორსულდეს, უნდა იღებდეს ფოლის მჟავას, სასურველია დაორსულებამდე 1 წლის განმავლობაში მაინც (სულ მცირე 3 თვის განმავლობაში) და ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში .

 

კითხვა: კიდევ რა ნიშნებით ხასიათდება ფოლატების დეფიციტი?

პასუხი: ფოლატების დეფიციტის ნიშნებია: ზრდის შეფერხება ბავშვებში; ანემია მოზრდილებში; საჭმლის მონელების პრობლემები - დიარეა, უმადობა, წონაში კლება; სისუსტე და ადვილად დაღლა; მტკივნეული ენა; თავის ტკივილი; გულის რითმის დარღვევები; გაღიზიანებადობა და გულმავიწყობა.

კითხვა: ვინ წარმოადგენს რისკის ჯგუფს?

პასუხი: დაავადების რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან ერთ წლამდე ასაკის ბავშვები, მოზარდები, და ორსულები. ვინაიდან ამ პერიოდში გაზრდილია მოთხოვნილება ფოლატებზე.

 

კითხვა: რომელი პროდუქტები შეიცავს ბუნებრივად ფოლის მჟავას?

პასუხი: ფოლის მჟავა ბუნებრივად, საკვებ პროდუქტებში წარმოდგენილია ფოლატების სახით. მათ დიდი რაოდენობით  შეიცავს: მუქ-მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, ბროკოლი, სალათის ფურცელი, მწვანე სოიო, ოხრახუში), პარკოსნები, სატაცური, ხილი (ბანანი, შავი მოცხარი, კივი, ფორთოხალი, ფეიხოა), სოკო, ხორცი (საქონლის ღვიძლი და თირკმელი), თევზი, ხიზილალა, პომიდორი. 

კითხვა: რამდენად ხელმისაწვდომია ფოლის მჟავა საქართველოში?

პასუხი: საქართველოს სააფთიაქო ბაზარზე ფოლის მჟავა საკმაოდ იაფია  და ხელმისაწვდომია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის (თვის სამყოფი რაოდენობა არ აღემატება 2 ლარს)

კითხვა: კიდევ რა დადებითი ეფექტი აქვს ფოლის მჟავას მიღებას?

პასუხი: ყველა ადამიანი საჭიროებს ფოლის მჟავას. იგი გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს: როგორიცაა მეხსიერების დაკარგვა, ალცჰეიმერის დაავადება, სმენის ასაკობრივი დაქვეითება, ასაკობრივი მხედველობის პრობლემა, ოსტეოპოროზი, ძილის პრობლემები, დეპრესია, ნევრალგია, კუნთების ტკივილი, შიდსი, კანის დაავადება - ვიტილიგო; ასევე გამოიყენება დაბერების ნიშნების შემცირების მიზნით.

ფოლის მჟავას დეფიციტი ხელს უწყობს აგრეთვე ანემიის განვითარებას. მდგომარეობა გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით: დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, გულმავიწყობა, უმადობა, ადვილად გაღიზიანებადობა, წონაში კლება. ფოლის მჟავის დეფიციტის დროს ასევე იმატებს ინფარქტისა და ინსულტის რისკი, კიბოს ზოგიერთი ფორმის (მაგ., კუჭის კიბო) რისკი, მამაკაცებში უნაყოფობის რისკი და სხვ.

კვლევებით დასტურდება, რომ ფოლის მჟავა ასევე ხელს უშლის სხვა დეფექტების განვითარებას, როგორიცაა კურდღლის ტუჩი, მგლის ხახა და გულის ზოგიერთი მანკი. არსებობს კვლევები, რომელიც ამტკიცებს ფოლის მჟავას მნიშვნელობას ინსულტის, ნეირობლასტომის და ლეიკოზების პრევენციისათვის.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ფოლის მჟავას საკმარისი რაოდენობით მიღება კარგად დაბალანსებული მრავალფეროვანი კვებით? და როდისაა საჭირო ფოლის მჟავას დამატებითი მიღება?

პასუხი: ფოლატის საჭირო რაოდენობის მიღება შესაძლებელია დაბალანსებული (ფოლატის მაღალი შემცველობის პროდუქტით) კვების საშუალებით.  თუმცა ამ პროდუქტების არასაკმარისად მიღების ან გაზრდილი საჭიროების მდგომარეობების დროს, ადამიანებმა, რომლებიც არიან ფოლის მჟავას დეფიციტის რისკის ქვეშ, დამატებით უნდა მიიღონ ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტები ან ფოლის მჟავას პრეპარატები.

სინთეზური ფოლის მჟავა უკეთესად შეითვისება, ვიდრე საკვებით მიღებული. ორსულებმა უნდა მიიღონ 600 მკგ, მეძუძურებმა 500 მკგ, დანარჩენებმა 400 მკგ დღეში. მეცნიერული გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ადამიანების უმეტესობა იმაზე ნაკლებ ფოლატებს მოიხმარს ვიდრე მას ესაჭიროება. ამის გამო მე-20 საუკუნის ბოლოდან ბევრ ქვეყანაში მიღებულ იქნა კანონი საკვები პროდუქტების აუცილებელი ფორტიფიკაციის შესახებ. ფოლის მჟავით პურისა და სხვა პროდუქტების ფორტიფიცირებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიის რიცხვი, ორსულობისა და მშობიარობის გართულებები, ნერვული სისტემის პათოლოგიები ახალშობილებში. აშშ-ში, კანადაში, ინგლისში ფორტიფიკაციამ კარგი შედეგი გამოიღო აგრეთვე გულის კორონალური პათოლოგიის შემცირებაში.

ფოლის მჟავას დამატებითი მიღების საჭიროების მიზეზები შეიძლება იყოს:

  • ბუნებრივი წყაროებიდან ფოლატის არასაკმარისი რაოდენობით მიღება
  • მდგომარეობები, რომლებიც ფოლატისადმი მოთხოვნილების ზრდას განაპირობებენ (ორსულობა, ალკოჰოლიზმი, ანემია და ზოგიერთი მედიკამენტის მიღება)
  • მდგომარეობები, რომლებიც ფოლატის შეწოვას აფერხებენ
  • დიდი რაოდენობით ფოლატის გამოყოფა