ლაიმის დაავადება (ბორელიოზი)

რა არის ლაიმის (ბორელიოზი) დაავადება?

ლაიმის დაავადება ტკიპებით გადაცემადი ზოონოზია. მისი გამომწვევია სპიროქეტა (ძირითადად Borrelia burgdorferi). ბორელიოზი შეიძლება გამოვლინდეს სხვადსხვა კლინიკური მანიფესტაციით, მათ შორის: დერმატოლოგიური, რევმატოიდული, ნევროლოგიური და კარდიოლოგიური პათოლოგიებით. დაავადების ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ე.წ. გარდამავალი ერითემა - Erythema migrans (EM), რომელიც პაციენტთა 60-80 %-ს აღენიშნება. მისი დადგენა უდიდეს დიაგნოსტიკურ ღირებულებას წარმოადგენს.

ადამიანის დაავადება ხდება დასნებოვნებული ტკიპის ნაკბენით. ტკიპა კბენის შემდეგ ადამიანის სხეულის  ზედაპირზე ფიქსირდება, თუმცა იგი უხშირესად ძნელად შესამჩნევ ადგილებზე გვხვდება. დაავადების მატარებელი ტკიპის მიერ ადამიანის დაინფიცირების რისკი მცირეა ტკიპის კბენიდან პირველ საათებში, თუმცა იგი იზრდება კბენიდან 36  საათის განმავლობაში.

როგორ უნდა გავიგო ვარ თუ არა ლაიმის (ბორელიოზი) დაავადებით  დაინფიცირებული?

ბორელიოზის ტიპიურ  შემთხვევაში წამყვანი კლინიკური ნიშნებია:  გარდამავალი ერითემა, რომელიც იწყება წითელი მაკულო-პაპულოზური გამონაყრით და დროთა განმავლობაში მატულობს ზომაში.  შესაძლებელია ცენტრში ფერი ნაწილობრივ შეიცვალოს. მისი დიამეტრი, როგორც წესი 5 სმ-ს აჭარბებს. პაციენტების უმრავლესობაში ასევე აღინიშნება სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა: დაღლილობა, ცხელება, თავის ტკივილი, ხოლო მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში შეიძლება კისრის კუნთების რიგიდობა, ართრალგია და მიალგია განვითარდეს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ანამნეზში არ აღნიშნავს ტკიპებთან ექსპოზიციას, რეკომენდებულია მოხდეს დიაგნოზის ლაბორატორიული დადასტურება.

როგორია ლაიმის დაავადების (ბორელიოზი) გავრცელება საქართველოში?

ლაიმის დაავადება გავრცელებულია აშშ-ში, ევროპაში, ასევე იგი აღმოჩენილია იაპონიაში, ჩინეთში, რუსეთში და მონღოლეთში. ლაიმის დაავადება საქართველოსთვის ენდემურია და არაერთი წლის განმავლობაში ფიქსირდება. შემთხვევები ძირითადად აღწერილია ქვეყნის ცენტრალურ და ზღვისპირა რეგიონებში.

რამდენად საყურადღებოა ლაიმის (ბორელიოზი) დაავადება?

დაავადების სამ სტადიას გამოყოფენ: 1) ლოკალიზებული, 2) დისემინირებული და 3) პერსისტენტული. პირველ სტადიას ახასიათებს ერითემატოზული გამონაყარი, რომლის მიხედვითაც ისმება დიაგნოზი. თუმცა სხვა სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში (იშვიათად შეიძლება წვის შეგრძნება ჰქონდეს ნაკბნების მიდამოში) შესაძლებელია გამონაყრის უგულებელყოფა (ევროპაში შემთხვევების 64 %-ს არ ახსოვს კბენის პროცესი), რის შემდეგაც დაავადება რთულდება და 2-3 კვირის შემდეგ გადადის მეორე სტადიაში. ამ დროს ხდება სპიროქეტის დისემინირება. ახასიათებს ნერვული სისტემის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, ვითარდება მენინგიტი, რომელიც გამოიხატება თავის ტკივილით და კისრის კუნთების რიგიდობით (თუმცა იშვიათად ახასიათებს ბაქტერიული მენინგიტისათვის დამახასიათებელი კერნიგის და ბრუძინსკის ნიშნები) პაციენტი უჩივის დაღლილობას და ზოგად სისუსტეს, ასევე აღენიშნება ართრიტი, სახსრების გარდამავალი ტკივილი. საკმაოდ ხშირია კრანიალური ნერვების დამბლა, ნახევარზე მეტ შემთხვევაში აღინიშნება სახის ნერვის ცალმხრივი ან ორმხრივი დამბლა. დამბლის ხანგრძლივობა რამდენიმე დღიდან 2 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს. რამდენიმე თვეში დაავადება განიცდის რეგრესს, მაგრამ შესაძლებელია იგი გართულდეს და გადავიდეს მესამე ფაზაში. ამ ფაზაში შეიძლება განვითარდეს მსხვილი სახსრების მორეციდივე ოლიგოართრიტი, ქრონიკული მენინგოენცეფალიტი, რომელსაც ახასიათებს ატაქსია, სპასტიური პარეზი, კოგნიტური დისფუნქცია, ყურადღების ნაკლებობა, კონცენტრაციის სიძნელე.

ინკუბაციური პერიოდი

ლაიმის (ბორელიოზი) დაავადების ინკუბაციური პერიოდი განისაზღვრება ტკიპის ინვაზიის შემდგომ, რამოდენიმე დღიდან ერთ თვემდე.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული ლაიმის (ბორელიოზი) შემთხვევები?

პრევენციული ზომები:

1.     ტკიპების გავრცელების ზონებისგან თავის არიდება შეძლებისდაგვარად, ექსპოზიციის შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანა, ღია ფერის ტანისამოსის ტარება, რომელიც დაფარავს ზედა და ქვედა კიდურებს, ისე რომ ტკიპები ადვილად იქნან აღმოჩენილი.

2.     ტკიპებით ინვაზირებულ ზონებში მუშაობის ან თამაშის შემთხვევაში ყოველდღიურად შეიმოწმეთ სხეულის მთლიანი ზედაპირი. არ უგულებელყოთ თმიანი ადგილების შემოწმება და მოიშორეთ ტკიპები დაუყოვნებლივ. ტკიპები მოიცილეთ ფრთხილად, პინცეტის კანთან მჭიდროდ მიმაგრებით, ისე რომ მოცილებისას არ მოხდეს ტკიპის თავის რაიმე ნაწილის ჩარჩენა. ტკიპების მოშორებისას გამოიყენეთ ხელთათმანები, ნაჭერი ან ქსოვილი. ნარჩენების მოცილების შემდგომ ტკიპის მიმაგრების ადგილი გაწმინდეთ საპნითა და წყლით.

3.     ძალზედ ეფექტურია რეპელენტების გამოყენება. მათი საშუალებით ხდება სხეულის შიშველი ნაწილების, შარვლის, ზედა ტანისამოსის, გარე მოსაცმელის დამუშავება. რეპელენტები უნდა შეიცავდნენ დიმეთილფტალატს, დიეთილტოლუამიდს.

4.     ლაიმის (ბორელიოზი) საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ტარდება. 

 

მკურნალობა:

ლაიმის (ბორელიოზი) დაავადება განკურნებადია!  ექიმთან დროული მიმართვა და ადექვატური ანტიბიოტიკოთერაპია დაავადების ადრეულ სტადიაზე ეფექტურია და შემთხვევათა უმრავლესობაში უზრუნველყოფს სრულ გამოჯანმრთელებას. მოგვიანებით ეტაპებზე დაწყებული მკურნალობა - უხშირესად დადებით შედეგს იძლევა. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება პერსისტენტული ან რეკურენტული სიმპტომები, რა დროსაც ანტიბიოტიკის დამატებითი კურსი ინიშნება.

საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვული სისტემის მყარი დაზიანებები ვითარდება მხოლოდ არანამკურნალებ ან არასწორად/არასრულყოფილად ნამკურნალებ შემთხვევებში.