ზაფხულის ინფექციები

ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებათა რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.

დიარეით მიმდინარე დაავადებათა/საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.

ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით.

თვითმკურნალობა დიარეული დაავადებების დროს იწვევს დიაგნოსტიკის გართულებას, ხელს უწყობს დაავადება გადატანილებში პათოგენური მიკროფლორის ბაქტერიომტარებლობის ფართოდ გავრცელებას და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (გამძლე) შტამების შექმნას,  რეზისტენტული შტამების ფართო გავრცელება გარემოში კი სერიოზული პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობას და პაციენტთა გამოჯანმრთელებას.

ამ დაავადებათა  თავიდან  აცილების მიზნით, აუცილებელია შემდეგი პრევენციული ღონისძიებების გატარება:

  • წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას,  წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების     მოსამზადებლად;
    •  არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ, ადუღებული  წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში;
    •  სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება, უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და ქლორით დეზინფიცირდება;
      •  ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად
        • საკვების მოსამზადებლად
        • სასმელების დასამზადებლად
        • ყინულის მოსამზადებლად
        • ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის  გასარეცხად
        • ხელების დასაბანად
  • შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);
  • ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;
  • გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი:

 

  • მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს;
  • მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;
  • მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი და მოხარშული პროდუქტი. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მოხარშული პროდუქტი  შენახული თავდახურულ პატარა ზომის ჭურჭელში;
  • სამზარეულოში აუცილებელია მოიხმაროთ უმი და მოხარშული პროდუქტისათვის (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისათვის) იზოლირებული დასამუშავებელი დაფები;
    •  არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან  სახლში დამზადებული ნაყინი;
    • საკვებად არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები;
    • არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;
    •   სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;
      • მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს   გამდინარე წყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;
      •  სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით მომზადებული ტორტების და კრემიანი ნამცხვრების მოხმარებაზე, ან/და მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი, სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი და ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადები დაცულია;
      • თუ მაინც გადაწყვეტთ ზაფხულის პერიოდში კრემიანი ნამცხვრებისა და ტორტების საკვებად გამოყენებას, გახსოვდეთ რომ მათი შენახვა შეიძლება 00C -80C ტემპერატურაზე დამზადებიდან არა უმეტეს: ცილოვანი კრემებით და ხილით გაწყობილი - 72 საათი; ნაღების კრემით - 36 საათი; მოხარშული კრემით - 6 საათი; ათქვეფილი ნაღებით - 7 საათი; 
      • დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;
      • დაავადებათა კლინიკური ნიშნების გა­მო­ვ­ლენისთანავე აუცილებელია  მი­მა­რ­­თოთ ექიმს;
      • ექიმის მოსვლამდე თავი შეიკავეთ საკვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ. ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს;
      • დაუშვებელია თვით­მკურ­ნა­ლობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს  ქრო­ნიკული დაავადების ჩამოყალიბებას.    

ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველების (განსაკუთრებით ძაღლების) მიერ ადამიანთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები. ცხოველისგან დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია უახლოესი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვა ვაქცინაციის საკითხის გადასაწყვეტად.

ბალახის ხმობის პერიოდში (ჩვეულებრივ აგვისტოში) მატულობს ცხოველების ჯილეხით დაავადების ალბათობა და შესაბამისად ადამიანთა დასენიანების საფრთხეც. ცხოველების დაკვლა უნდა მოხდეს ვეტერინარული მეთვალყურეობის ქვეშ, დაუშვებელია დაცემული ან/და ავადმყოფი ცხოველების დაკვლა-გატყავება. არ შეიძინოთ ხორცი თუ დარწმუნებული არ ხართ ხარისხის საიმედოობაში.

ლეიშმანიოზით (ლეიშმანიოზის რეზერვუარი ბუნებაში ძირითადად ავადმყოფი ძაღლებია) დასნებოვნების რისკის შემცირების მიზნით, აუცილებელია გადამტანებისაგან (ფლებოტომუსები) თავის დაცვა, განსაკუთრებით შებინდებისას.

ფლებოტომუსებისა და კოღოებისგან თავის დაცვის მიზნით სასურველია ფანჯრების აბადვა, გრძელსახელოებიანი ტანსაცმელისა და რეპელენტების  (დამაფრთხობლები) გამოყენება. ანალოგიური წესები უნდა დაიცვათ ტკიპებისაგან თავის დასაცავადაც, დამატებით, ბუნებაში ყოფნისას სასურველია ატაროთ წინდებში ჩატანებული შარვალი. ტკიპებს ბევრი საშიში დაავადება გადააქვთ, მათ შორის ბორელიოზი და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, დაუშვებელია ცხოველებიდან ტკიპების მოშორება დაუცველი ხელებით.