ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება – ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების საგანგებო კომიტეტის სხდომა 2014 წლის ებოლას ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით დასავლეთ აფრიკაში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება – ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების საგანგებო კომიტეტი  სხდომა 2014 წლის ებოლას ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით დასავლეთ აფრიკაში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

8 აგვისტო, 2014 წელი

ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების საგანგებო კომიტეტის  პირველი შეხვედრა,  რომელიც მოწვეულ იქნა გენერალური დირექტორის მიერ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (IHR) ეგიდით 2014 წლის ებოლას ვირუსის დაავადების (EVD) თაობაზე დასავლეთ აფრიკაში, გაიმართა ჟენევის დროით (CET) 2014 წლის 6 აგვისტოს, ოთხშაბათს, 13:00–დან 17:30 საათამდე  და 7 აგვისტოს, 13:00–დან 18:30–მდე.

საგანგებო კომიტეტის წევრები და მრჩევლები ერთმანეთს შეხვდნენ ტელეხიდის მეშვეობით. ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების მონაწილე ქვეყნებმა (გვინეა, ლიბერია, სიერა ლეონე, ნიგერია) მონაწილეობა მიიღეს, 2014 წლის 6 აგვისტოს, ოთხშაბათს, გამართულ საინფორმაციო სესიაში.

საინფორმაციო სესიაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნომ წარმოადგინა დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდაფეთქების განახლებული შეფასება. ზემოხსენებულმა მონაწილე ქვეყნებმა წარმოადგინეს ინფორმაცია თავიანთ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, იმ ზომებზე, რომლებსაც იღებენ რათა დანერგონ სწრაფი კონტროლის სტრატეგიები არსებული ხარვეზებისა და გამოწვევების საპასუხოდ.

დისკუსიებისა და მსჯელობების შედეგად კომიტეტმა შემდეგი რჩევები წარადგინა:

  • ებოლას აფეთქება დასავლეთ აფრიკაში წარმოადგენს „განსაკუთრებულ შემთხვევას“ და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკს სხვა ქვეყნებისათვის.
  • ვირუსის შემდგომ საერთაშორისო გავრცელებას შესაძლოა სავალალო შედეგები მოყვეს, ვირუსის ვირულენტობის, თემებში და ჯანდაცვის დაწესებულებებში ინტენსიური ტრანსმისიის და დასენიანებულ და რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებში სუსტი ჯანდაცვის სისტემების გამო.
  • კოორდინირებული საერთაშორისო პასუხი არის მნიშვნელოვანი, რათა გაჩერდეს მსოფლიოში ვირუსის გავრცელება.

ებოლას მიმდინარე ეპიდაფეთქება დაიწყო 2013 წლის დეკემბერში, გვინეაში. დღესდღეობით ებოლას  ეპიდაფეთქება გავრცელებულია გვინეაში, ლიბერიაში, ნიგერიასა და სიერა ლეონეში. 2014 წლის 4 აგვისტოსათვის დაფიქსირებულია 1711 შემთხვევა (1070 დადასტურებული, 436 სავარაუდო, 205 საეჭვო), აქედან 932 ლეტალური. ეს არის ებოლას ყველაზე დიდი მასშტაბის ეპიდაფეთქება ისტორიაში. აფეთქების საპასუხოდ, მთელმა რიგმა ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან დაზარალებულები ებოლას ვირუსით, გამოიმუშავეს მთელი რიგი რჩევები და რეკომენდაციები მგზავრობასთან დაკავშირებით.

მონაწილე ქვეყნების პრეზენტაციების  და დისკუსიების შედეგად რამდენიმე გამოწვევა იქნა აღნიშნული ვირუსით დაზარალებული ქვეყნებისთვის:

  • მათი ჯანდაცვის სისტემა არის მყიფე; არსებობს ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსების დეფიციტი, რაც აფერხებს ებოლას აფეთქების კონტროლის ადეკვატურ საპასუხო მოქმედებას.
  • ებოლას აფეთქებასთან გამკლავების გამოუცდელობა,  მცდარი წარმოდგენები დაავადებაზე, მათ შორის მისი გადაცემის გზებზე, საკმაოდ ხშირია  და წარმოადგენს მთავარ გამოწვევას ბევრ თემში.
  • მოსახლეობის მიგრაცია და დაავადებული მოქალაქეების ქვეყნების საზღვრების გადაკვეთის რიგი შემთხვევები.
  • ვირუსის გადაცემის რამდენიმე გენერაციის არსებობა სამი ქვეყნის დედაქალაქში: კონაკრიში (გვინეა), მონროვიაში (ლიბერია) და ფრითაუნში (სიერა ლეონე)
  • დაინფიცირებულების  დიდი რაოდენობა არის ასევე სამედიცინო პერსონალში, რაც გამოწვეულია ინფექციის კონტროლის პრაქტიკის არაადეკვატურობით.

კომიტეტმა წარუდგინა განსახილველად გენერალურ დირექტორს მთელი რიგი რჩევებისა, რათა იმოქმედოს ებოლას აფეთქების წინააღმდეგ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებთან შესაბამისობაში.

 

ებოლას ტრანსმისიის მქონე ქვეყნები

  • ქვეყნის მეთაურებმა უნდა გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა;  პირადად უნდა მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეპიდაფეთქებასთან მიმართებაში, გააცნონ მათ საზოგადოების როლი ამ ვირუსის სწრაფი კონტროლის უზრუნველყოფაში;  უზრუნველყონ საგანგებო დაფინანსების სწრაფი ხელმისაწვდომობა, რათა წამოწყონ და მდგრადი გახადონ საპასუხო მოქმედებები;  უზრუნველყონ ყველა საჭირო გზა ჯანდაცვის სამუშაო ძალის მობილიზებისთვის.
  • ჯანდაცვის მინისტრებმა და სხვა ლიდერებმა ჯანდაცვის დარგში, საკუთარ თავზე უნდა აიღონ ლიდერობა ებოლას წინააღმდეგ საპასუხო ზომების კოორდინაციასა და დანერგვაში, რისი მთავარი ასპექტიც უნდა იყოს რეგულარული შეხვედრები ვირუსით დაავადებულ თემებში და ვიზიტები სამკურნალო დაწესებულებებში.
  • ქვეყნებმა უნდა მოახდინონ კატასტროფების/საგანგებო სიტუაციების მართვის მექანიზმების აქტივაცია და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის შექმნა ქვეყნების მეთაურების მეთვალყურეობის ქვეშ, რათა მოხდეს დახმარების კოორდინაცია და ებოლას კონტროლის გზების ეფექტური იმპლემენტაცია და მონიტორინგი.  ეს გზები მოიცავს ინფექციის პრევენციასა და კონტროლს (IPC), საზოგადოების ინფორმირებას, ზედამხედველობას, ზუსტ ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას,  კონტაქტების მოძიებასა და მონიტორინგს, შემთხვევების მართვას და ქვეყნებს შორის ზუსტი და დროული ინფორმაციის გაცვლას. ყველა დასენიანებულ და მაღალი რისკის მქონე ზონებში ერთმანეთის მსგავსი მექანიზმი უნდა დაინერგოს, როგორც სახელმწიფოებრივ, ასევე ადგილობრივ დონეზე, რათა მოხდეს კოორდინაცია ყველა დონეს შორის.
  • ქვეყნებმა ყველანაირად უნდა შეეცადონ სრულად ჩართონ საზოგადოება – ლოკალური, რელიგიური და ტრადიციული ლიდერები და მკურნალები. ასევე თემებს შეეძლებათ ცენტრალური როლი ითამაშონ შემთხვევების აღმოჩენაში, კონტაქტების მოძიებასა და რისკების შესახებ ინფორმირებაში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ მოხდეს მოსახლეობის სრულად ინფორმირება, იმის შესახებ, რომ დროული მკურნალობა სასარგებლო იქნება.
  • მნიშვნელოვანია მძლავრი მომარაგების ნაკადების შექმნა, რათა უზრუნველყოფილ იქნას საკმარისი სამედიცინო აღჭურვილობის, განსაკუთრებით პერსონალური დამცავი აღჭურვილობის (PPE) ხელმისაწვდომობა მათთვის, ვისაც  განსაკუთრებით ესაჭიროება; ესენი არიან ჯანდაცვის და ლაბორატორიის მუშაკები,  მესაფლავეები და სხვები, ვისაც შეიძლება უშუალო შეხება ჰქონდეთ დაავადებულ პირებთან ან კონტამინირებულ მასალასთან.
  • ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ზონაში (სიერა ლეონეს, გვინეას და ლიბერიის სასაზღვრო ზონებში) უნდა მოხდეს სამედიცინო მომსახურების და დაავადებულთა მატერიალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რათა შემცირდეს ხალხის გადაადგილება. დამატებითი ზომები, როგორიცაა კარანტინი, შესაძლოა გამოყენებულ იქნას საჭიროების შემთხვევაში.

 

  • სამედიცინო პერსონალისთვის ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი: დაცვისა და უსაფრთხოების სათანადო ზომები, ხელფასების დროული გაცემა, საჭიროების შემთხვევაში რისკებთან დაკავშირებული ანაზღაურება;  შესაბამისი განათლების და ტრენინგების უზრუნველყოფა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (IPC) საკითხებზე პერსონალური დამცავი ხელსაწყოების (PPE) გამოყენების ჩათვლით.

 

  • ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:  სამკურნალო ცენტრები და საიმედო სადიაგნოსტიკო ლაბორატორიები უნდა მდებარეობდეს ტრანსმისიის რაიონებთან რაც შეიძლება ახლოს, ამ დაწესებულებებს უნდა ყავდეთ სათანადო რაოდენობის ტრენირებული პერსონალი,  სამედიცინო დაწესებულებების დატვირთის გათვალისწინებით საჭირო რაოდენობის  სამედიცინო აპარატურა და მასალები, საჭიროა უზრუნველყოფილ იქნას   როგორც პერსონალის დაცვა, ასევე სამედიცინო დაწესებულებებიდან პაციენტთა ნაადრევი  გაწერის რისკის  მინიმიზაცია; და სამედიცინო პერსონალს მუდმივად შეახსენოს და გაუწიოს მონიტორინგი, რომ  უზრუნველყოფილ იქნას ინფექციის პრევენციისა და კონტროლის წესების დაცვა.

 

  • ებოლას შესაძლო ინფექციის გამოსავლენად  ქვეყანამ უნდა განახორციელოს ქვეყნიდან გამსვლელი ყველა მგზავრის სკრინინგი  საერთაშორისო აეროპორტებში, საზღვაო პორტებში და მსხვილ სახმელეთო გადასასვლელებზე. გამსვლელ მგზავრთა სკრინინგი უნდა ითვალისწინებდეს,  მინიმუმ კითხვარის შევსებას, სიცხის გაზომვას. ცხელების შემთხვევაში უნდა მოხდეს რისკის შეფასება – გამოწვეულია თუ არა ცხელება  ებოლას ვირუსის დაავადებით.   ებოლას ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში მგზავრს  არ უნდა მიეცეს გადაადგილების უფლება, თუ ეს მგზავრობა სათანადო სამედიცინო ევაკუაციის მიზნით არ არის განპირობებული.

 

  • ებოლას კონტაქტების ან შემთხვევის გამოვლენის დროს არ უნდა განხორციელდეს საერთაშორისო მგზავრობა, თუ ეს მგზავრობა სათანადო სამედიცინო ევაკუაციის მიზნით არ არის განპირობებული.  ებოლას ვირუსის დაავადების (EVD) საერთაშორისო გავრცელების რისკის მინიმიზაციისთვის საჭიროა:

 

v  დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დადასტურებული შემთხვევების იზოლაცია და პაციენტს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს ებოლას სამკურნალო ცენტრში, დაუშვებელია პაციენტის ადგილობრივი და  საერთაშორისო გადაადგილება, ვიდრე მინიმუმ 48 საათის ინტერვალით ჩატარებული 2 ებოლა–სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტი არ იქნება უარყოფითი.  

 

v  კონტაქტებზე (რომლებშიც არ შედიან სათანადოდ დაცული სამედიცინო პერსონალი და ლაბორატორიის პერსონალი, რომელსაც არ ქონია დაუცველი ექსპოზიცია)  საჭიროა განხორციელდეს ყოველდღიური მონიტორინგი, ამასთან შეეზღუდოს მათ ადგილობრივი გადაადგილება და აეკრძალოს   საერთაშორისო მგზავრობა ექსპოზიციიდან 21 დღის განმავლობაში.

 

v  დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სავარაუდო და შესაძლო შემთხვევების იზოლაცია და მათი გადაადგილება უნდა შეიზღუდოს კლასიფიკაციის  გათვალისწინებით, შემთხვევა დადასტურებულია თუ არის კონტაქტი.

 

  • სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაკრძალვა  განხორციელდეს ტრენირებული პერსონალის მიერ ოჯახის წევრების თანდასწრებით და კულტურული პრაქტიკის გათვალისწინებით და ჯანმრთლობის ეროვნული წესების შესაბამისად შემცირდეს ებოლას ინფექციის რისკი. უნდა აიკრძალოს ებოლას შესაძლო, სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევებით  გარდაცვლილი ადამიანების ნეშთის საზღვრზე გადაადგილება ვიდრე არ გაიცემა  ბიოუსფრთხოების შესაბამისი საერთაშორისოდ აღიარებული დებულებების  შესაბამისი უფლება.
  • ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება ავიაკომპანიების ეკიპაჟებისა და თანამშრომელთათვის და  იმუშაოს  ავიაკომპანიებთან, რათა ხელი შეუწყოს კომუნიკაციასა და მენეჯმენტს სიმპტომატურ მგზავრებთან მიმართებაში ჯანმრთლობის საერთაშორისო წესების ფარგლებში (2005), აგრეთვე უზრუნველყოს  საჭიროების შემთხვევაში კონტაქტების მოძიების და მგზავრთა ადგილმდებარეობის ჩანაწერების გამოყენების მექანიზმები.
  • ებოლას ვირუსის დაავადების გავრცელების ქვეყნებში უნდა იქნას განხილული მასობრივი თავშეყრის ღონისძიებების გადადების შესაძლებლობა ვიდრე არ შეწყდება ვირუსის ტრანსმისია.

 

ქვეყნები ებოლას პოტენციური ან დადასტურებული შემთხვევებით და არადასენიანებული ქვეყნები, რომლებთაც დასენიანებულ ქვეყნებთან აქვთ სახმელეთო საზღვარი

 

  • იმ  ქვეყნებმა, სადაც არ აღინიშნება ებოლას  შემთხვევები და რომელთაც აქვთ სახმელეთო საზღვარი ებოლათი  დასენიანებულ ქვეყნებთან სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყონ  ეპიდზედამხედველობა დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელების ან ცხელებით  გამოწვეული გარდაცვალების კლასტერებზე;  უზრუნველყოფილ უნდა იქნას ხელმისაწვდომობა კვალიფიციურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებზე ებოლას კვლევისთვის;  საჭიროა უზრუნველყოფილ იქნას დაავადების შესახებ ჯანდაცვის მუშაკების ცნობიერების დონის ამაღლება და ტრენინგების ჩატარება ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (IPC) პროცედურების კუთხით; უნდა შეიქმნას სწრაფი რეაგირების ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ებოლას ვირუსით გამოწვეული  დაავადების შემთხვევების და მათი კონტაქტების კვლევას და მართვას.
  •  ნებისმიერმა ქვეყანამ, სადაც აღინიშნება  ებოლას  შესაძლო ან დადასტურებული შემთხვევა ან კონტაქტი  ან   აუხსნელი ცხელებით  გამოწვეული გარდაცვალების კლასტერი, ეს  შემთხვევა უნდა აღიაროს  ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობად; შესაბამისად ქვეყანამ პირველი 24 საათის განმავლობაში დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რომ შეისწავლოს და შეაჩეროს ებოლას პოტენციური აფეთქება შემთხვევის მართვის, საბოლოო დიაგნოსტირების, კონტაქტების მოძიებისა და მონიტორინგის საშუალებით.  
  • იმ შემთხვევაში,  თუ ქვეყანაში დადასტურდება ებოლას ტრანსმისია, უნდა მოხდეს ებოლას  შესახებ სრული რეკომენდაციების იმპლემენტაცია ნაციონალურ ან სუბნაციონალურ დონეზე ისე როგორც ქვეყნებში ებოლას ტრანსმისიით,  ეპიდემიოლოგიურ და რისკის შეფასების კონტექსტში.

ყველა ქვეყანას

  • არ უნდა აიკრძალოს საერთაშორისო მგზავრობა და ვაჭრობა; უნდა განხორციელდეს ამ რეკომენდაციით გათვალისწინებული შეზღუდვები, რომელიც ეხება ებოლას ვირუსის (EVD) შემთხვევების გადაადგილებასა და კონტაქტებს; 
  • ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ის ტურისტები,  რომლებიც მიემგზავრებიან ებოლას ვირუსით დაზარალებულ ან რისკის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე,  შესაბამისი ინფორმაციით რისკების, ამ რისკების მინიმიზირების ღონისძიებების შესახებ და რჩევებით დაავადების პოტენციური ზემოქმედების მართვის თაობაზე.
  • ქვეყნები მზად უნდა იყვნენ ებოლას შემთხვევების გამოვლენის, მათი კვლევისა და ვირუსის მართვის კუთხით; ეს უნდა მოიცავდეს ებოლას ვირუსის კვლევისთვის კვალიფიციური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; საჭიროების შემთხვევაში უნდა შეეძლოთ იმ მგზავრების მართვა, რომლებიც მოემგზავრებიან ებოლას ვირუსით ინფიცირებული რაიონებიდან    საერთაშორისო აეროპორტებისა და მსხვილი გამშვები პუნქტების გავლით და აღენიშნებათ  აუხსნელი ცხელება.
  • ფართო საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ზუსტი და  საჭირო უნფორმაცია ებოლას ვირუსის ეპიდაფეთქებისა და ამ ვირუსის ზემოქმედების რისკის შემცირების ღონისძიებების შესახებ.
  • ქვეუნები მზად უნდა იყვნენ, უზრუნველყონ ებოლას ვირუსის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქეების (მაგ. მედიცინის მუშაკების) ევაკუაცია და რეპატრიაცია.

 

კომიტეტმა ხაზი გაუსვა ამ რეკომენდაციების ეფექტიანი იმპლემენტაციისა და მონიტორინგის კუთხით  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა ნაციონალური და საერთაშორისო პარტნიორების   უწყვეტი მხარდაჭერის  მნიშვნელობას.

 

ამ რეკომენდაციებისა და ებოლას ვირუსით დაზარალებული   წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გენერალურმა დირექტორმა მიიღო  კომიტეტის შეფასება და 2014 წლის 8 აგვისტოს დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდაფეთქება გამოაცხადა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთღებულ მდგომარეობად (PHEIC). გენერალურმა დირექტორმა დაამტკიცა კომიტეტის რეკომენდაციები და გამოსცა როგორც დროებითი რეკომენდაციები ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (2005) ფარგლებში, რათა შემცირდეს  ებოლას საერთაშორისო გავრცელების მასშტაბები. გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა კომიტეტეტის წევრებსა და კონსულტანტებს და მიმართა თხოვნით, რომ მათ 3 თვის ვადაში კვლავ განახორციელონ სიტუაციის შეფასება.