ინსულტი

თავის ტვინის ინსულტის საფუძველი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შეფერხებაა. ინსულტი გადაუდებლივ სამართავ მდგომარეობას წარმოადგენს და მის გამოსავალს სამედიცინო მომსახურების დაწყების დროულობა განსაზღვარავს.

მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი კვდება ინსულტით.

ინსულტის სამი ძირითადი ფორმა არსებობს:

  • იშემიური ინსულტი
  • ჰემორაგიული ინსულტი
  • ტრანზიტორული (გარდამავალი) იშემიური შეტევა, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც მცირე ინსულტი.

ფაქტები ინსულტის შესახებ:

  • ინსულტის დროს თავის ტვინის უჯრედები ჟანგბადისა და ნუტრიენტების (საკვები ნივთიერებების) დეფიციტს განიცდიან, რაც ამ უჯრედების სიკვდილით სრულდება;
  • იშემიური ინსულტის მიზეზი თავის ტვინის არტერიების შევიწროვება ან დახშობაა;
  • ჰემორაგიული ინსულტისას ტვინის სისხლძარღვი სკდება და სისხლი ჩაიქცევა ტვინის ქსოვილში;
  • ინსულტი კლინიკური მდგომარეობაა, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ოპერატიულ ჩარევას, რათა ტვინის ქსოვილი მინიმალურად დაზიანდეს ;
  • მკურნალობა დამოკიდებულია ინსულტის ფორმაზე;
  • ინსულტის პრევენციის მიზნით ყველაზე ეფექტური გზა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და ინსულტის რისკის შემცველი დაავადებების მკურნალობაა;
  • ინსულტი უხშირესად ვითარდება 55 წლის ასაკის ზემოთ, ჭარბი წონისა და მემკვიდრული დატვირთვის მქონე პირებში, მწეველებში, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებსა  და ნარკოტიკების მომხმარებელ პირებში.

ინსულტის ფორმების მიხედვით, გამომწვევი მიზეზები სპეციფიურია.

იშემიური ინსულტის მიზეზები

  • იშემიური ინსულტი უხშირესი ფორმაა, ის  საერთო შემთხვევების დაახლოვებით 85%-ს შეადგენს. იშემიური ინსულტის მიზეზი თავის ტვინის არტერიების შევიწროვება ან დახშობაა. ეს ხშირად გამოწვეულია თრომბით, რომელიც თვით ტვინის ქსოვილის არტერიებში ან სხვა სისხლძარღვში წარმოიშობა და მიყვება სისხლის ნაკადს;
  • ცხიმოვანი ჩანართები სისხლძარღვში წარმოქმნის ე.წ. ათეროსკლეროზულ  ფოლაქს და ხდება ემბოლიზაციის მიზეზი.

ჰემორაგიული ინსულტის მიზეზები

  • ჰემორაგიული ინსულტი სისხლძარღვის გასკდომის და სისხლის ჩაქცევის შედეგია, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული მაღალი წნევით, სისხლძარღვის ანევრიზმით (სისხლძარღვის კედლის სისუსტე), ქალას ტრავმით, სისხლის გამათხელებელი მედიკამენტებით და ა.შ.;
  • ინტრაცერებრალური ანუ ტვინის ქსოვილში სისხლჩაქცევა ყველაზე ხშირია ჰემორაგიული ინსულტისას;
  • სუბარაქნოიდალური ანუ ტვინისა და მის შემომგარსველ ქსოვილს შორის სივრცეში სისხლჩაქცევა უფრო იშვიათია.

ტრანზიტორული იშემიური შეტევის მიზეზები

  • მიზეზები ანალოგიურია, როგორც იშემიური ინსულტისას;
  • აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით (CDC Atlanta), ტრანზიტორული იშემიური შეტევის შემდეგ მკურნალობის გარეშე დარჩენილ პაციენტთა დაახლოებით ერთ მესამედში ინსულტის შემთხვევა ერთი წლის განმავლობაში დგება. შეთხვევათა დაახლოვებით 10-15%-ში კი ინსულტი შესაძლოა განვითარდეს 3 თვის განმავლობაში.

 

აკრონიმი F.A.S.T. ინსულტის სიმპტომების ადვილად თვითამოცნობას გულისხმობს და სწრაფი ქმედების  აუცილეობლას უსვამს ხაზს (Fast-სწრაფი)

F - სახის ასიმეტრია (Face drooping)

A - სისუსტე ზედა კიდურებში  (Arm weakness)

S - მეტყველების გაძნელება (Speech difficulty)

T - დროა დარეკოთ ნომერზე (Time to call)

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ:

http://www.who.int/ncds/prevention/en/

https://www.cdc.gov/