ტყვიის ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შესახებ

ტყვია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტოქსიკური ლითონია, რომელიც გარემოში ხვდება ე.წ. ეთილირებული ბენზინის საშუალებით. ბენზინს ხარისხის გასაუმჯობესებლად უმატებენ ტეტრაეთილტყვიას, როგორც ანტიდეტონატორს. ძრავას ცილინდრში ჰაერისა და საწვავის არასწორი განაწილება იწვევს არათანაბარ წვას (დეტონაცია), რასაც შეუძლია ცილინდრის კედლებისა და დგუშის დაზიანება.

ტეტრაეთილტყვიის ანტიდეტონაციური ეფექტი აღმოჩენილ იქნა 1921 წელს აშშ-ში, "ჯენერალ მოტორსის" ფირმაში. ამ გამოგონების ავტორმა თომას მიდგლმა შესანიშნავად იცოდა ტყვიით მოწამვლის საშიშროების შესახებ. საწარმოში თითქმის მაშინვე გამოვლინდა მუშების წონასწორობისა და ფსიქიკის დარღვევის შემთხვევები.

ადამიანის ორგანიზმში ტყვია ხვდება როგორც წყლისა და საკვების, ისე ჰაერის საშუალებით. ტეტრაეთილტყვიას და მისი გარდაქმნის პროდუქტს უკავშირებენ ტყეების გადაშენებას, რადგან მათ ადვილად შთანთქავს ტერპენები - წიწვოვან მცენარეთა ფისის კომპონენტები, რის გამოც ზიანი ადგება ტყეს.

ადამიანის ორგანიზმში ტყვიის გაზრდილი დონე იწვევს ავთვისებიან სიმსივნეებს, მიოკარდის ინფარქტს, ზრდის შეჩერებას, სმენის დაქვეითებას, ინტელექტუალურ დეგრადაციას. იმ რაიონებში, სადაც გარემო ტყვიით არის გაბინძურებული, ოთხჯერ მეტია დანაშაული, ვიდრე იმ რაიონებში სადაც ტყვიის კონცენტრაცია მინიმალურია. ტყვიით მოწამვლის რისკი ბავშვებისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე მოზრდილებისთვის, რადგან ნივთიერებათა ცვლის პროცესები ბავშვებში ბევრად ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსწავლეთა ცუდი მოსწრება და აგრესიული ქცევა დაკავშირებულია ტყვიის დაგროვებასთან.

როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, არათუ ატმოსფეროში მყოფი ტყვია, არამედ საკვებ პროდუქტთა შესაფუთ ზოგიერთ ქაღალდსა და მუყაოში უმცირესი რაოდენობით შემავალი ტყვიაც კი გადადის საკვებში და დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ტყვია, ძირითადად, შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტითა და სასუნთქი გზებით. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ტყვიის შეწოვა ძლიერდება კალციუმისა და რკინის ნაკლებობის შემთხვევაში. სასუნთქი გზებით ტყვიის შეწოვა დამოკიდებულია მეტალის როგორც ფიზიკურ მდგომარეობაზე (ორთქლი თუ მყარი ნაწილაკები), ისე მის კონცენტრაციაზე. მყარი ნაწილაკების სახით ტყვია 90%-ით შეიწოვება სასუნთქ გზებში. ტყვიის 99% სისხლში უკავშირდება ჰემოგლობინს და მხოლოდ 1% ხვდება პლაზმიდან ქსოვილებში, განსაკუთრებით, ღვიძლისა და თირკმლის ეპითელიუმში. დროთა განმავლობაში მეტალი გადანაწილდება და გროვდება ძვლებში (95%), კბილებსა და თმებში.

ტყვიის ფართოდ გამოყენებას შედეგად მოჰყვა გარემოს ინტენსიური დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემად იქცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ტყვიის ტოქსიკური ეფექტებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადი არიან მცირეწლოვანი ბავშვები, რაც გამოიხატება ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარების შეფერხებაში. ორსული ქალების ტყვიის მაღალი დონისადმი ექსპოზიციამ შეიძლება  გამოიწვიოს მუცლის მოშლა, ნაადრევი მშობიარობა,  ახალშობილთა დაბალი წონა  და  უმნიშვნელო ანომალიები.

ტყვიის და ტყვიის ნაერთები ადამიანის კარცინოგონებადაა მიჩნეული იმ მცირე მტკიცებულებების მიხედვით, რომლებიც ეფუძნება ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებსა და იმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც საკვლევ ცხოველებზე ცდების შედეგებს ემყარება.

ტყვიით მოწამვლის პირველი ნიშნებია: მწკლარტე, მეტალის გემოს შეგრძნება პირში, წყურვილი, მუცლის ტკივილი და პირღებინება. გულისრევის შედეგად ამოღებული მასა მოთეთრო-რძის ფერია მასში ტყვიის ქლორიდის შემცველობის გამო. ტყვიის სულფიდი განავალს შავად ფერავს. ხშირია ფაღარათი ან ყაბზობა. სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვამ შესაძლოა გამოიწვიოს შოკი და ერთ-ორ დღეში სიკვდილი. ტყვიით მოწამვლის ადრეული სიპმტომებია: თავის ტკივილი, უძილობა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, მხედველობის დარღვევა. ყველაზე საშიშია ტყვიის ხანგრძლივი ზემოქმედება, რადგან მას ახასიათებს კუმულაციური თვისებები; ანუ, შეუძლია, დაგროვდეს და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს.

ტყვიით მოწამვლის ძირითადი წყაროა საღებავები (ტყვიის თეთრა, ტყვიის სურინჯი). ასეთ საღებავებში ტყვიის რაოდენობა მერყეობს 5-დან 40%-მდე. ასეთი საღებავებით ღებავდნენ ავეჯს, ფანჯრის რაფებს, სათამაშოებს. ტყვიით მოწამვლის მიზეზი შეიძლება გახდეს ძველი შენობა-ნაგებობების დანგრევის შედეგად გაფანტული მტვერი ან ბოლი, ასევე მხატვრული ტილოები, საიუველირო ნაკეთობათა ნარჩენები, საყოფაცხოვრებო აკუმულატორები და ტყვიის შრიფტები.

ეთილირებული ბენზინის წვის შედეგად გამონაბოლქვ აირებში შემავალ ტყვიას ადვილად ითვისებს მცენარეები, ამიტომ ავტოტრასებთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო კულტურები ადამიანისთვის მავნეა. მთელ რიგ განვითარებულ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ეთილირებულ ბენზინს არ იყენებენ, საგზაო მოძრაობის წესებით აკრძალულია მანქანის ჩართული ძრავით გაჩერება ეზოებში, ბავშვთა დაწესებულებებთან, სავადმყოფოებთან და ა.შ. არ შეიძლება საჭმლის მომზადება და შენახვა დეკორაციული ფაიფურის ან კერამიკის ჭურჭელში, რადგან ხშირად მინანქარი, განსაკუთრებით ყვითელი და წითელი ფერის, შეიცავს ტყვიის მარილებს, რომლებიც ადვილად გადადის საჭმელში. ლითონის ტარაში დაკონსერვებულ პროდუქტებში (ჯემი, ტომატის პასტა და სხვ.) ტყვიის შემცველობა, შესაძლოა, 10-ჯერ გაიზარდოს ბუნებრივ დონესთან შედარებით. მართალია, კონსერვის ქილებს ფარავენ სპეციალური ლაქით, მაგრამ ეს ყოველთვის არ იცავს მომხმარებელს.

რაც უფრო მაღალია წყალში ტყვიის კონცენტრაცია, მით უფრო დიდი რაოდენობით ხვდება იგი სისხლში. ტყვია ადვილად გადაეცემა ძუძუთა ბავშვებს დედებისგან. პროფილაქტიკის მიზნით, საჭიროა, სახლის ყოველდღიური დასუფთავება ნესტიანი ჩვრით, შენობაში შესვლისას აუცილებელია ფეხსაცმლის (სასურველია ტანსაცმლისაც) გამოცვლა. არ უნდა მიიღოთ საჭმელი ქუჩაში. სახლში დაბრუნებისას დაიბანეთ ხელები. საკვებ რაციონში უნდა შედიოდეს რკინით მდიდარი პროდუქტები. ყოველიდღიურად მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები.