ტყვიის შემცველობის გამოკვლევა

5 წლამდე ასაკის ბავშვებს ყველაზე მეტი შეხება აქვთ ტყვიის შემცველ ნივთიერებებთან. მათ ორგანიზმში ტყვიის მტვრისა და ნაწილაკების მოხვედრის წყარო შეიძლება იყოს: სათამაშოები, იატაკი და ფანჯრის რაფა. ბავშვის სისხლში ტყვიის აღმოსაჩენად საუკეთესო საშუალება სისხლის ანალიზია.

 

როდის გამოვიკვლიოთ ბავშვი ტყვიის შემცველობაზე?

  • თუ საცხოვრებლად გადახვედით ძველ შენობაში ან შეღებეთ საცხოვრებელი სახლი,
  • თქვენი შვილი ხშირად იდებს პირში სხვადასხვა საგნებს და პირით ეხება ფანჯრის რაფას,
  • თქვენს შვილს არ ჩაუტარებია ანალიზი ტყვიის შემცველობის დასადგენად;

 

რა სახის ზიანი შეიძლება მიაყენოს ორგანიზმში ტყვიის არსებობამ  ბავშვის ჯანმრთელობას?

  • თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დაზიანება,
  • ზრდისა და განვითარების შეფერხება,
  • სწავლის უნარის დაქვეითება და ქცევის პრობლემები,
  • სკოლაში დაბალი აკადემიური მაჩვენებელი,
  • დაბალი ინტელექტუალური მაჩვენებელი,
  • სმენისა და მეტყველების პრობლემები,
  • ყურადღების კონცენტრირების შემცირება.

 

სად შეიძლება არსებობდეს ტყვია ბავშვის ირგვლივ არსებულ გარემოში?

  • ძველ აშენებულ სახლებში უმეტესად გამოყენებულია ტყვიის შემცველი საღებავები,
  • საღებავის დაზიანებით წარმოქმნილი ტყვიის მტვერის ჩაყლაპვა და ჩასუნთქვა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ბავშვებისათვის,
  • ზოგიერთი წყლის მილი შეიცავს ტყვიას,
  • სათამაშოები და სათამაშოს აქსესუარები,
  • ზოგიერთი ქვეყნიდან იმპორტირებული ტკბილეული.

 

როგორ ხდება სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენა?

სისხლის ანალიზი ტარდება კაპილარულ ან ვენური სისხლში.  თუ  სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, აუცილებელია რიგი ღონისძიებების განხორციელება.

 

რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ტყვიისგან უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შესანარჩუნებლად?

  • შეინარჩუნეთ სათამაშო გარემო სუფთად. გარეცხეთ სათამაშოები ყოველკვირეულად; თავიდან მოიშორეთ ძველი და ხმარებიდან გამოსული სათამაშოები და აქსესუარები,
  • რეგულარულად წმინდეთ მტვერი,
  • რეგულარულად წმინდეთ ფანჯრის რაფები, ჩარჩოები, კარებები და ადგილები, რომელსაც ეხება ბავშვი,
  • ხშირად წმინდეთ იატაკი სველი წესით; ასევე, იატაკი და ხალიჩა მტვერსასრუტით,
  • მოარიდეთ ბავშვი ტყვიაშემცველ ნივთიერებებს,
  • დაიცავით ელემენტარული ჰიგიენური ნორმები:
  • დაბანეთ ბავშვს ხელები ჭამის წინ და ძილის წინ
  • აჭამეთ ბავშვს სუფთა მაგიდასთან
  • არ დაუშვათ, რომ თქვენმა ბავშმა გამოიყენოს საწოვარა, რომელიც იატაკზე დავარდა
  • ყურადღება მიაქციეთ ბავშვის კვებით ნორმებს და უნარ-ჩვევებს,
  • საკვების მოსამზადებლად გამოიყენეთ ცივი და არა ცხელი წყალი. წყლის აღებამდე ერთი წუთის განმავლობაში მოუშვით წყლის ჭავლი, რათა მილები გაიწმინდოს ტყვიის ნაწილაკებისაგან,
  • კონსერვირებული პროდუქტი გახსნის შემდგომ გადაიტანეთ მინის ან პოლიეთილინის ჭურჭელში,
  • გამოიყენეთ ჭურჭელი, რომელიც არ შეიცავს ტყვიას. მომინანქრებული ჭურჭელი შეიძლება შეიცავდეს ტყვიას. სურსათისათვის არ გამოიყენოთ დაზიანებული ჭურჭელი,
  • სიფრთხილე გამოიჩინეთ სარემონტო სამუშაოების დროს,
  • ყურადღება მიაქციეთ გამოყენებულ საღებავებში ტყვიის შემცველობას. მოარიდეთ ბავშვი ისეთ ადგილებს, სადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები,
  • ყურადღება მიაქციეთ თქვენს სამუშაო გარემოს,
  • ადამიანები, რომელთა სამუშაო გარემო უკავშირდება მშენებლობას, სანტექნიკას, სამღებრო სამუშაოებს, მანქანების შეკეთებასა და სხვა მსგავს სამუშაოებს ხშირად არიან კონტაქტში ტყვიის ნაწილაკებთან; შეეცადეთ არ მიიტანოთ ტყვიის ნაწილაკები სამუშაო ადგილიდან სახლში.