ტროპიკული (ე.წ. დავიწყებული) დაავადებები

2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებმა (უილიამ კემპელი და სატოსი ომურა) შეიმუშავეს მეთოდები, რომელმაც მოახდინა რევოლუცია კაცობრიობის ყველზე საშიში პარაზიტარული დაავადებების მკურნალობაში. კემბელმა და სატოსიმ შექმნეს პრეპარატი ,,ავერმეკტინი“ (Avermectin), ეფექტური საშუალება,  რომელიც გამოიყენება ონქოცერკოზის (მდინარის სიბრმავე) და ელეფანტიაზის (სპილოვნება) სამკურნალოდ. 2015 წ. ნობელის პრემია ასევე გადაეცა ჩინელ მეცნიერს იუ თუს, რომელმაც მიიღო და დანერგა ,,არტემიზინინი“. ამ პრეპარატმა მნიშვნელოვნად შეამცირა მალარიით გამოწვეული სიკვდილიანობა. „ორივე აღმოჩენამ კაცობრიობას ამ მძიმე დაავადებებთან ბრძოლის ახალი მეთოდები მისცა“ ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში. აღნიშნული დაავადებები მიეკუთვნებიან ე.წ. „დავიწყებულ“ ან „უგულებელყოფილ“ (ინგ. neglected diseases) დაავადებათა ჯგუფს (აქ ზოგადად  მხოლოდ რამდენიმეა განხილული, სხვა ნოზოლოგიები იხილეთ დაავადებათა ჩამონათვალში).  დაავადებები გავრცელებულია ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატური ზონის აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის რეგიონების ქვეყნების ძირითადად ღარიბი მოსახლების ფენებში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ,,დავიწყებულ დაავადებებში“ გაერთიანებულია 20 დაავადება და დაავადებათა ჯგუფი, კერძოდ:

1. ბურულის  წყლული,

2. შაგასის (ჩაგასის) დაავადება,

3. დენგეს ცხელება და ჩიკუნგუნია,

4. დრაკუნკულოზი (რიშტა),

5. ექინოკოკოზი,

6. საკვებისმიერი ტრემატოდოზი,

7. ადამიანის აფრიკული ტრიპანოსომოზი (ძილის დაავადება),

8. ლეიშმანიოზები (კალა-აზარი, კანის, ვისცერული),

9. კეთრი (ჰანსენის დაავადება),

10. ლიმფატიური ფილარიოზი (სპილოვნობა),

11. მიცეტომა, ქრომობლასტომიკოზი და სხვა მიკოზები,

12. ონქოცერკოზი (მდინარის სიბრმავე),

13. ცოფი (ჰიდროფობია),

14. მუნი (ქეცი) და სხვა ექტოპარაზიტები (დატილიანება),

15.  შისტოსომოზები,

16. ნიადაგიდან გადაცემდი ჰელმინთოზები (ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტომიდოზი, სტონგილოიდოზი, ტოქსოკაროზი),

17.  შხამიანი გველის ნაკბენი,

18. ტენიოზი/ცისტიცერკოზი,

19. ტრაქომა,

20. ფრამბეზია (ენდემური ტრეპანოსომოზი).

 

აღნიშნული დაავადებების უმრავლესობის გამომწვევი სხვადასხვა სახეობის პარაზიტია, სამის - ბაქტერიები,  ოთხი დაავადების გამომწვევია სოკო, ვირუსები, ექტოპარაზიტები და ერთიც შხამი. ექსპერტთა შეფასებით „დავიწყებული დაავადებების“ ჯგუფში გაერთიანებული დაავადებებისგან მსოფლიოში ყოველწლიურად ავადდება მილიარდზე მეტი ადამიანი, რომელთაგან  თითქმის ნახევარი იღუპება. ამ დაავადებების მკურნალობა და პროფილქტიკა საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ სამწუხაროდ მიუწვდომელია ღარიბი მოსახლეობისა და ეკონომიკურად განუვითარებელი ქვეყნებისთვის. ამიტომ ტერმინი „დავიწყებული დაავადებები“ განვითარებული ქვეყნებისთვის გამოიყენება.

 

http://www.who.int/topics/tropical_diseases/en/