ფრინველის გრიპი

1.ზოგადი მიმოხილვა - ფრინველის გრიპი არის ზოონოზური დაავადება და ბუნებრივ პირობებში მთელს მსოფლიოში ფიქსირდება შემთხვევები ფრინველებში, როგორც წესი ფრინველის გრიპის ვირუსი სახეობრივ ბარიერს არ არღვევს, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაფიქსირებულია ფრინველის გრიპის ვირუსით სხვა სახეობათა დაიფიცირების ცალკეული შემთხვევები. საქართველოში ფრინველის გრიპის შემთხვევები გამოვლენილია მხოლოდ ფრინველებში.

 

2.გამომწვევი აგენტი - დაავადების გამომწვევია ფრინველის A ტიპის გრიპის ვირუსის სხვადასხვა ქვეტიპი. განარჩევენ ფრინველთათვის მაღალ და დაბალ პათოგენურ ქვეტიპებს.

 

3.მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები - ინფიცირებულ ფრინველთან ან და მის გამონაყოფებთან პირდაპირი კონტაქტი.

 

4.რეზერვუარი -  წყალზე მიგრირებადი ფრინველები.

 

5.გადაცემის გზები - კონტაქტური, ჰაერწვეთოვანი

 

6.ინკუბაციური პერიოდი  - საშუალოდ 1-7 დღე

 

7.გადამდებლობის პერიოდი - ჩვეულებრივ, ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.

 

8.მიმღებლობა - ფრინველის გრიპის ვირუსით შესაძლოა დაინფიცირდეს როგორც გარეული ასევე შინაური  ფრინველი და ცხოველი (გამონაკლის შემთხვევებში ადამიანიც). ადამიანთა ფრინველის გრიპით დაავადება იშვიათი და უჩვეულო მოვლენაა.

 

9.კონტროლის ღონისძიებები:

ა) პრევენციული ღონისძიებები - ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ადამიანებში არ ტარდება.

 

ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი -ფრინველის გრიპზე საეჭვო პაციენტთან მიმართებაში აუცილებელია გატარდეს ინდივიდუალური, იზოლაციურშემზღუდავი ღონისძიებები. ფრინველის გრიპი სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა. ყველა საეჭვო შემთხვევა/შემთხვევები ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში და სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში)  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით („სასწრაფო შეტყობინების ბარათი“ - ფორმა N58/1, ტელეფონი, ფაქსი, თუ ელ-ფოსტა). შეტყობინების მიღებისას, ეპიდემიოლოგი იწყებს შემთხვევის/შემთხვევების კვლევას სტანდარტული ეპიდკვლევის ბარათის შესაბამისად.

საჭიროა მოხდეს კონტაქტების გამოვლენა და მათზე დაკვირვება მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში ასეთების არსებობისას, ფრინველის გრიპის დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ ლაბორატორიულად.

 

გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები -   ეპიდზედამხედველობითი ღონისძიებები: შემთხვევების/ეპიდაფეთქებების ადრეული გამოვლენა; საზოგადოების ინფორმირება; მეფრინველეობის ფაბრიკებში იზოლაციურ-შემზღუდველი, საკარანტინო ღონისძიებების გატარება

 

დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა - ფრინველის გრიპის ვირუსი იღუპება გარემოში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას, კარგად უძლებს დაბალ ტემპერატურას

 

ე) საერთაშორისო ღონისძიებები - ფრინველის გრიპის ვირუსით გამოწვეული ადამიანთა დავადების თითოეული შემთხვევა ექვემდებარება ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR 2005) სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს ქვეყნის ჯსწ-ის ეროვნულ კოორდინატორს (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასწრაფო შეტყობინების გაგზავნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტთან.