ტულარემია

1.ზოგადი მიმოხილვა - ტულარემია ზოონოზური ბაქტერიული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მოულოდნელი მაღალი ცხელება, დაღლილობა, სხეულის ზოგადი და  თავის ტკივილი. ამასთანავე ტულარემიის კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია ინფიცირების გზაზე. არსებობს ბუბონური, წყლულოვან-ბუბონური, თვალის, ანგინოზურ-ბუბონური, ნაწლავის, ფილტვის და გენერალიზებული ფორმები. დაავადებას თან ახლავს ალერგიული რეაქცია, რომელიც ხანგრძლივი დროით ან სამუდამოდ რჩება. ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემისას ვითარდება ატიპიური პნევმონია რესპირატორული სიმპტომატიკის გარეშე. რეგიონული ჯირკვლების გადიდებას ადგილი აქვს დაავადების თითქმის ყველა ფორმის დროს.

მაღალი ვირულენტობის, იოლი გავრცელების, დაავადების, მძიმე და ხანგრძლივი პოსტ-ინფექციური პერიოდისა და სიკვდილის გამოწვევის რეალური საფრთხის გამო F.tularensis მიჩნეულია ადამიანების მასიური განადგურების პოტენციურ ბიოლოგიურ იარაღად.

ტულარემია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მრავალ ქვეყანაშია დაფიქსირებული.  ენდემური კერები დიდი ხანია არსებობს რუსეთის ფედერაციაში, ყაზახეთსა და თურქმენეთში, ფინეთსა და შვედეთში. დაავადება ყოველწლიურად რეგისტრირდება აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში მხოლოდ ერთეულ შემთხვევებს აქვთ ადგილი. დაავადება მუდმივად ფიქსირდება აშშ-სა და კანადაში, იშვიათად – მექსიკაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, ჩინეთში.

საქართველოში ტულარემიის შემთხვევა პირველად 1946 წ. ახალქალაქის რაიონის სოფ. კარწახის სასაზღვრო ჯარის ნაწილში დაფიქსირდა. მას შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ტულარემიის რამდენიმე აფეთქებას ჰყონდა ადგილი და  სპორადული შემთხვევები ყოველწლიურად რეგისტრირდება.

 

2.გამომწვევი აგენტი - მცირე ზომის ბაქტერია - Francisella tularensis(კლასი – Proteobaqteria , ოჯახი - Francisellaceae, გვარი Francisella), ცნობილია 4 ქვესახეობა: ქვესახეობა tularensis (ტიპი A) , ქვესახეობა holarctica (ტიპი B) , ქვესახეობა mediaasiatica, ქვესახეობა novicida.

 

3.მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები - ცხოველებთან კონტაქტი; ტკიპის, რწყილის ან კოღოს კბენა; ნადირობა; სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები; დაინფიცირებული წყლის დალევა; უმ ხორცთან, ცხოველის ტყავთან, ბეწვთან კონტაქტი.

 

4.რეზერვუარი - ხმელეთისა და წყლის ძუძუმწოვრები, ძირითადად - ციყვები, კურდღლები, ბოცვრები, თახვები, ონდატრები, ცხვრები, ძაღლები, კატები და განსაკუთრებით მღრღნელები – წყლის მემინდვრიები და ველის მემინდვრიები.

                                                                                           

5. გადაცემის გზები - ინფიცირება შესაძლოა მოხდეს ტკიპის, რწყილის ან კოღოს კბენით, დაავადებულ ცხოველთან, ასევე მის ქსოვილთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან უშუალო კონტაქტით, კონტამინირებული საკვებისა და წყლის მიღებით, ინფექციური მასალის შესუნთქვით;

 

6.ინკუბაციური პერიოდი - 1-14 დღე, ჩვეულებრივ 3-7 დღე;

 

7.გადამდებლობის პერიოდი - ადამიანიდან ადამიანზე ტულარემიის გადაცემის ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა.  არანამკურნალევი პაციენტის სისხლში ინფექციური აგენტი შეიძლება იყოს აღმოჩენილი დაავადების პირველი 2 კვირის განმავლობაში  და დაზიანების ადგილზე - ერთი თვე ან მეტი, ტკიპები მთელი ცხოვრების მანძილზე ინფიცირებულია (დაახლოებით 2 წელი), კურდღლის ხორცი, გაყინული -15°C,   ინფიცირებული რჩება 3 წელზე მეტი.

 

8.მიმღებლობა - ყველა ასკის ადამიანია მიმღები და გამოჯამრთელების შემდეგ რჩება ხანგრძლივი იმუნიტეტი. განმეორებით დაინფიცირება ძალიან იშვიათია და აღწერილია მხოლოდ ლაბორატორიის მუშაკებში.

 

9.კონტროლის ღონისძიებები:

ა)პრევენციული ღონისძიებები:

ü  ინფექციის წყაროს წინააღმდეგ ბრძოლა - მღრღნელების განადგურება საცხოვრებელ თუ არასაცხოვრებელ შენობებში;

ü  ტკიპის, რწყილის ან კოღოს კბენისგან თავის დაცვა  - ბუნებრივ კერებში რეპელენტების გამოყენება, პირადი დაცვის საშუალებების (ხელთათმანები, სპეც.ტანსაცმელი, ნიღაბი) გამოყენება, გადამტანებთან ბრძოლა დეზინსექციის საშუალებით;

ü  წყლის, საკვების და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაცვა მღრღნელების დაბინძურებისაგან;

 

ბ)პაციენტის და კონტატების კონტროლი - პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, ზუსტი დიაგნოსტირებისათვის კი აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.

ტულარემია სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა. ერთეული შემთხვევების გარდა, შესაძლებელია დაფიქსირდეს დაავადების ჯგუფური შემთხვევები და ეპიდაფეთქებები.

ყველა საეჭვო შემთხვევა/შემთხვევები ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში და სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში)  შესაბამის  ეპიდემიოლოგიურ სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით („სასწრაფო შეტყობინების ბარათი“ - ფორმა N58/1, ტელეფონი, ფაქსი, თუ ელ-ფოსტა). შეტყობინების მიღებისთანავე ეპიდემიოლოგი იწყებს შემთხვევის/შემთხვევების კვლევას სტანდარტული ეპიდკვლევის ბარათის შესაბამისად.

 

გ)ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები - ინფექციის წყაროს მოძიება, კონტაქტების მოძიება და კონტროლის ღონისძიებების გატარება ( 9 ა. პუნქტის მიხედვით)

 

დ)ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა - ტულარემიის სეზონურობა სხვადასხვა ფაქტორებით განისაზღვრება. ტკიპების აქტიური ცხოველმოქმედება ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე გრძელდება, შესაბამისად, ეპიზოოტიებსაც ამავე პერიოდში აქვთ ადგილი. შემთხვევების რაოდენობა მატულობს საშემოდგომო სამუშაოების დროს და ნადირობის სეზონზე, ანუ ძირითადად გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე. ამავე პერიოდში ადგილი აქვს მღრღნელების დასახლებული პუნქტებისაკენ მასიურ გადანაცვლებასაც, რაც ასევე ზრდის ინფიცირების საფრთხეს.

 

ე) საერთაშორისო ღონისძიებები - არა შეესაბამება.