მენინგოკოკური ინფექცია

მენინგოკოკური ინფექცია - მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია მენინგოკოკი (Neiseria Meningitidis)  და  მიმდინარეობს სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებით, დაწყებული უსიმპტომო მტარებლობით და ნაზოფარინგიტით, გენერალიზებული ფორმების (მენინგოკოკური მენინგიტი/მენინგოეცეფალიტი და მენინგოკოკცემია) ჩათვლით.

1.ზოგადი მიმოხილვა - მენინგოკოკური მენინგიტი და მენინგოკოკცემია მენინგოკოკური ინფექციის გენერალიზებული ფორმებია,   საქართველოში ყოველწლიურად  მენინგოკოკური მენინგიტისა და მენინგოკოკცემიის საშუალოდ 15-20 შემთხვევა რეგისტრირდება, მათ შორის შემთხვავათა 90%-ზე მეტი 0-14 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. მენინგოკოკური მენინგიტისა და მენინგოკოკცემიით გამოწვეული ლეტალობა 10-20%-ს შეადგენს, განსაკუთრებით, მაღალია მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმების  დროს. მსოფლიოში ეს დაავადება ყველგან გვხვდება, მაგრამ დაავადების  ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აღინიშნება ე.წ. მენინგოკოკურ სარტყელში (სუბსაქარული ზონა), სადაც ფიქსირდება ეპიდაფეთქებები.

 

2.გამომწვევი -  გრამ უარყოფითი ბაქტერია - მენინგოკოკი (Neiseria Meningitidis), რომელიც ძალიან მგრძნობირეა გარემო ფაქტორების მიმართ, ორგანიზმის გარეთ 30 წუთში იღუპება. ცნობილია მენინგოკოკის 13-მდე სეროჯგუფი.  შემთხვევათა 90% განპირობებულია A, B და  C სეროჯგუფის  მენინგოკოკით, თუმცა ცალკეულ რეგიონებში დაავადებას იწვევს მენინგოკოკი Y და W135.  ევროპის რეგიონში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში პრევალირებს B და  C სეროჯგუფი, ხოლო A სეროჯგუფი - აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, თუმცა ამ რეგიონში   მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის ჩატარების შემდეგ, შემცირდა  A სეროჯგუფით გამოწვეული მენინგოკოკური ინფექციით ავადობა და ეპიდაფეთქებების რიცხვი.  საქართველოში ბოლო წლებში უპირატესად ცირკულირებს  B და  C სეროტიპები.

სეზონური  მატება იწყება შემოდგომაზე და პიკს აღწევს გაზაფხულზე, თუმცა შემთხვევები  წლის ყველა დროს რეგისტრირდება, მენინგოკოკური ინფექციისთვის დამახასიათებელია ეპიდემიური მატება ყოველ 10-20 წელიწადში.

 

3.მიზეზები - მოსახლეობის სიმჭიდროვე შენობებში.

 

4.რეზერვუარი - ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან მენინგოკოკის მტარებელი ადამიანი.

 

5.გადაცემის გზები - ადამიანის დაინფიცირება ხდება წვეთოვანი მექანიზმით  ინფექციის წყაროსთან დახურულ სივრცეში ხანგრძლივი და მჭიდრო (0,5-1.0მ-ის ფარგლებში) კონტაქტის შემთხვევაში, რაც განპირობებულია გარემოში მენინგოკოკების  სუსტი  გამძლეობით.

 

6.ინკუბაციური პერიოდი -  2-10 დღე, საშუალოდ 3-4 დღე.

 

7.გადამდებლობის პერიოდი - ავადმყოფი ადამიანი გადამდები აღარ არის  ადექვატური ანტობიოტიკოთერაპიის  დაწყებიდან 24 საათის შემდეგ.

 

8.მიმღებლობა - მენინგოკოკით დაინფიცირებულთა უმრავლესობას კლინიკური გამოვლინება პრაქტიკულად არ აღენიშნება და  მცირდება ასაკის ზრდასთან ერთად. 5-10%-ს  შეიძლება განუვითარდეს მწვავე ნაზოფარინგიტი,  მხოლოდ 1%-ზე ნაკლებს - გენერალიზებული ფორმა მენინგიტისა და მენინგოკოკცემიის სახით. ინფექციის გავრცელებაში წამყვან როლს ნაზოფარინგიტით დაავადებულები თამაშობენ, ვინაიდან ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულია. ნაზოფარინგიტის მსუბუქი მიმდინარეობის გამო, ავადმყოფები არ არიან იზოლირებული, რაც ხელს უწყობს ინფექციის აქტიურ გავრცელებას. მენინგოკოკის ე.წ ,, ჯანმრთელი“ მტარებლობა შეიძლება გაგრძელდეს 1-3 კვირა, ამ პერიოდის განმავლობაში ისინი  რისკს წარმოადგენენ გარშემომყოფებისთვის. იმუნიტეტი ჯგუფოსპეციფიურია.

 

9.კონტროლის ღონისძიებები:

ა)პრევენციული ღონისძიებები:

  • მოსახლეობის განათლება რესპირატორულ ინფექციასთან  უშუალო კონტაქტისა და ექსპოზიციის შემცირების საჭიროების შესახებ;
  • სიმჭიდროვის შემცირება საცხოვრებელ შენობებში და სამუშაო ადგილებზე, როგორიცაა ყაზარმები, საკლასო ოთახები, ბანაკები, გემები;  

ბ)პაციენტის და კონტაქტების კონტროლი:

  • მენინგიტის/მენინგოკოკცემიის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაცია.  დაავადების გამოვლენის შემთხვევაში სავალდებულოა სასწრაფო შეტყობინება შესაბამის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში არსებული წესის მიხედვით ;
  • პაციენტის რესპირატორული იზოლაცია სპეციფიური თერაპიის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში;
  •  პაციენტის რესპირატორული სეკრეტების და მოხმარების საგნების დეზინფექცია.
  • უნდა განხორციელდეს მეთვალყურეობა დაავადებულთან ახლო კონტაქტირებულ პირებზე (ერთ საცხოვრებელ არეალში მყოფი პირები) რათა გამოვლინდეს დაავადების ადრეული ნიშნები (განსაკუთრებით ცხელება)  და ჩაუტარდეთ სათანადო მკურნალობა.
  • რეკომენდებულია ქიმიაპროფილაქტიკის ჩატარება ახლო კონტაქტირებულ პირებში ქმედითი ანტიბიოტიკებით  დოზირების რეკომენდირებული წესით. ეპიდაფეთქებათა კონტროლის მიზნით მასობრივი მედიკამენტოზური მკურნალობის ჩატარება რეკომენდებული არ არის
  • კონტაქტირებულთა ცხვირ-ხახის  ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა არ არის რეკომენდებული.

 

გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები - ეპიდაფეთქებისას და  სპეციფიური პროფილაქტიკისათვის გამოიყენება მენინგოკოკური ვაქცინა.  ჩვენს ქვეყანაში გეგმიური მენინგოკოკური ვაქცინაცია   სავალდებულო არ არის.

 

დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა: ადამიანთა მაღალი სიმჭიდროვე შენობებში  არის განსაკუთრებით მაღალი რისკი. ე.წ მენინგოკოკური სარტყლის ქვეყნებში, წლის მშრალ სეზონზე (დეკემბრიდან ივნისამდე) გაზრდილია  ეპიდაფეთქებების რისკი.

 

ე) საერთაშორისო ღონისძიებები: რეკომენდებულია ე.წ. მენინგოკოკური სარტყლის ქვეყნებში მოგზაურობის წინ პირი იყოს აცრილი მენინგოკოკური ვაქცინით.