ინფექციების პრევენცია და კონტროლი

ინფექციების კონტროლი არის სამედიცინო დაწესებულებების მიერ განხორციელებადი კომპლექსური, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებისა და ქმედებების სისტემაა, რომელიც მიმართულია სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებულ და მასთან დაკავშირებული დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების პრევინციისკენ.

სამედიცინო  მომსახურებასთან  ასოცირებული  ინფექცია  –  არის ძირითად დაავადებაზე თანდართული დაავადება (სუპერინფექცია)  რომელიც  განვითარდა  სამედიცინო  სერვისის  (ამბულატორიული,  სტაციონარული)  მიღების  შემდეგ  და  რომელიც  არ  აღენიშნებოდა  პაციენტს  სამედიცინო  სერვისისთვის  მიმართვის  მომენტში; 

ნოზოკომიური  ინფექცია  –  სამედიცინო  მომსახურებასთან  ასოცირებული  ინფექცია,  რომელიც შეძენილია/აღმოცენებულია  სტაციონარულ  სამედიცინო  დაწესებულებაში  ჰოსპიტალიზაციიდან  48  საათის  შემდეგ  და  რომელიც  არ  აღენიშნებოდა  პაციენტს  სამედიცინო  სერვისისთვის  მიმართვის  მომენტში  მანიფესტური  ფორმით  ან  არ  იმყოფებოდა  ინკუბაციურ  პერიოდში.

ნოზოკომიურ ინფექციად  ითვლება:

ა) პაციენტების  მიერ  სტაციონარში მკურნალობის დროს  შეძენილი  ინფექცია,  რომელიც გამოვლინდება სტაციონარში მკურნალობის პერიოდშივე, ან კლინიკიდან  გაწერის  შემდეგ კონკრეტული  ინფექციისათვის  დამახასიათებელი  მაქსიმალური  ინკუბაციური  პერიოდის  განმავლობაში;

ბ) სამედიცინო  დაწესებულების  პერსონალს  შორის  გამოვლენილი,  პროფესიულ  საქმიანობასთან  დაკავშირებული  ინფექციები.

ნოზოკომიურ ინფექციას არ  მიეკუთვნება: 

ა) ინფექცია,  რომელიც  პაციენტს  აღენიშნებოდა  ჰოსპიტალიზაციის  მომენტში;

ბ) ახალშობილებში  დაბადებიდანვე  გამოვლენილი  ინფექცია,  თუ  ცნობილია  ან  დადასტურებულია,  რომ  დაინფიცირება  მოხდა  ტრანსპლაცენტულად.

სპეციალისტთა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით მსოფლიოში დროის ნებისმიერ მონაკვეთში დაახლოებით 1.4 მილიონზე მეტი ადამიანია  დაავადებული ნოზოკომიური ინფექციებით. განვითარებული ქვეყნების თანამედროვე  ტიპის  საავადმყოფოებში  ჰოსპიტალიზებული  პაციენტების  5-დან  10%-მდე ავადდება ერთი ან მეტი ნოზოკომიური ინფექციით. არაზუსტი მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში, ნოზოკომიური ინფექციები 2-20 - ჯერ უფრო მეტია. აშშ-ში ყოველი 136 ჰოსპიტალიზებული პაციენტიდან მინიმუმ ერთი, მძიმედ ავადდება საავადმყოფოსშიდა (ნოზოკომიური)  ინფექციის  გამო,  რაც წლის განმავლობაში საშუალოდ 2  მილიონ  შემთხვევას  და  დაახლოებით 80000 გარდაცვალებას შეესაბამება. ყოველწლიურად, ინგლისში აღრიცხულ რეგისტრირებული ნოზოკომიური ინფექციების 100000 შემთხვევიდან, 5000 ლეტალურად მთავრდება.

სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული და ნოზოკომიური ინფექციების პრევენციისთვის, ყველა სამედიცინო სამედიცინო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს საკუთარი ინფექციების პრევენციისა და  კონტროლის  პროგრამა, რომლის მთავარი ამოცანებია:

  • ნოზოკომიურ  ინფექციებზე  ეპიდზედამხედველობის  განხორციელება;
  • ნოზოკომიური  ინფექციების  აფეთქებების  შესწავლა  და  მართვა;
  • სამედიცინო  მომსახურების  ხარისხის  გაუმჯობესება;
  • სამედიცინო  მომსახურებასთან  დაკავშირებული  ინფიცირების  რისკების  შემცირების  ალგორითმების,  მათ  შორის,  პაციენტთა  იზოლაციის  ალგორითმების  შემუშავება;
  • სათანადო  ასეპტიკური  ტექნიკის  უზრუნველყოფა,  მათ  შორის,  სადეზინფექციო  და  ანტისეპტიკური  საშუალებების,  ერთჯერადი  და  მრავალჯერადი  გამოყენების  მასალების  შერჩევა  და  სათანადო  გამოყენება;
  • ხელების  ჰიგიენის  სათანადო  პრაქტიკის  დანერგვა  და  მონიტორინგის  წარმოება;
  • დაწესებულებაში  სამედიცინო  პერსონალის  ინფიცირების  რისკის  შემცირების  ღონისძიებების  შემუშავება  და  განხორციელება; 
  • ნოზოკომიური  ინფექციების  კონტროლის  საკითხებზე  პერსონალის  სწავლება;
  • გამოყენებული  ანტიმიკრობული  საშუალებებისა  და  ნოზოკომიური  ინფექციების  გამომწვევთა  ანტიმიკრობული  რეზისტენტობის  მონიტორინგი, ანტიმიკრობული  პრეპარატების  მართებულად  და  დანიშნულებისამებრ  გამოყენების  მიზნით;
  • სტანდარტული  ოპერაციული  პროცედურების  შემუშავება  და  ეფექტური  პრევენციული  პრაქტიკის  სტანდარტიზაცია,  მათ  შორის,  კლინიკური  მასალებისა  და  ინსტრუმენტების  სტერილიზაციისა  და  დეზინფექციისათვის;
  • ინფექციების  პრევენციისა  და  კონტროლის  პრაქტიკის  კანონმდებლობით  დადგენილ  მოთხოვნებთან  შესაბამისობის  უზრუნველყოფა;
  • ინფექციების პრევენციისა და კონტროლის  ღონისძიებების  უზრუნველსაყოფად  შესასყიდი  მასალებისა  რაოდენობისა და ხარისხის  განსაზღვრა; 
  • ლაბორატორიული  ბიოუსაფრთხოების  უზრუნველყოფა;
  • ღონისძიებების  დაგეგმვა  სამედიცინო  ნარჩენების  მენეჯმენტისა  და  გარემოს  უსაფრთხოების  უზრუნველყოფის  მიზნით  და  მათი  ეფექტურობის  შეფასება და სხვა.