შიგელოზი

შიგელოზს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნაწლავთა მწვავე ინფექციებს შორის.  მსოფლიოში ყოველწლიურად 165 მილიონამდე შემთხვევა რეგისტრირდება, საიდანაც  600.000 შემთხვევა სიკვდილით მთავრდება. გვხვდება ყველა კონტიგენტზე და ყველა გეოგრაფიულ ზონაში. საქართველოში შიგელოზით ავადობა დაბალია, ყოველწლიურად საშუალოდ 250-300 შემთხვევა აღირიცხება.

შიგელოზს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სეზონურობა. შემთხვევების უმრავლოესობა გამოვლინდება წლის თბილი პერიოდის განმავლობაში. შიგელოზის დასადასტურებლად საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება.  

გამომწვევი აგენტი: შიგელოზის გამომწვევი აგენტია Shigella-ს გვარის ბაქტერიები, რომლებიც Enterobacteriaceae-ოჯახს მიეკუთვნება და მოიცავს ხუთ ათეულზე მეტ სეროლოგიურ ვარიანტს, რომელიც საერთაშორისო კლასიფიკაციით 4 ჯგუფად იყოფა: Sh. dysenteriae, Sh. flexneri, Sh. boydi, Sh. sonnei. 

დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით, თავის ტკივილით, საერთო სისუსტით, ძლიერი შეტევითი ხასიათის ტკივილით მუცლის არეში, რომელიც თანდათან ლოკალიზდება მუცლის მარცხენა ნახევარში. ზოგჯერ ახლავს გულისრევა და ღებინება. განავალი თხიერია, ხშირად ლორწოს შემცველობით, სისხლით და ჩირქით. ავადმყოფს აწუხებს დეფეკაციის შემდგომი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, აღენიშნება მოტყუება, ჭინთვები და ტენეზმები.

დაავადება გრძელდება 2-3 დღიდან 7-9 დღემდე. დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია მწვავე ფორმა გადავიდეს ქრონიკულში ან დაავადებული დარჩეს ბაქტერიამტარებელი.

მიზეზები/ძირითადი გადაცემის ფაქტორები: ყველაზე ხშირი რისკის ფაქტორები, რომლებიც შიგელების გადაცემაში იღებენ მონაწილეობას არის:

  1. საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით რძე და მისი ნაწარმი, ცუდად გარეცხილი და/ან გაურეცხავი ბოსტნეული და ხილი;
  2. არაკეთილსაიმედო წყალი;
  3. საყოფაცხოვრებო მოხმარების სხვადასხვა საგანი (ჭურჭელი, სათამაშოები);
  4. ბუზები, რომელთაც თავისი სხეულით და ფრთებით ადვილად გადააქვთ შიგელოზის   ბაქტერიები განავლიდან საკვებ პროდუქტებზე.

 

რეზერვუარი: ინფექციის წყარო ძირითადად მწვავე შიგელოზით დაავადებული ადამიანია, თუმცა ინფექციის წყარო შეიძლება იყოს ასევე ქრონიკული ფორმით დაავადებული და ბაქტერიამტარებელიც. დაავადება შეიძლება წარიმართოს მსუბუქი და წაშლილი ფორმებით, რაც ხელს უწყობს დაავადების გახანგრძლივებული ფორმების ჩამოყალიბებას და ზრდის პოტენციური ინფექციის წყაროს რაოდენობას.

 

გადაცემის გზები: შიგელოზი, როგორც ნაწლავთა ტიპიური ინფექცია, ვრცელდება ფეკალურ-ორალური და საყოფაცხოვრებო-კონტაქტური მექანიზმით. დაავადების გავრცელება დამოკიდებულია მოსახლეობის სანიტარიულ მდგომარეობაზე, კულტურის დონეზე, კვების თავისებურებაზე, მოსახლეობის სიმჭიდროვეზე. შიგელოზს უწოდებენ „ჭუწყიანი ხელების“ დაავადებას. იგი უფრო ხშირია იქ, სადაც არ იცავენ ან შეუძლებელია პირადი და კვების ჰიგიენის წესების დაცვა. ინფექციის განვითარებისთვის გამომწვევის სულ მცირე რაოდენობაც (10-200 ორგანიზმი) საკმარისია.

ინკუბაციური პერიოდი  1-3 დღეა, საშუალოდ 12-96 საათი, მაქსიმალური პერიოდი 7 დღე.

გადამდებლობის პერიოდი: ავადმყოფი გადამდები ხდება დაავადების დაწყებისთანავე და გადამდებლობა გრძელდება სრულ გამოჯანმრთელებამდე (საშუალოდ 4 კვირა), ასიმპტომური ფორმით დაავადების შემთხვევაში,  გადამდებლობის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ერთ თვეზე მეტი დროითაც.

მიმღებლობა: შიგელას  ინფექციური აგენტის მიმღებლობა საყოველთაოა, თუმცა ავადობის მაღალი მაჩვენებლები აღინიშნება ბავშვებში. ორგანიზებულ კოლექტივებში, დახურულ საცხოვრებელ/სამუშაო პირობებში, ინფექციის გადაცემაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს საყოფაცხოვრებო კონტაქტი.

 

კონტროლის ღონისძიებები:

  ა.შიგელოზის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია:

  • მოსახლეობის უსაფრთხო სასმელი წყლითა და საკანალიზაციო სისტემებით უზრუნველყოფა;
  • საკვებად უვნებელი პროდუქტის მიღება;
  • სისუფთავის დაცვა სამზარეულოებსა და საცხოვრებელ ადგილებში;
  • ხელების სისუფთავის დაცვა საკვებ პროდუქტებთან შეხების, მომზადებისა და ჭამის წინ;
  • არაკანალიზირებულ დასახლებებში საპირფარეშოების ისე მოწყობა, რომ გამოირიცხოს ფეკალურ მასებთან ცხოველებისა და ბუზების კონტაქტი;
  • სუფთა სასმელი წყალი გამოყენებულ უნდა იყოს: ხილისა და ბოსტნეულის სრულფასოვნად გასარეცხად, საკვების,  სასმელების, ყინულის მოსამზადებლად, ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის  გასარეცხად, ხელების დასაბანად.

 

 ბ. პაციენტის და კონტაქტების კონტროლი: დაავადების გამოვლენის შემთხვევაში:

  • უნდა გადაეცეს ინფორმაცია ადგილობრივ ეპიდემიოლოგიურ სამსახურს; 
  • უნდა მოხდეს პაციენტის იზოლაცია/ სასურველია ჰოსპიტალიზაცია, თუმცა  შესაძლებელია მისი მკურნალობა საცხოვრებელ ადგილას, ექიმის მეთვალყურობის ქვეშ;
  • ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი პირებზე დამყარდეს 7 დღიანი სამედიცინო დაკვირვება კერაში სხვა შემთხვევების გამოსავლენად;
  • ავადმყოფის ბინაზე დატოვების შემთხვევაში კერაში ჩატარდეს მიმდინარე დეზინფექცია.

.  ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები:

  • ინფორმაციის გადაცემა დაავადების ერთეული ან ჯგუფური შემთხვევის შესახებ ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური სასახურისთვის;
  • შემთხვევის სრული კვლევა დემოგრაფიული, კლინიკური, ლაბორატორიული და  ეპიდემიოლოგიური პარამეტრების მიხედვით;
  • სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების ხარისხის შესწავლა/შეფასება დაავადების წარმოშობისა და გავრცელების ხელშემწყობი პირობების დასადგენად; 
  • ეპიდკერაში შიგელოზის პრევენციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

დ. ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა: გამომდინარე იქიდან, რომ შიგელოზის გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს არაკეთილსაიმედო სასმელ წყალს, ბუნებრივი კატაკლიზმების დროს(წყალდიდობა, ღვარცოფი, მიწისძვრა..) შესაძლებელია მოხდეს საკანალიზაციო ქსელისა და წყალგაყვანილობის მილების დაზიანება, რის შედეგადაც სავარაუდოა ფეკალური მასების შერევა სასმელ წყალში. ასეთი სასმელი წყალი არამარტო შიგელოზის ერთეული შემთხვევების, არამედ ეპიდაფეთქებების წარმოშობის მიზეზი გახდება.

ე. საერთაშორისო ღონისძიებები: არ შეესაბამება.