ჰიდროკარბონატები და მათი გავლენა ჯანმრთელობაზე

ჰიდროკარბონატები წარმოადგენენ ნავთობპროდუქტების წვის პროდუქტს. ისინი შედიან ისეთი ნივთიერებების შემადგენლობაში, როგორიცაა ბენზინი, ნავთი, მაზუთი, სკიპიდარი, ტოლუოლი, ქსილოლი, მეთილინის ქლორიდი, ნახშირჟანგის ტეტრაქლორიდი, ტრიქლორეთილენი.

ძრავაში ჰიდროკარბონატური საწვავის დაჟანგვისა და არასრული წვის შედეგად წარმოშობილი პროდუქტები - გამონაბოლქვი გაზებია სწორედ მიზეზი, რომ ატმოსფეროში მატულობს ტოქსიური ნივთიერებებისა და კანცეროგენების კონცენტრაცია.

ჰიდროკარბონატების უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე:

 

სასუნთქი სისტემა

ჰიდროკარბონატების შემცველი ნივთიერებების სასუნთქ გზებში მოხვედრის შედეგად ვითარდება შემდეგი სიმპტომები:

  • ხველა, ხიხინი, მოხრჩობის ან ღებინების შეგრძნება
  • ბრონქოსპაზმი (ბრონქის კუნთების სპაზმური შევიწროება (შეკუმშვა), რასაც თან ახლავს სუნთქვის, განსაკუთრებით კი ამოსუნთქვის გაძნელების შემაწუხებელი შეგრძნება და სტვენისმაგვარი ხმიანობა სუნთქვის დროს);
  • ტაქიპნოე (ზედაპირული, აჩქარებული სუნთქვა. ამ დროს სუნთქვითი მოძრაობა წუთში დაახლოებით 30-ს შეადგენს);
  • ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა სისხლში);
  • სისხლის ამოხველება (ჰემოპტიზისი)

შედეგად ვითარდება სასუნთქი სისტემის დაავადებები. ნავთი იწვევს ფილტვების მექანიკურ დაზიანებას, სასუნთქი გზების გამტარობის შეფერხებას და ფილტვის მოცულობით ცვლილებებს, ფილტვის ქსოვილისა და სურფაქტანტის დაზიანებას, ფილტვის ინტერსტიციალური ქსოვილის ანთებას, პოლიმორფონუკლეარული ექსუდატის (გამონაჟონი სითხეების) წარმოქმნას, ალვეოლების შეშუპებასა და ჰემორაგიას, რესპირატორულ დისტრეს სინდრომს.

 

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

მიოკარდიუმი მგრძნობიარეა ჰიდროკარბონატების მიმართ. თავის მხრივ, ჰიდროკარბონატები იწვევენ ნატრიუმისა და კალიუმის არხების განვლადობის შეფერხებას. შედეგად ვითარდება წინაგულების ფიბრილაცია, ტაქიკარდია, არითმია, ვენტრიკულარული ფიბრილაცია და QT ინტერვალის გახანგრძლივება.

 

ცენტრალური ნერვული სისტემა

ჰიდროკარბანატებით მოწამვლის ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს ნატრიუმის არხების ინაქტივაცია, აღგზნებადობისა და დეპრესიის განვითარება. შემთხვევათა 1–3%-ში ვითარდება კომა და კრუნჩხვა.

ტოლუოლის ჭარბი და ხანგრძლივი მიღების დროს ვითარდება ე.წ. მღებავების სინდრომი, რომლისთვისაც დამსახასიათებელია: ატაქსია (ნებისმიერ მოძრაობათა შეთანხმებულობის დარღვევა; შეინიშნება ნერვული სისტემის ზოგი დაავადების დროს), დიზართრია (მეტყველების მოშლილობა - ცალკეული სიტყვების, მარცვლების ან ბგერების ძნელად წარმოთქმა) და დემენცია (შეძენილი [და არა თანდაყოლილი] ჭკუასუსტობა). ასევე შესაძლოა განვითარდეს ლეიკოენცეფალოპათია („ტვინის თეთრი ქსოვილის დემენცია“).

 

საჭმლის მომნელებელი სისტემა

ჰიდროკარბანატებით მოწამვლის შედეგად შესაძლოა დაზიანდეს ლორწოვანი გარსი; ვითარდება შემდეგი სიმპტომები: პირღებინების შეგრძნება და ღებინება (ღებინება ზრდის სასუნთქი გზების ტოქსიკური დაზიანების რისკებს); შემთხვევათა 5%-ში შეიძლება განვითარდეს სისხლიანი ღებინება.  

ჰიდროკარბანატების მიმართ ასევე მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება ღვიძლი. განსაკუთრებით ჰეპატოტოქსიურია აქროლადი ჰიდროკარბონატები და ბენზოლი; ღვიძლის კიბოს ასევე იწვევს ვინილის ქლორიდის ზემოქმედება.

 

თირკმელები

ჰიდროკარბონატები (ქლოროფორმი, ნახშირჟანგის ტეტრაქლორიდი, ეთილენის დიქლორიდი, ტეტრაქლორიდ ეთანი) ნეფროტოქსიური ნივთიერებებია. ტოლუოლის მიღების დროს ვითარდება თირკმლის მწვავე უკმარისობა და თირკმლის ტუბულარული აციდოზი.

 

სიმპტომების გამოვლენა იწყება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრიდან 30 წუთის განმავლობაში. კლინიკური სიმპტომები, ძირითადად, უარესდება პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში; ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება იწყება 1 კვირის შემდეგ.

 

ჰიდროკარბონატებით დამაბინძურებელ აგენტებს შესაძლოა წარმოადგენდეს ჰაერის გამწმენდი საშუალებები, რომლებსაც ვიყენებთ მანქანაში ჰაერის გასუფთავებისათვის.

ჰიდროკარბონატები შედის ჰაერის გამწმენდ საშაულებებში (მაგ. მანქანაში დასაკიდი სურნელოვანი ჰაერის გამწმენდი), რომლის დაღეჭვის, გადაყლაპვის შემთხვევაში ვითარდება ზემოთ ჩამოთვლილიდან ერთი ან რამდენიმე სიმპტომი.

მოარიდეთ ბავშვები ჰიდროკარბონატებით დამაბინძურებელ აგენტებს.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისა თუ ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.