ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ოფისის რეკომენდაციები გრიპზე ვაქცინაციის შესახებ 2017-2018 წლის ზამთრის სეზონისათვის

გრიპი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. ძირითადად იგი გადაეცემა ხველებით, ცემინებით და დაავადებულ პირთან ახლო კონტაქტით. გრიპის სიმპტომები იწყება უეცრად და შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან 2 კვირამდე. მისი ძირითადი სიმპტომებია: ცხელება, ხველა, სხეულისა და თავის ტკივილი. გრიპი ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია იგი გართულდეს და მოხუცებში, ორსულებში, მცირეწლოვან ბავშვებსა და იმ პირებში ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნია - გამოიწვიოს განსაკუთრებით მძიმე დაავადება. ინფექციის პროფილაქტიკისა და გრიპის ვირუსით გამოწვეული მძიმე გართულებების პრევენციის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა გრიპის სეზონური ვაქცინაცია.

გრიპის ვაქცინაციისათვის რეკომენდირებული სამიზნე  ჯგუფები

ვაქცინაციით სარგებლობა ყველა ასაკობრივ ჯგუფს შეუძლია, თუმცა იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპის გართულების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისათვის. ვაქცინაციისათვის შესაძლებელია სპეციფიკური სამიზნე ჯგუფების შერჩევა, რაც დამოკიდებულია: ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის მიზნებზე, ვაქცინაციის დოკუმენტირებულ ეფექტურობაზე, ვაქცინების ხელმისაწვდომობსა და სამიზნე ჯგუფებში ვაქცინაციის კამპანიის დანერგვის შესაძლებლობაზე.

გრიპის იმუნიზაციისათვის პრიორიტეტული ჯგუფები განისაზღვრა 2012 წელს ჯანმო-ს მიერ გრიპის ვაქცინაციის შესახებ მოწოდებულ სტატიაში (Seasonal influenza vaccine, Weekly Epidemiological Record: 2012 (21); 87, 201-16 (www.who.int/wer/2012/wer8721.pdf)) და მოიცავს:

  1. ორსულებს
  2. ბავშვებს (6 თვეზე მეტი ასაკის), პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ გულისა და ფილტვის დაავადებები, მეტაბოლური ან თირკმლის დაავადებები, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ქრონიკული ნევროლოგიური დარღვევები ან იმუნური დეფიციტი.
  3. ხანდაზმულები, ანუ ასაკი, რომელიც გადაცილებულია ეროვნულად განსაზღვრულ ასაკობრივ ზღვარს, მიუხედავად სხვა რისკ-ფაქტორებისა.
  4. 6-დან 59 თვემდე ასაკის ბავშვებს.
  5. სამედიცინო სფეროს მუშაკებს, მათ შორის იმ დაწესებულების პერსონალს, რომლებშიც ზრუნავენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მოხუცებზე.

 

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობა 2017-2018 წლისათვის

გრიპის ვირუსის მუდმივი გენეტიკური და ანტიგენური ცვლილებების გამო, ჯანმო გრიპის ვაქცინის შემადგენლობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს წელიწადში ორჯერ აახლებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებისათვის. ვირუსები, რომლებიც შედიან ვაქცინის შემადგენლობაში, შერჩეულია წინასწარი პროგნოზების შედეგად და მიჩნეულია, რომ დამდეგი სეზონისათვის ყველაზე ხშირად სწორედ აღნიშნული ვირუსები იცირკულირებენ. იმის გამო, რომ ვაქცინების შემადგენლობა ახლდება რეგულარულად, რათა მიღწეულ იქნას საუკეთესო დაცვითი შედეგი, რეკომენდირებულია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება ყოველწლიურად - სეზონის დაწყებამდე. იმის გამო, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადებისათვის საჭიროა 6-დან 8 თვემდე, ყოველი წლის თებერვალში, ჯანმო-ს მიერ ქვეყნდება ჩრდილოეთ ნახევასფეროსათვის განკუთვნილი რეკომენდაციები ვაქცინების შემადგენლობების შესახებ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, ჩრდილოეთ ნახევასფეროში, გრიპის დამდეგი 2017-2018 სეზონისათვის რეკომენდებულია გრიპის სამვალენტიანი სეზონური ვაქცინის გამოყენება, რომელიც შეიცავს:

  • A/Michigan/45/2015 (H1N1)pdm09-ის მსგავს ვირუსს;
  • A/Hong Kong/4801/2014 (H3N2)-ის მსგავს ვირუსს;
  • B/Brisbane/60/2008-ის მსგავს ვირუსს (Victoria lineage).

რეკომენდირებულია, რომ ოთხვალენტიანი ვაქცინები, ზემოთ მოყვანილი სამი ვირუსის გარდა, უნდა შეიცავდეს  B/Phuket/3073/2013-ის მსგავს ვირუსს (Yamagata lineage) .

ჩრდილოეთ ნახევარსფეროს წლევანდელი ვაქცინის შემადგენლობაში, 2016-2017 წლის სეზონში გამოყენებულ ვაქცინასთან შედარებით, წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ცვლილება; A(H1N1)pdm09 ვირუსის კომპონენტი ჩანაცვლებულ იქნა  A/Michigan/45/2015 (H1N1)pdm09-l-ის მაგვარი ვირუსით.

2017-2018 წლის სეზონისათვის, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში რეკომენდირებულია, გრიპის ვაქცინის იგივე შემადგენლობა, რომელიც გამოყენებული იქნა მიმდინარე 2017 წლის სეზონისთვის სამხრეთ ნახევარსფეროში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მუდმივად ახორციელებს გრიპის ვირუსის ცირკულაციის გლობალურ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს რეკომენდაციებს.