ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში 25.11.2017

2017 წლის 25 ნოემბერს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ზუგდიდის ტექნოპარკში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და  საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის ორგანიზებით  გაიმართა წარდგენა პროგრამის

ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცალური დაცვის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის  ხელისუფლების,  ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დააადებათა ეროვნული ცენტრის,  არასამთავრობო ორგანიზაციების, რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების და მედიის წარმომადგენლები.

პროგრამა ხორციელდება აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებას განსაკუთრებული ხელშეწყობა აქვს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.

პროგრამის მიზანია ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგისა და დროული გამოვლენის შესაძლებლობების განვითარება პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ასევე, ამ მიზნით ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო/კერძო პარტნიორების მობილიზება და ამ დაავადებათა მართვის ჰორიზონტალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელება და სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა შეუძლებელი იქნება ადგილობრივი მთავრობების მხარდაჭერის და ჩართულობის გარეშე. 

საქართველოში მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც  უნიკალურია თავისი მასშტაბით და მიზნად ისახავს ქვეყანაში 150 000 C ჰეპატიტით ინფიცირებული პირის გამოვლენას და მკურნალობას. ამავდროულად, უზრუნველყოფილია ქვეყნის მოსახლეობის ტუბერკულოზის და შიდსის  დიაგნოსტირებით და მკურნალობით უნივერსალური მოცვა. თუმცა, პაციენტების აქტიური გამოვლენა და მათი მკურნალობაში ჩართვა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება სამივე დაავადების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაღალი პრევალენტობის რეგიონებში.

მიმდინარე პროგრამების ეფექტურობის კიდევ უფრო ამაღლების მიზნით სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა ინოვაციურ მიდგომაზე. ამ ინიციატივის ნაწილია აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი პილოტური პროგრამა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რომლის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება დაავადებათა ინტეგრირებული მართვის მოდელის შემუშავებასა და დანერგვაზე.

პრევენციის ყველაზე ეფექტურ გზად მიჩნეულია ადრეული გამოვლენა და მკურნალობა. ქვეყანას ეძლევა რეკომენდაცია უზრუნველყოს მაღალი რისკის ჯგუფების პირთა სულ ცოტა 90%-ის გამოკვლევა ტუბერკულოზზე, აივ/ინფექცია შიდსსა და C ჰეპატიტზე. პილოტური პროექტის ფარგლებში  აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, კერძოდ: მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის შესახებ, პირველადი ჯანდაცვის დონეზე ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის სერვისების ინტეგრირებული მოდელის შემუშავება, პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და თემის წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა TB/HIV/HCV დაავადებათა გამოვლენის საკითხებში, ამ მიზნით მოკლევადიანი მულტიდისციპლინური ტრენინგების პროგრამის შემუშავება და ტრენინგების ორგანიზება თითოეულ რაიონში. 

აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვნია  რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობა როგორც  მოსახლეობასთან, ასევე რეგიონში არსებული პირველადი ჯანდაცვის რგოლთან მიმართებაში. 

ადგილობრივ მთავრობასთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებამ, ასევე სამივე დაავადების შედარებით მაღალმა გავრცელებამ განაპირობა პილოტური პროგრამის განხორციელებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის შერჩევა. 

პროგრამის წარმატებით განხორციელება შექმნის მოდელს სხვა რეგიონებისთვის, მიღებული გამოცდილების გასაზიარებლად. 

 

იხილეთ ფოტოალბომი