ენდოკრინული დაავადებები

1)      რას წარმოადგენს ენდოკრინოლოგიური დაავადებები?

ენდოკრინული დაავადებები დაავადებათა კლასია გამოწვეული ერთი ან რამდენიმე ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით. მათ საფუძვლად უდევთ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ჰიპერფუნქცია,  ჰიპოფუნქცია ან დისფუნქცია.

ენდოკრინული დაავადებებიდან ყველაზე ხშირად გავრცელებულია ფარისებრი ჯირკვლის  (მაგ.  ჰიპერთირეოზი, ჰიპოთირეოზი), კუჭქვეშა ჯირკვლის (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ინსულინომა), ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემის (მაგ. აკრომეგალია, იცენკო-კუშინგის დაავადება), თირკმელზედა ჯირკვლის  დარღვევები. 

ენდოკრინული სისტემის ნებისმიერი დაავადების საფუძველს აქვს ერთი ან რამდენიმე ძირითადი მიზეზი:

  • ამა თუ იმ ჰორმონის უკმარისობა ან სიჭარბე
  • შინაგანი სეკრეციის ჯირკვლის მიერ ანომალური ჰორმონის წარმოება
  • რეზისტენტობა ჰორმონის მოქმედების მიმართ
  • ჰორმონის მეტაბოლიზმის, მიწოდებისა და სეკრეციის რითმის დარღვევა
  • ზოგიერთი ჰორმონალური სისტემის ერთმომენტური დარღვევა და სხვ.

ჰორმონების დეფიციტის მიზეზები უმეტეს შემთხვევაში ცნობილია. მათ მიეკუთვნება:

  • შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ინფექციური დაზიანებები (კორტიზოლის დაბალი დონე თირკმელზედა ჯირკვლის ტუბერკულოზის დროს)
  • შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების თანდაყოლილი განუვითარებლობა (ჰიპოპლაზია), მაგ. თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი
  • შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში სისხლჩაქცევა ან არასაკმარისი სისხლმომარაგება (მშობიარობის შემდგომი ჰიპოპიტუიტარიზმი)
  • ანთებითი პროცესი (შაქრიანი დიაბეტის ან პანკრეატიტის გამო)
  • აუტოიმუნური დაზიანება (აუტოიმუნური თირეოიდიტი), სიმსივნეები (ჰიპოპიფიზის ადენომა)
  • ორგანიზმში ჰორმონწარმომქმნელი ნივთიერებების არასაკმარისი მიწოდება (იოდის დეფიციტის გამო ჰიპოთირეოზი)
  • სხვადასხვა ტოქსიური ნივთიერებების გავლენა და დასხივება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე
  • იატროგენული მიზეზები (ფარისებრახლო ჯირკვლების ამოკვეთა გრეივსის დაავადების დროს)

www.endocrinology.org

www.who.int/diabets.

McGraw-Hill: Harrison's Endocrinology, Second Edition : Book www.mhprofessional.com/product

2)      რატომ არის საყურადღებო ენდოკრინული  დაავადებები?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ბოლო წლებში  ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით გამოწვეული ავადმყოფობების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება. ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები  და  იოდდეფიციტი წარმოადგენს.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები  საქართველოსთვის ყოველთვის განეკუთვნებოდა სამხარეო პათოლოგიას, ხოლო მისი მაღალმთიანი რაიონები ოდითგანვე ჩიყვის  ენდემიის კერებად იყო ცნობილი. 1996 წელს იოდდეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლამ პრიორიტეტული ადგილი დაიკავა და დამტკიცდა იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა (1997-2007 წ), რომლის მიზანი იყო საქართველოში კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებით იოდდეფიციტური დაავადებების  ეფექტური მართვა, რაც უზრუნველყოფდა მათ შემცირებას, ხოლო მომავალში მინიმუმამდე დაყვანას.

2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე მიღებული იქნა კანონი „იოდის, სხვა მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“. ეს კანონი კრძალავს არაიოდირებული მარილის იმპორტსა და გაყიდვას და ქვეყანაში საკვების ფორტიფიკაციის პოლიტიკის განხორციელების მექანიზმს აწესებს.

2006-2012 წლებში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა შორის აღსანიშნავია სუბკლინიკური და სხვა ფორმის ჰიპოთირეოზის პრევალენტობის მაჩვენებლები. ყველაზე მაღალი შედეგები იყო 2006 წელს, შემდეგ წლებში ადგილი აქვს პრევალენტობის კლებას, და მხოლოდ 2012 წელს წინა წლებთან შედარებით აღსანიშნავია მკვეთრი მატება. აღნიშნული შეიძლება აიხსნას, რომ 2006 წლამდე ქვეყანაში მოქმედებდა „იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის“ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გაუქმდა 2007 წელს. პროგრამის ფარგლებში ხდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პროფილაქტიკური გასინჯვები, რაც ხშირად და უკეთესად სუბკლინიკური და სხვა ფორმის ჰიპოთირეოზის გამოვლენის საშუალებას იძლეოდა.  მას შემდეგ ქვეყანაში არ არსებობდა სახელმწიფო პროგრამა, რაც შეეხება 2012 წელს პრევალენტობის მკვეთრი მატება შეიძლება დაკავშირებული იყოს ქვეყანაში სადაზღვეო სისტემების სერვისის გაუმჯობესებით.

 http://www.ncdc.ge/index.

 

 

3)      ენდოკრინული დაავადების ძირითადი სიმპტომები

ენდოკრინული დაავადებებით ავადმყოფთა ჩივილები მრავალმხრივია: მათ მიეკუთვნება მაგ, წონაში კლება ან მატება, გულისცემის აჩქარება, ციებ-ცხელება, სიმხურვალის შეგრძნება, მომატებული ოფლიანობა, აგზნებულობა, ფაღარათი (დიფუზური ტოქსიური ჩიყვის დროს), არტერიული წნევის მომატებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი (ჰიპერკორტიციზმი, ფეოქრომოციტომა), კუნთოვანი ადინამია და მკვეთრად გამოხატული სისუსტე (თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობის დროს), ყურადღებისა და მეხსიერების დაქვეითება (ჰიპოთირეოზის დროს), წყურვილის მომატებული გრძნობა (შაქრიანი დიაბეტის დროს), გაძლიერებული შარდვა (შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის დროს) და სხვ.

www.endocrinology.org/

 

4)                  რა უნდა გავაკეთო თუ ეს სიმპტომები მაწუხებს?

აღნიშნულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ენდოკრინული სისტემის ორგანოებზე ნეგატიურად მომქმედი ინფექციური და სხვა ბუნების დაავადებების თანამედროვე მკურნალობა, გარემო მავნე ფაქტორების (დასხივება, სხვადასხვა ქიმიური ნაერთები) მოქმედების შემცირება, ბალანსირებული კვება, ფიზიკური აქტივობა და სხვ.

საეჭვო სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის/უახლოესი პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმს, რომელიც გაუწევს შესაბამის რეკომენდაციებს.

 

5)                  რისი გაკეთება შემიძლია ენდოკრინული დაავადებების თავიდან ასაცილებლად an რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად?

იოდდეფიციტურ დაავადებათა დაძლევა უმნიშვნელოვანეს სამედიცინო-სოციალურ ამოცანას წარმოადგენს. იოდდეფიციტს ადამიანის განვითარების კრიტიკულ ეტაპებზე, კერძოდ ორსულობის და ადრეული  ბავშვთა ასაკში,  შეუძლია გამოიწვიოს თავის ტვინის განვითარების  შეფერხება და, შესაბამისად  ფსიქიკური  დარღვევები. იოდდეფიციტის დაავადებათა სპექტრი მრავალმხრივია და მოიცავს ყველა ასაკობრივ ჯგუფს:

  • მუცლადყოფნის პერიოდი: აბორტი, მკვდრადშობადობა, განვითარების თანდაყოლილი მანკები, მაღალი პერინატალური სიკვდილიანობა, ნევროლოგიური და მიქსემატოზური კრეტინიზმი, ფსიქომოტორული განვითარების პათოლოგია;
  • ახალშობილი: ნეონატალური ჰიპოთირეოზი;
  • ბავშვები და მოზარდები: გონებრივი და ფიზიკური განვითარების დარღვევა;
  • მოზრდილები: ჩიყვი და მისი გართულებები, იოდინდუცირებული თირეოტოქსიკოზი;
  • ყველა ასაკი: ჩიყვი, ჰიპოთირეოზი, კოგნიტური ფუნქციის დარღვევა, რადიოაქტიური იოდის შთანთქმის ზრდა.

იოდის დეფიციტი ორსულობის და ადრეული  ბავშვთა ასაკში წარმოადგენს თავის ტვინის დაზიანების მიზეზს, რომლის პრევენცია მსოფლიო მასშტაბით სავსებით შესაძლებელია. იოდდეფიციტით დაზიანებული რეგიონის მოსახლეობას შესაძლებელია ქონდეს  13,5 პუნქტით უფრო დაბალი გონებრივი განვითარების კოეფიციენტი (IQ),  ვიდრე იოდდეფიციტისგან თავისუფალი რეგიონის მოსახლეობას.  ამავე დროს, სხვა დაავადებისგან განსხვავებით, იოდდეფიციტური დაავადებები არის ძალზე ადვილი და იაფი პროფილაქტიკისათვის. მათი დაძლევისთვის და აღკვეთისათვის საჭიროა სულ მცირე ოდენობის იოდის სისტემატური დამატება მოსახლეობის მიერ მოხმარებულ მარილში.

დღეისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია,  გაეროს ბავშვთა ფონდი და იოდდეფიციტური დაავადებების კონტროლის საერთაშორისო საბჭო რეკომენდაციას უწევენ იოდის ყოველდღიური მოხმარების შემდეგ ნორმებს:

  • 90  მკგ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის (0-59 თვის);
  • 120 მკგ დაბალი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (6-12 წელი);
  • 150 მკგ მოზრდილებისათვის (12 წელზე ზემოთ);
  • 250 მკგ ორსული და მეძუძური ქალებისთვის

http://www.ncdc.ge/index