25 ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მსოფლიო დღე

25 ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მსოფლიო დღე

25  ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მსოფლიო დღე

25 ნოემბერი 2014 წელი  „შეღებე სამყარო ნარინჯისფრად“ „ ნარინჯისფერია  ჩემი  უბანი“ „მე ვატარებ ნარინჯისფერს“

25 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით აღნიშნება ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის მსოფლიო დღე სლოგანით ,,შეღებე სამყარო ნარინჯისფრად 16 დღის განმავლობაში’’.

1999 წლის 17 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველი სამი ქალიდან ერთი ცხოვრების განმავლობაში, სულ მცირე, ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური შეურაცხყოფის ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი.

http://www.who.int/pmnch/media/events/2014/endviolenceday/en/

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ინიცირებული ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი კამპანია, იწყება 25 ნოემბერს და გრძელდება 10 დეკემბრამდე - ადამიანის უფლებების დაცვის დღემდე,  მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.

წელს გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის  მთავარი გზავნილია „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ და მოუწოდებს ქვეყების მთავრობებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს განახორციელონ ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ზრდას აღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებით.  

http://www.unwomen.org/en/what-we-do/ending-violence-against-women/take-action

http://www.un.org/en/events/endviolenceday/

ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემაა და ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარღვევაა. მას არა აქვს კულტურული, გეოგრაფიული, რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური თუ ეროვნული საზღვრები და ყველაზე ხშირად ჩაკეტილი სოციუმისთვისაა დამახასიათებელი. ამ პრობლემას აქვს უაღრესად სერიოზული შედეგები არა მარტო ძალადობის მსხვერპლი ქალების ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე, არამედ იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვებზე, ოჯახებსა და საზოგადოებაზე.

ქალის მიმართ ძალადობა სიკვდილიანობის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიზეზია; ის აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ზრდის ავადობას, აქვს მძიმე შედეგები ფიზიკური, ფსიქიკური, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის  მხრივ. ძალადობა მრავალმხრივ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ცხოვრების წესზე და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პიროვნულ თუ პროფესიულ პერსპექტივებზე. მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში ცხოვრება ავადმყოფობის გამომწვევ ფაქტორად იქცევა.

საქართველო ტრადიციულ საზოგადოებად ხასიათდება, სადაც მყარადაა გამჯდარი ოჯახის, როგორც წმინდა, საიდუმლო ადგილის, აღქმა. უკანასკნელ წლებში ქართული საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობისადმი უფრო შეუწყნარებელი გახდა, თუმცა  ამით პრობლემის სიმწვავე ჯერ არ განელებულა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევები 92.3%-ით გაიზარდა. კერძოდ, შსს-ს დეტალური სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის სექტემბერში აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2014 წლის სექტემბერში - 50 ფაქტი. ამასთან, უწყების ცნობით, მიმდინარე წელს გაიზარდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი: თუ გასულ წელს ოჯახში ძალადობის შემთხვევების 76.9% გაიხსნა, 2014 წლის სექტემბერში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 82%-ია.

შინაგან  საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი ოთხი წლის მანძილზე (2010-2013) თბილისის შემდეგ აჭარაში ფიქსირდება.  აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით,  ოთხი წლის მანძილზე საქართველოში ოჯახში ძალადობის 1025 ფაქტი დაფიქსირდა, რომელშიც მონაწილეობდა 1997 პირი. შსს-ს ცნობით, მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები და მათი თანაფარდობა მოძალადე ქალებთან შეადგენდა 1:10. შესაბამისად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უფრო მეტად ქალები (თითქმის 7.7–ჯერ) ხდებიან. საპატრულო პოლიციის ყოველი მეოთხე გამოძახება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მოდის. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2009–2010 წლებში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ადგილი ჰქონდა 13 მკვლელობას და 5 მკვლელობის მცდელობას, რაც წინა წლებთან ნაკლები, მაგრამ საგანგაშო სტატისტიკაა.

კვლევები ადასტურებენ, რომ ქალთა 78%-ს მიაჩნია, რომ ძალადობა მისი ოჯახის პრობლემაა და იქვე უნდა გადაწყდეს, ხოლო ქალთა 34% ქმრის მიერ ცოლზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს და სამმართალდარღვევად არ მიიჩნევს.

2009 წელს  გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა - საქართველოში ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქორწინებაში მყოფ ქალთა 9.2%, ანუ ყოველი მე–11 ქალი აღიარებს, რომ გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან. ქალაქის მოსახლეობას შორის  ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევები ორჯერ უფრო ხშირია.

საქართველოში ქალთა უფლებადამცველი აქტივისტები ძალადობის დაძლევის მსოფლიო დღეს 1981 წლის 25 ნოემბრიდან აღნიშნავენ.

ჩვენი მოქალაქეობრივი აქტივობითა და პროფესიული მოვალეობების სათანადოდ შესრულებით თითოეულ ჩვენგანს შეგვწევს ძალა წვლილი შევიტანოთ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის საქმეში.