ვირუსული ჰეპატიტები

რა არის ვირუსული ჰეპატიტები?

ვირუსული ჰეპატიტები მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული დაავადებებია. მისი გამომწვევია ვირუსები: A,B,C,D,E. ისინი გავრცელებულია ყველგან და იწვევენ სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 350 მლნ ადამიანია ინფიცირებული B ვირუსით და 170 მლნ - C ვირუსით.

როგორია საქართველოში ინფექცის გავრცელება?

2013 წელს საქართველოში აღირიცხა B ჰეპატიტის 1324 შემთხვევა, მათ შორის მწვავე - 217 შემთხვევა და ქრონიკული - 1107 შემთხვევა, ხოლო  C ჰეპატიტის 2026 შემთხვევა, მათ შორის მწვავე-266 შემთხვევა  და ქრონიკული -1760 შემთხვევა.    C ჰეპატიტის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაიზარდა 7,7%-ით დაავადების როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ფორმის შემთხვევათა  ხარჯზე.

ვირუსული Bჰეპატიტი

ვირუსული B ჰეპატიტი ღვიძლის ინფექციური დაავადებაა. ის უმთავრესად ზრდასრულ ადამიანებს ემართებათ (ავადობის პიკი 20-დან 49 წლამდე მოდის). ვირუსი გადაედება დაავადებულის სისხლითა და სხვა ბიოლოგიური სითხეებით. ინფიცირება ხშირად ხდება ნარკოტიკის საერთო შპრიცით შეყვანისას, პირსინგის, ტატუს, მანიკიურისა და პედიკიურის არასათანადოდ გასტერილებული ხელსაწყოების გამოყენებისას. ინფიცირება შესაძლოა მოხდეს სამედიცინო დაწესებულებაშიც, თუ სამედიცინო ხელსაწყოები არასათანადოდ იქნა სტერილიზებული ან სისხლს გადასხმამდე სათანადო შემოწმება არ ჩაუტარდა.

გადადის თუ არა ინფექცია სქესობრივი გზით?

თუ სქესობრივი პარტნიორი ინფიცირებულია, ვირუსის გადაცემის ალბათობა 30%-ია.
ინფიცირების ალბათობა იზრდება, როდესაც ადამიანს ჰყავს მრავალი სქესობრივი პარტნიორი ან ერთი პარტნიორი, რომელსაც, თავის მხრივ, მრავალი პარტნიორი ჰყავს. B ჰეპატიტი სქესობრივი გზით გადამდები ერთადერთი ინფექციაა, რომლისგან თავის დაცვაც ვაქცინაციით არის შესაძლებელი.

შესაძლებელია თუ არა, ბავშვი მშობლებისგან დაინფიცირდეს?

თუ დედას აქვს ვირუსული B ჰეპატიტი, მას შესაძლოა ინფიცირებული შვილი შეეძინოს. ინფიცირება ხდება ან ორსულობისას, პლაცენტის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში ან მშობიარობისას, ბავშვის სამშობიარო გზებში გავლის დროს. ინფიცირებული დედის შვილს აქვს ქრონიკული B ჰეპატიტის განვითარების დიდი ალბათობა და დაავადების არაკეთილსაიმედო პროგნოზი. საინტერესოა, რომ B ჰეპატიტის ვირუსი დედის რძეშიც არის აღმოჩენილი, მაგრამ ძუძუთი კვების დროს ბავშვის ინფიცირების რისკი არ არსებობს.


შესაძლებელია თუ არა ინფიცირება საყოფაცხოვრებო კონტაქტით?

B ჰეპატიტის ვირუსი აღმოჩენილია ინფიცირებულთა ნერწყვში, ცრემლსა და განავალში. თუ ეს გამონაყოფები ადამიანის დაზიანებულ კანზე ან ლორწოვან გარსზე მოხვდა, ინფიცირება მოსალოდნელია, მაგრამ ალბათობა ძალიან მცირეა. დაუზიანებელი კანიდან და ლორწოვანი გარსიდან ვირუსი ორგანიზმში ვერ აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ B ჰეპატიტი არ ვრცელდება საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზით - ხელის ჩამორთმევისას, საუბრისას, საკვების, საერთო ჭურჭლის მეშვეობით, ამიტომ დაავადებული ირგვლივ მყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და იზოლაციას არ საჭიროებს.


ვინშედის B ჰეპატიტით დაავადების მაღალი რისკის ქვეშ?

  • პირები,  რომელთაც ჰყავთ ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი;
  • მამაკაცები, რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან;
  • ინფიცირებულთა სქესობრივი პარტნიორები;
  • ინექციური ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლები;
  • ქრონიკული B ჰეპატიტით დაავადებულთა ოჯახის წევრები;
  • ინფიცირებული დედების მიერ გაჩენილი ბავშვები;
  • სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები;
  • ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფები; ასევე - ავადმყოფები, რომელთაც ხშირად სჭირდებათ სისხლის გადასხმა.

 

როგორ უნდა გავიგო, რომ ვარ ინფიცირებული ?

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა, უმადობა, სიყვითლე, გულისრევა, მარჯვენა ფერდქვეშა არეში უსიამოვნო შეგრძნება, შარდის გამუქება და განავლის გაბაცება, სახსრების ტკივილი.

დიაგნოზის დასადგენად საჭიროა გაკეთდეს სისხლის ანალიზი ვირუსის HBSAg ანტიგენსა და მის ანტისხეულებზე (ანტი- HBs-ზე). თუ ორივე ტიტრი უარყოფითი აღმოჩნდა, ინფიცირების ალბათობა დიდია. ამ შემთხვევაში ნაჩვენებია ვაქცინაცია. HBsAg-ის არსებობა ინფიცირებაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია შემდგომი გამოკვლევა. ვაქცინაცია დაგვიანებულია. საჭიროა ექიმთან ვიზიტი. HBsAg-ის მატარებელი ირგვლივ მყოფთათვის ინფიცირების პოტენციურ წყაროს წარმოადგენს. თუ სისხლში აღმოჩნდა ანტი-HBs-ის მაღალი ტიტრი, მაგრამ HBsAg არ იქნა გამოვლენილი, მაშინ ვაქცინაცია არ არის საჭირო, რადგან ადამიანი ინფიცირებისგან უკვე დაზღვეულია.


რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ინფიცირების რისკი?

B ჰეპატიტის პრევენციის მთავარი ინსტრუმენტია B ჰეპატიტის ვაქცინა.   რეკომენდებულია, რომ ყველა ახალშობილს გაუკეთდეს B ჰეპატიტის ვაქცინა დაბადებიდან რაც შეიძლება მოკლე დროში, უმჯობესია 24 საათში.

ყველა ბავშვი და მოზარდი 18 წელზე ქვემოთ, რომელთაც არ აქვთ ვაქცინაცია ჩატარებული, უნდა მიიღონ ვაქცინა თუ ისინი ცხოვრობენ  დაბალი ან საშუალო ენდემურობის ქვეყნებში. ინფიცირების  საფრთხე აქვთ მაღალი რისკის ჯგუფების წარმოამდგენლებს, ამიტომ მათაც უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია.

სისხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა - რომელიც მოიცავს დონორული სისხლის და სისხლის კომპონენტების შემოწმებას, გამოიყენება B ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის პრევენციისთვის. ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხო სექსისთვის საჭირო დამცავი საშუალებების ხმარება, რომელიც იცავს B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებისაგან.

თუ ყველა ზედმიწევნით დაიცავს პირადი ჰიგიენის წესებს, ოჯახის წევრების ინფიცირების ალბათობა მცირეა. ინფიცირების მაღალი რისკი მხოლოდ დაავადებულის მეუღლეს აქვს, ამიტომ მისი ვაქცინაცია აუცილებელია. ქრონიკული  B ჰეპატიტით დაავადებულის ოჯახის წევრები უნდა იქნენ გამოკვლეულნი და აცრილნი B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით.


ვირუსული C ჰეპატიტი

C ჰეპატიტი არის ღვიძლის დაავადება, რომელიც გამოწვეულია C ჰეპატიტის ვირუსით. ამ ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ინფექცია. ის შეიძლება იყოს მსუბუქად მიმდინარე და მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, ან მძიმე და ქრონიკული, რომელიც ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება;

რამდენად საყურადღებოა C ჰეპატიტი?

უმეტესად ახალგაზრდები ავადდებიან, მაგრამ ისიც შესამჩნევია, რომ ინფიცირების ასაკი თანდათან იმატებს. მთელ მსოფლიოში 170 მილიონზე მეტ ადამიანს ქრონიკული C ჰეპატიტი აქვს; ყოველწლიურად ინფიცირდება 3-4 მლნ კაცი. დაავადება გავრცელებულია ყველა ქვეყანაში, მაგრამ არათანაბრად.

ინფექციის გადაცემის ძირითადი ფაქტორია სისხლი  - ინფიცირება შესაძლოა მოხდეს პირსინგისა და ტატუირების ინსტრუმენტებითაც, რომლებიც დაბინძურებულია ავადმყოფის ან ინფექციის მატარებლის ინფიცირებული სისხლით, აგრეთვე - სამართებლით, მანიკიურის საშუალებებით, ბილის ჯაგრისითაც კი. მაგრამ, სტატისტიკურად, ინფიცირება უმეტესად ინექციური ნარკოტიკების საერთო შპრიცით მოხმარებისას ხდება. ინფიცირების რისკი მაღალია თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.

 სქესობრივი გზით C ჰეპატიტის გადაცემა შესაძლებელია, მაგრამ გაცილებით იშვიათია, ვიდრე B ჰეპატიტის ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გადაცემა. ვირუსმატარებელთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტისას ინფექციის გადაცემის ალბათობა 3-5%-ს შეადგენს.

C ჰეპატიტი არ გადაედება ჰა­ერწვეთოვანი გზით (საუბრისას, ცემინებისას, ნერწყვით), ხელის ჩამორთმევისას, მოხვევისას, საერთო ჭურჭლის ხმარებისას. C ვირუსით დაავადებულებსა არ სჭირდებათ იზოლირება ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისგან.


ვინ  არის   დაავადების რისკის  ქვეშ?

  • ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები;
  • პირები, ვისაც უტარდება ინფიცირებული სისხლის პროდუქტების გადასხმა ან ინვაზიური პროცედურები ისეთ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ინფექციის კონტროლის პრაქტიკა არასაკმარისადაა განხორციელებული;
  • ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ C ჰეპატიტით ინფიცირებული დედებისგან;
  • პირები, რომელთა სქესობრივი პარტნიორები არიან C ჰეპატიტით ინფიცირებულნი;
  • პირები, რომლებსაც გაკეთებული აქვთ ტატუ ან პირსინგი.


როგორ უნდა გავიგო, რომ ვარ ინფიცირებული?

C ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი 20-დან 140 დღემდეა, საშუალოდ - 50 დღეა. C ჰეპატიტის სიმპტომები შესაძლოა არც კი გამოვლინდეს და დაავადება მხოლოდ მაშინ აღმოაჩინონ, როდესაც საქმე ციროზამდე მივა.

C ჰეპატიტი, როგორც ითქვა, უსიმპტომო დაავადებაა და უმეტესად დიაგნოსტირდება მაშინ, როდესაც ადამიანი ექიმს მიმართავს სხვა დაავადების გამო, ამიტომ დროული დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ანალიზები. რაც შეეხება  სიმპტომებს, უმეტესად შეინიშნება ასთენია, სისუსტე, დაღლილობა. მაგრამ ეს ნიშნები ძალზე არასპეციფიკურია (მხოლოდ მათი არსებობა C ჰეპატიტს არ ადასტურებს). ღვიძლის ციროზის დროს მოსალოდნელია სიყვითლე, მუცლის გარშემოწერილობის მომატება (ასციტი), სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების გაჩენა და სხვა.

დაავადებულთა 70%-ში - პირველივე სიმპტომების გამოვლენისას, ხოლ 90%-ში - სამი თვის განმავლობაში აღმოუჩენენ ანტისხეულებს (ანტი-HCV), მაგრამ ზოგ შემთხვევაში ანტისხეულები შესაძლოა არც კი გამოვლინდეს. სისხლში ვირუსის რნმ (PCR)  ინფიცირებიდან 1-2 კვირის განმავლობაში ვლინდება.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ინფიცირების რისკი?

ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ინფიცირებულმა უნდა დაიცვას რამდენიმე წესი:

  • არ გახდეს სისხლისა და ორგანოების დონორი;
  • არ გამოიყენოს საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც შესაძლოა გადაცემის მიზეზად იქცეს (სამართებელი, ეპილატორი, კბილის ჯაგრისი და ძაფი, მანიკიურის ხელსაწყოები);
  • თუ დაშავდა, იმისთვის, რომ სისხლი გარეთ არ გამოვიდეს, ჭრილობებსა და ნაჭდევებზე დაიკრას პლასტირი.


სისხლით დაბინძურებული ტანსაცმლისა და თეთრეულის რეცხვისას გაითვალისწინეთ: 60-გრადუსიან წყალში ვირუსის ინაქციატივა 30 წუთში ხდება, დუღილისას - 2 წუთში. დადგენილია, რომ C ჰეპატიტის ვირუსი გარემოში, გამშრალ სისხლში, ოთახის ტემპერატურაზე 16 საათიდან 4 დღემდე ცოცხლობს. ყველა ის ადგილი, სადაც შემთხვევით მოხვდა ინფიცირებულის სისხლი, უნდა დამუშავდეს ქლორის ან ქლორიანი კირის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით, განზავებით 1:100.


გამოყენებული წყაროები: