ბოტულიზმი

1)    რა არის ბოტულიზმი?

ბოტულიზმი მძიმე ტოქსიკო–ინფექციური დაავადებაა, ახასიათებს ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია და ნერვული სისტემის დაზიანება, განსაკუთრებით მოგრძო და ზურგის ტვინის. კლინიკური ნიშნები უპირატესად გამოვლინდება ოფთალმოპლეგიური და ბულბალური სინდრომების სახით.

გამომწვევია ანაერობული მიკროორგანიზმის Clostridium botulinum-ის მიერ წარმოქმნილი ტოქსინი. Clostridium botulinum-ი ჩვეულებრივ ბინადრობს ნიადაგში სპორის სახით, იზრდება და მრავლდება ანაერობულ გარემოში, გარდაიქმნება ვეგეტატიურ ფორმად და გამოიმუშავებს ეგზოტოქსინს. ბოტულიზმის გამომწვევის 7 სეროვარი არსებობს, ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა A,B და E სეროვარების ტოქსინების მიმართ.

http://www.cdc.gov/nczved/divisions/dfbmd/diseases/botulism/#top

 

2)   რამდენად საყურადღებოა ბოტულიზმი?

ბოტულიზმის გამომწვევი ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. იგი ბინადრობს მსხვილ და წვრილფეხა რქოსანი საქონლის, ღორის, თევზების, მოლუსკების,  ფრინველების და ადამიანის ნაწლავებში. გამოიყოფა განავალთან ერთად და ხვდება ნიადაგში. სპორების შემცველი ნიადაგით ბინძურდება საკვები პროდუქტები: ბოსტნეული, ხილი, სოკო, მარცვლეული, წყალი და სხვ. საკვებ პროდუქტებში ბოტულიზმის ბაქტერიების სპორები გამრავლებას და ეგზოტოქსინის გამოყოფას იწყებენ მხოლოდ უჟანგბადო პირობებში. ამიტომ ბოტულიზმით ადამიანი ძირითადად ავადდება კონსერვების, ძეხვის, შაშხის, შებოლილი, დამარილებული თევზის საკვებად გამოყენების შემდეგ, თუ ეს პროდუქტები დაბინძურებული იყო სპორებით და მათი დამუშავებისას არ იყო დაცული შესაბამისი სანიტარული წესები. ბოტულიზმის ბაქტერიების სპორები ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების მიმართ არიან ძლიერ გამძლენი, მაგ. დუღილის ტემპერატურას (1000C) უძლებენ 3–5 საათის განმავლობაში, თუმცა მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინი სულაც არაა მდგარდი დუღილის მიმართ და 15-20 წუთში იშლება.

ავადმყოფი ადამიანი ეპიდემიოლოგიურ საშიშროებას არ წარმოადგენს, ადამიანიდან ადამიანზე დაავადება არ გადაეცემა. დაავადების გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არ მუშავდება. ადამიანის დაინფიცირება ხდება მხოლოდ ისეთი პროდუქტის მიღებისას, რომელშიც ანაერობულ პირობებში მოხდა გამომწვევის გამრავლება და ტოქსინის დაგროვება.

ზოგადად განასხვავებენ 3 სახის ბოტულიზმს: საკვებისმიერს, ჭრილობის და ჩვილ ბავშვთა ბოტულიზმს. ბოტულიზმის გადაცემის მექანიზმია ფეკალურ–ორალური და კონტაქტური (ჭრილობის ბოტულიზმი).

საქართველოში აღრიცხულია მხოლოდ საკვებით გამოწვეული ბოტულიზმის შემთხვევები, მათგან დაავადების მიზეზი უმეტესად სახლში დამზადებული კონსერვებია. განსაკუთრებით ხშირია მცენარეული პროდუქტებისა და ბოსტნეულის კონსერვებით (კიტრი, პამიდორი) გამოწვეული ბოტულიზმის შემთხვევები.

http://www.cdc.gov/nczved/divisions/dfbmd/diseases/botulism/#top

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs270/ru/

 

3)  როგორია საქართველოში ბოტულიზმის პრევალენტობა?

საქართველოში ბოტულიზმის დაავადება აქტუალურია ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით მის სამხრეთ ნაწილში.

 

4)  როგორ უნდა გავიგო ვარ თუ არა ბოტულიზით დაავადებული?

საჭლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრილი ბოტულინოტოქსინი ფერმენტების ზემოქმედებით არ იშლება, შეიწოვება კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანიდან და სისხლით ვრცელდება მთელ ორგანიზმში. ბოტულინოტოქსინი არჩევითად აზიანებს ნერვულ სისტემას და იწვევს კუნთების დამბლას.

დაავადების დასაწყისში გამოვლინდება ძლიერი მოდუნება, სისუსტე და თავბრუსხვევა, შემდეგ ბუნდოვანი, გაორებული მხედველობა, პირის სიმშრალე, მეტყველების და ყლაპვის გაძნელება. ასევე შეიძლება გამოხატული იყოს ღებინება, დიარეა, მუცლის შებერილობა. ტემპერატურა სუბფებრილურია და ცნობიერება ყოველთვის შენარჩუნებული. დაავადების პროგრესირებისას შესაძლებელია განვითარდეს ხახის, ხორხის, სასუნთქი კუნთების დამბლა, რაც თავის მხრივ განაპირობებს ყლაპვის და სუნთქვის დარღვევას და ხელს უწყობს ასპირაციული პნევმონიის განვითარებას.სამედიცინოდახმარების გარეშე მძიმდება სუნთქვის მწვავე უკმარისობის მოვლენები. ავადამყოფი შეიძლება დაიღუპოს თუ მკურნალობა დროულად და სრულად არ ჩატარდა, ლეტალობა შემთხვევების 5–10% აღწევს.

სიმპტომების ასე მძიმედ მიმდინარეობის მიზეზი  არის არა ბაქტერია, არამედ მის მიერ გამომუშავებული ტოქსინი. სიმპტომების გამოვლენა ხდება ექსპოზიციიდან  12–36 საათის შემდეგ (მინიმუმი 4 საათი და მაქსიმუმი 8 დღე), დამოკიდებულია მიღებული ტოქსინის დოზაზე.

http://www.cdc.gov/nczved/divisions/dfbmd/diseases/botulism/#symptoms

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs270/ru/

 

5)   როგორ უნდა მოვიქცეთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში?

ბოტულიზმზე საეჭვო ყველა ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში.

  • თბილისი, რესპუბლიკური ინფექციური პათოლოგიის ცენტრი,  ალ. ყაზბეგის გამზ. #16,   +995 322 395 729;
  • ბათუმი, შპს ,,უნიმედი აჭარა" ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი, ბაგრატიონის ქუჩა #125,  +995 0422 292 116;
  • ქუთაისი, შპს. მულტიპროფილური ჰოსპიტალი „მედიქალსიტი“, ფოთის ქუჩა #40,  +995 0431  24-21-01;

 

6)   რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული ბოტულიზმის ექსპოზიცია?

ბოტულიზმის დაავადების პროფილაქტიკაში, საკვები პროდუქტების კონსერვირებისას წამყვანია  სანიტარული და ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვა საკონსერვო ქარხნებში, საკვების საწარმოებში, სასურსათო მაღაზიებში, სასაზოგადოებრივი კვების ობიექტებში. ეს აუცილებელია ასევე სახლის პირობებში ძეხვის, ლორის, დამარილებული და შებოლილი თევზის, კონსერვირებული სოკოების, ბოსტნეულის, ხილის და კენკრის დამზადებისას.

აუცილებელია სტერილიზაციის წესების ზუსტი დაცვა. რადგან ბოტულიზმის ბაქტერიების სპორები იხოცებიან მხოლოდ ავტოკლავირების შედეგად 120 ატმოსფერული წნევის პირობებში, ამიტომ არ არის რეკომენდირებული კონსერვების სახლის პირობებში დამზადება.

აუცილებელია მოერიდოთ კუსტარულად დამზადებულ კონსერვებს, შებოლილ და დამარილებულ თევზსა და ხორცპროდუქტებს (მაგ. ძეხვი, ლორი). გამოყენების წინ კარგად დააკვირდეთ კონსერვის ქილას, თუ მისი ხუფი ამობერილია (ე.წ. ,,ბომბაჟი’’), კონსერვი უნდა გაანადგუროთ. თუ ქილა ნორმალურად გამოიყურება, საკვებად გამოყენებამდე (თუ ამის საშუალებას მისი სპეციფიკა იძლევა), უნდა წამოდუღოთ 15-20 წთ-ის განმავლობაში. ეს ვერ მოსპობს სპორებს, მაგრამ დაშლის ტოქსინს. კონსერვები უნდა ინახებოდეს ცივ ადგილას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შემუშავებული აქვს პროგრამა „უსაფრთხო კვების ხუთი ძირითადი პრინციპი“. ეს წარმოადგენს ძირითად საგანმანათლებლო პროგრამას იმ პირთათვის, რომლებიც ჩართული არიან საკვები პროდუქტების დამუშავება–მომზადებაში და ასევე გათვალისწინებულია მომხმარებელთათვის. საკვებისმიერი დაავადებებისაგან თავის დაცვის მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პრინციპების გამოყენება:

  1. დაიცავით სისუფთავე;
  2. დააცალკევეთ უმი და მზა პროდუქტები;
  3. საკვები კარგად დაამუშავეთ თერმულად;
  4. შეინახეთ საკვები საჭირო ტემპერატურაზე;
  5. გამოიყენეთ სუფთა წყალი და კარგად გარეცხილი პროდუქტები.

http://www.cdc.gov/nczved/divisions/dfbmd/diseases/botulism/#symptoms

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs270/ru/