შიდსის მსოფლიო დღე 01.12.2014

2014  წლის  1 დეკემბერს ექსპო-ჯორჯიაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა და სს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფთან (PTF) ერთადშიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში  ერთობლივად  ერთობლივად ჩაატარა შიდსის  მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სლოგანით 

 

0 აივ ინფექციის ახალი შემთხვევა

0 შიდსით გამოწვეული სიკვდილობის შემთხვევა

0 აივ - ასოცირებული დისკრიმინაცია

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს (CCM), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის და ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა  ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ასევე, გაეროს შიდსის თემატური ჯგუფის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და დარგის ექსპერტები.  

 

ეროვნული კამპანიის ფარგლებში გაიმართა სათემო ორგანიზაციების/აივ დადებითი ადამიანებისა და მაღალი რისკის მქონე ჯგუფების ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვა და უფასო ტესტირება.

 

1 დეკემბერს შიდსის  მსოფლიო დღის აღნიშვნის ტრადიცია სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს. 1988 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შიდსის პროგრამის მიერ ეს დღე ოფიციალურად იქნა  გამოცხადებული შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ. დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება, რითაც აივ ინფიცირებულთა თემი, მთავრობები და არასამთავრობო სექტორი ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს შიდსის პრობლემის აქტუალობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაფართოების აუცილებლობის შესახებ.

 

2013 წლის მონაცემებით მსოფლიოში აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვმა  35 მილიონს გადააჭარბა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 36 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

 

საქართველოში 2014 წლის 26 ნოემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 4640 შემთხვევა, 3409 - მამაკაცი, 1232 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 2814 პაციენტს, 966 გარდაიცვალა.

 არვ მკურნალობას იტარებს 2122 პაციენტი, მათგან 45 - ბავშვია.

 

მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით 2014 წელს დაიწყო გაეროს შიდსის პროგრამისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი კამპანია:

„90 – 90 -90 „

კამპანია მიზნად ისახავს  შიდსის ეპიდემიის შეჩერებას მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული (არვ) მკურნალობის ამბიციური ფართომასშტაბიანი პროგრამის საშუალებით. 2014 წლის ბოლოსთვის აღნიშნულ მკურნალობას მსოფლიოში მხოლოდ 13.6 მილიონი ადამიანი ღებულობს. 

 

2020 წლისთვის მისაღწევი მიზნები:

  • აივ ინფიცირებულთა 90%-მა უნდა იცოდეს საკუთარი ინფიცირების შესახებ; 
  • აივ ინფიცირებულთა 90% უნდა იღებდეს არვ მკურნალობას;
  • მკურნალობაზე მყოფი აივ ინფიცირებულთა 90%-ში მიღწეული უნდა იქნას აივ სუპრესია (სისხლში აივ ვირუსის ნულოვანი დონე) 

 

გაეროს შიდსის პროგრამის მიერ დაწყებული იქნა ახალი კამპანია (Closing the Gap), რაც მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციას. დაგეგმილია სხვადასხვა მომსახურებით მოცვის გაზრდა, კერძოდ:

-         აივ ნებაყოფლობითი ტესტირების გაზრდა იმ 19 მილიონი აივ ინფიცირებულის გამოსავლენად, რომლებმაც არ იციან საკუთარი აივ დადებითი სტატუსის შესახებ და ვერ იღებენ შესაბამის დახმარებას;

-         მკურნალობის პროგრამით მოცვის გაფართოება, რათა მსოფლიო მასშტაბით 35 მილიონი აივ ინფიცირებული ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახდეს მკურნალობა;

-         მსოფლიოში მკურნალობის პროგრამით აივ ინფიცირებული ბავშვების მოცვის გაზრდა არსებული 24%-დან 100%-მდე;

-         ყველა ადამიანის ჩართულობის უზრუნველყოფა შიდსის საწინააღდეგო კამპანიაში. 

თუ მსოფლიო საზოგადოება შეძლებს აღნიშნული ღონისძიებების წარმატებით გატარებას, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის ჩვენ შევძლებთ შიდსის ეპიდემიის სრულად დამარცხებას.

 

აღნიშნული ამბიციური მიზნები თითოეული ქვეყნისგან მოითხოვს არსებული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას და ეფექტიან ხარჯვას.

საქართველოში აივ/შიდსის როგორც პრევენციული, ისე მკურნალობის პროგრამების დიდი ნაწილი ფინანსდება შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ, თუმცა დონორი ორგანიზაციის მოთხოვნით, 2015 წლიდან ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს ამ მიმართულებით სახელმწიფოს შიდა რესურსების ხარჯვა. 2015 წლიდან სახელმწიფომ უკვე თავის თავზე აიღო არვ მკურნალობის პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვის ვალდებულება, რაც დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენას გულისხმობს. 2016-2017 წლებში სახელმწიფოს უფრო მნიშვნელოვანი თანხების მობილიზება დასჭირდება, რადგან გლობალური ფონდის დაფინანსება კიდევ უფრო შემცირდება.

 

აივ/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამების მდგრადობა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რომლის გადაჭრა შესაძლებელია სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი დიალოგისა და სტრატეგიული დაგეგმვის საფუძველზე.

თქვენც შემოგვიერთდით