დიფთერია

რა არის დიფთერია?

დიფთერია - მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ჰაერით. ხასიათდება  ნუშურების,  ხახის, ცხვირის, ხორხის, ტრაქეის, ზოგჯერ თვალისა და გენიტალიების, იშვიათად კანისა და სხვა ორგანოების ლორწოვანი გარსების ფიბრინოზული  ანთებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით. დაავადების გამომწვევია Corynebacterium diphtheridae-ს ტოქსიგენური შტამები.

რამდენად საყურადღებოა დიფთერია?

ინფექციის წყაროს წარმოაგენს დიფთერიით ავადმყოფი, რეკონვალესცენტი ან ბაქტერიამტრებელი ადამიანი. დაავადება გადაეცემა   აეროგენული გზით, თუმცა დაინფიცირება შესაძლებელია კონტაქტურ - საყოფაცხოვრებო გზითაც (სხვადასხვა საგნების, სათამაშოების საშუალებით). ავადმყოფი ადამიანი ინფექციის წყარო ხდება დაავადების დაწყებიდანვე. დაავადების გავრცელებაში ყველაზი მეტი როლი ენიჭება ცხვირ-ხახის ფორმით დაავადებულებს. ავადდებიან აუცრელი ან არასრულყოფილად აცრილები, უფრო ხშირად ბავშვები, თუმცა თანამედროვე პირობებში, შემთხვევები ძირითადად მოზრდილებში გვხვდება.  დაავადების გავრცელების ალბათობა იზრდება წელიწადის ცივ და ნესტიან დროს. 

როგორია სავარაუდოდ დიფთერიის გავრცელება საქართველოში

20-ე საუკუნის 60-იან წლებში დიფთერიის საწინააღმდეგო აქტიური იმუნიზაცის შემოღების შემდეგ, დიფთერიით ავადობა საგრძნობლად შემცირდა.

90-იანი წლებში  საქართველოში დიფთერიის ეპიდემია დაიყო. მისი წარმოშობის მიზეზად საქართველოში, ისევე როგორც ევროპის რეგიონისა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში, პირველ რიგში მოზრდილებში რუტინული იმუნიზაციის არ არსებობა ხოლო ბავშვთა შორის აცრებით დაბალი მოცვა ჩაითვალა.  ამ ეპიდემიის დროს, რომელიც გაგრძელდა  90-იანი წლების ბოლომდე, 1500-ზე მეტი შემთხვევა და მათ შორის 150-მდე ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, მრავალი შემთხვევა დასრულდა დაავადებისათვის დამახასიათებელი მძიმე გართულებებით, დიფთერიის ტოქსინისგან გამოწვეული გვიანდელი ეფექტებით, როგორიცაა მიოკარდიტი და  ნერვული პარეზი.

ბოლო წლებში დიფთერიის ერთეული შემთხვევები მხოლოდ მოზრდილთა შორის  ფიქსირდება, რაც   ბავშვთა ასაკში რუტინული იმუნიზაციით მაღალი მოცვის  შედეგია.    

როგორ უნდა გავიგო ვარ თუ არა დიფთერიით დაინფიცირებული?

ინფექციის შეჭრის ადგილები და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე განსაზღვრავს დიფთერიის კლინიკურ ფორმას. ყველაზე უფრო ხშირი ლოკალიზაციისაა ხახის დიფთერია და  გვხვდება შემთხვევათა 90- 95%-ში. ნებისმიერი ლოკალიზაციის დროს დიფთერიის კარდინალურ სიმპტომად ითვლება მიკრობების შეჭრის ადგილას ფიბრინოზულილი ნადების არსებობა.  

დაავადება იწყება მწვავედ, პაციენტს აღენიშნება საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, ხმის ტემბრის შეცვლა, ნუშურებზე, სასაზე ან ნაქზე წარმოიქმნება მოთეთრო-მორუხო ფერის ფიბრინოზული ნადები რომელიც ძნელად სცილდება ქვეშმდებარე ქსოვილებს და მოცილებისას სისხლმდენია. დიფთერიის ტოქსიური ფორმების დროს, ადგილი აქვს ასევე რეგიონალური  ლიმფური კვანძებისა და კისრის კანქვეშა ქსოვილის შეშუპებას.

 

სურათები:

 

როგორ უნდა მოვიქცე აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში?

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლია ექიმთან მიმართვა. დიფთერიაზე ეჭვის შემთხვევაში სავალდებულოა დაავადებულის სტაციონარში მოთავსება და სპეციფიური თერაპიის დროული დაწყება, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს  დიფთერიის ანტიტოქსინითა და ანტიბიოტიკებით მკურნალობას. რაც უფრო დროულია მიმართვა  და შესაბამისად მკურნალობის დაწყება, მით ნაკლებია მძიმე გართულებების განვითარების შანსი  და ლეტალური გამოსავალი. ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდია ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომლის შედეგზეც გავლენას ახდენს ნიმუშის აღებამდე დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული დიფთერიის შემთხვევები?

დიფთერიის პრევენციის მთავარი  ღონისძიებაა ვაქცინაცია. იმისათვის, რომ ადამიანი დაცული იყოს დიფთერიისაგან, უმნიშვნელოვანესია დროული და სრულყოფილი ვაქცინაციის ჩატარება.

ვაქცინაციის სრული კურსი გულისხმობს დიფთერიის კომპონენტის შემცველი ვაქცინის 5 დოზის მიღებას. იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით, დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება 2, 3 და 4 თვის ასაკში, დიფთერიის ანატოქსინის შემცველი ვაქცინით ვაქცინით;  18 თვის,  5 წლისა და  14 წლის ასაკში   ტარდება რევაქცინაცია. 

დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, დიფთერიით დაავადებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებზე მყარდება ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობა, მათ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ენიშნებათ ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა და უტარდებათ ბუსტერ ვაქცინაცია ასაკის შესაბამისი ვაქცინით.

 

http://www.cdc.gov/diphtheria/about/prevention.html

http://www.who.int/immunization/topics/diphtheria/en/

http://www.who.int/wer/2006/wer8103.pdf