ენტეროვირუსები

რა არის ენტეროვირუსული მენინგიტი?

მენინგიტი - არის თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება.  მენინგიტი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ინფექციურმა აგენტმა: ბაქტერია, ვირუსი, რიკეტსია, სოკო, უმარტივესები.  სეროზული  ვირუსული  მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი ენტეროვირუსებია,  მათგან უმთავრესად ECHO-სა და კოკსაკის ვირუსები, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ყბაყურას, წითელასა და გრიპის და სხვა ნეიროტროპულმა ვირუსებმა.

 

რამდენად საყურადღებოა ენტეროვირუსული მენინგიტი?

ენტეროვირუსული ინფექციის წყარო დაავადებული ან ვირუსმტარებელი ადამიანია. დაინფიცირებულთა უმრავლესობას კლინიკური გამოვლინება პრაქტიკულად არ აღენიშნება,  ნაწილს შეიძლება განუვითარდეს დაავადების მსუბუქი ფორმა. სწორედ ისინი ასრულებენ მთავარ როლს  ვირუსის გავრცელებაში.    

ინფექციის გავრცელების მექანიზმი  ფეკალურ-ორალურია,  შეიძლება გავრცელდეს აეროგენული გზითაც. ვირუსის გადაცემის  ფაქტორებია: დაბინძურებული ხელი, წყალი და საკვები.

უმეტესად ავადდებიან ბავშვები. დაავადებას ახასიათებს ზაფხული-შემოდგომის სეზონურობა.

 

როგორია  ენტეროვირუსული მენინგიტის   გავრცელება საქართველოში?

2014 წელს მაისის დასაწყისიდან საქართველოში დაიწყო ენტეროვირუსული მენინგიტის აფეთქება,  პიკს მიაღწია მაისის მეორე ნახევარში. შემთხვევების მატება თავიდან თბილისში დაიწყო, მაისის მეორე ნახევრიდან შემთხვევები დარეგისტრირდა სხვა რეგიონებში, ხოლო ივლისიდან საქართველოს ყველა რეგიონში დაფიქსირდა. სხვადასხვა  ლაბორატორიული ტესტებით იდენტიფიცირებული იყო ენტეროვირუსი, ხოლო ვირუსოლოგიური კვლევით დადგინდა ECHO-30, რომელიც ადრე საქართველოში  დაავადებულებიდან გამოყოფილი არ ყოფილა.

მაისის დასაწყისიდან აღრიცხული არის ენტეროვირუსული მენინგიტის 1100-ზე მეტი შემთხვევა. შემთხვევათა  80% მოდიოდა 3-15 წლის ასაკობრივ ჯგუფზე.  ყველა შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა   იყო საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.

 

როგორ უნდა გავიგო, ვარ თუ არა ენტეროვირუსული მენინგიტით ავად?

იწყება მწვავედ, ტემპერატურის უეცარი აწევით, და საერთო ინტოქსიკაციის ნიშნებით. დაავადების პირველ-მეორე დღეს ვლინდება  ძლიერი და შეუპოვარი თავის ტკივილი, განმეორებითი ღებინება. არცთუ იშვიათად აღინიშნება მოთენთილობა და ძილიანობა, ზოგჯერ - აგზნებადობა და მოუსვენრობა, ფოტოფობია,  შესაძლოა ხველა, სურდო, ყელისა და მუცლის ტკივილიც, ხშირად ვლინდება მენინგიალური ნიშნები: კისრის კუნთების რიგიდობა, კერნიგისა და ბრუძინსკის სიმპტომები. დროულად და ადექვატურად ჩატარებული მკურნალობის შედეგად, გამოჯანმრთელებით მთავრდება, თუმცა ხშირია რეციდივები.

როგორ უნდა მოვიქცეთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში?

ზემოთ ჩამოთვლილი, მენინგიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობისას, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.  ანამნეზური მონაცემებისა და გასინჯვის  საფუძველზე, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის შესაბამის სტაციონარში მოთავსების შესახებ. მენინგიტის დიაგნოზის დასადგენად, აუცილებელია თავზურგტვინის სითხის (ლიქვორის) აღება, რომელსაც ატარებს პროფესიონალი. სითხის კლინიკური  და ბიოქიმიური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დგინდება სავარაუდოდ ვირუსული  მენინგიტის დიაგნოზი,  და ინიშნება ადექვატური მკურნალობა.

 

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის რომ თავიდან იყოს აცილებული ენტეროვირუსული მენინგიტი?

ენტეროვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო სპეციფიური ვაქცინაცია არ არსებობს, ამიტომ ამ დაავადების პრევენციაში   მთავარი როლი ენიჭება ზოგად ჰიგიენურ ღონისძიებებს, პირველ რიგში ხელების ჰიგიენას. ბავშვთა სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში აუცილებელია სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის სისტემატური დაცვა. 

 

http://www.cdc.gov/non-polio-enterovirus/about/symptoms.html