ჰემოფილური მენინგიტი

რა არის ჰემოფილური ჩხირით გამოწვეული  მენინგიტი?

მენინგიტი არის თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება. ჰემოფოლური ჩხირით გამოწვეული მენინგიტი ჰემოფილური ჩხირით გამოწვეული ინფექციის მძიმე ფორმაა, გამომწვევია ბ ტიპის ჰემოფილური ჩხირი (Haemophilus influenzae type B).

 რამდენად საყურადღებოა ჰემოფილური ჩხირით გამოწვეული მენინგიტი?

ინფექციის წყაროა ჰემოფილური ჩხირით  დაავადებული ან ჯანმრთელი მტარებელი ადამიანი.  დაინფიცირება ხდება აეროგენული გზით. ყველაზე ხშირად ავადდებიან  ბავშვები, უფრო იშვიათად მოზრდილები. 4 თვიდან 18 თვემდე ბავშვებში ჩირქოვანი  მენინგიტების ყველაზე ხშირი გამომწვევია ბ ტიპის ჰემოფილური ჩხირი. რიგ შემთხვევებში მენინგიტი შეუღლებულია ჰემოფილური ინფექციის სხვა გამოვლინებებთან – ჩირქოვანი ართრიტი, ხორხსარქველის ანთება, ცელულიტი. დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და არცთუ იშვიათად მთავრდება ლეტალურად.  

ავადობის მომატების ალბათობა მეტია ზამთარის ბოლოსა და გაზაფხულზე.

როგორია  ჰემოფილური ჩხირით  გამოწვეული მენინგიტის   გავრცელება საქართველოში?

ბოლო წლებში საქართველოში ყოველწლიურად ჰემოფილური მენინგიტის ერთეული შემთხვევები რეგისტრირდება, თუმცა ეს ამ დაავადების გავრცელების ჭეშმარიტ სურათს არ ასახავს.  ამის მიზეზი არის ის, რომ პნევმოკოკური მენინგიტის (ისევე როგორც სხვა ბაქტერიული მენინგიტების) საბოლოო დიაგნოზის დასმისათვის აუცილებელია ჰემოფილური ჩხირის აღმოსაჩენი სხვადასხვა ლაბორატორიული ტესტის (მათ შორის. ბაქტერიოლოგიური კვლევა) ჩატარება, რომელზეც მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას ექიმთან მიმართვამდე ან ამ ტესტების ჩატარებამდე ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყება.

როგორ უნდა გავიგო, ვარ თუ არა ჰემოფილური ჩხირით გამოწვეული  მენინგიტით ავად?

დაავადება  იწყება მწვავედ,  მენინგიტისთვის დამახასიათებელია სამი ძირითადი ნიშანი, რომელთაც მენინგიტურ ტრიადას უწოდებენ. ესენია: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და ღებინება. ავადმყოფს აღიზიანებს ხმაური, შეხება, სინათლე, აწუხებს უძილობა, ჰალუცინაციები, ბოდავს, სახეწამოწითლებული და აგზნებულია, ცნობიერება დასაწყისში შენარჩუნებული აქვს. სწრაფად ვითარდება  სხვა მენინგიალური ნიშნები (კეფის კუნთების რიგიდობა, კერნინგის, ბრუძინსკის და სხვა სიმპტომები), რომლის არსებობას ექიმი დააფიქსირებს.  წლამდე ასაკის ბავშვებში დაავადების ძირითადი ნიშნებია ცხელება, ღებინება და უეცარი უმიზეზო ან გამუდმებული  ტირილი. ბავშვს ხელები უკანკალებს და თავი უკან აქვს გადაგდებული. მენინგეალური სინდრომი ძირითადად ყიფლიბანდის ამობურცვითა და დაჭიმულობით ვლინდება. დამახასიათებელია კრუნჩხვები.

 როგორ უნდა მოვიქცეთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში?

ზემოთ ჩამოთვლილი, მენინგიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობისას, აუცილებელია ექიმთან მიმართვა,  ხშირად საათებს და  წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ანამნეზური მონაცემებისა და გასინჯვის საფუძველზე, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის შესაბამის სტაციონარში მოთავსების შესახებ. მენინგიტის დიაგნოზის დასადგენად, აუცილებელია თავზურგტვინის სითხის (ლიქვორის) აღება, რომელსაც ატარებს პროფესიონალი. სითხის კლინიკური და ბიოქიმიური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დგინდება სავარაუდოდ ბაქტერიული მენინგიტის დიაგნოზი და ინიშნება ადექვატური მკურნალობა. ხოლო გამომწვევის დადგენის მიზნით, თავზურგტვინის სითხეზე ტარდება დამატებითი ლაბორატორიული კვლევები. თუმცა, მკურნალობა ინიშნება ამ უკანასკნელი კვლევის შედეგის მიღებამდე. ჰემოფილური  მენინგიტის გადატანის  შემდეგ შესაძლოა ადგილი ქონდეს ნევროლოგიურ გართულებებს.

 რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის,  რომ თავიდან იყოს აცილებული ჰემოფილური ჩხირით გამოწვეული მენინგიტი?

ჰემოფილური ჩხირით გამოწვეული ინფექციის  პრევენციის მთავარი  ღონისძიებაა - სპეციფიური ვაქცინაცია. საქართველოში იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში, ბ ტიპის ჰემოფილუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შევიდა 2014 წლიდან. ვაქცინაცია ტარდება 2, 3 და 4 თვის ასაკში, ამ ასაკში ჩასატარებელ სხვა  ვაქცინებთან ერთად.

 

http://www.cdc.gov/hi-disease/