პნევმოკოკური მენინგიტი

რა არის პნევმოკოკური მენინგიტი?

მენინგიტი არის თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება. პნევმოკოკური მენინგიტი პნევმოკოკური ინფექციის მძიმე ფორმაა, გამომწვევია პნევმოკოკი (Streptococcus Pneumoniae).

რამდენად საყურადღებოა პნევმოკოკური მენინგიტი?

ინფექციის წყაროა პნევმოკოკური ინფექციის სხვადასხვა ფორმით დაავადებული ან პნევმოკოკის ჯანმრთელი მტარებელი ადამიანი.  დაინფიცირება ხდება აეროგენული გზით. პნევმოკოკი იწვევს როგორც მძიმე ასევე მსუბუქ დაავადებებს. პნევმოკოკები ხშირად ლოკალიზდებიან ცხვირსა და ხახაში და უმრავლესობა ატარებს ბაქტერიას უსიმპტომოდ სხდადასხვა პერიოდით. ზოგ შემთხვევაში ბაქტერიები ცხვირიდან და ხახიდან სისხლის გზით შეიძლება მოხვდეს ტვინის გარსებში  და გამოიწვიოს მენინგიტი. შესაძლებელია პნევმოკოკების ასპირაცია ცხვირიდან და ხახიდან  ფილტვებში,  რასაც თან სდევს  პნევმონიის განვითარება. ასევე შესაძლებელია გავრცელდეს მიმდებარე ორგანოებზე, როგორიცაა შუა ყური და სინუსები, რის შედეგადაც ვითარდება  შუა ყურის ანთება (ოტიტი)  და  სინუსიტი.

სხვადასხვა კვლევებით დადგენილია, რომ პნევმონიების 70 %,  ბაქტერიული მენინგიტების 15%, ოტიტების 25%  - პნევმოკოკით არის გამოწვეული.

პნევმოკოკურიმენინგიტით 2 წლამდე ასაკის ბავშვები ან 40 წელს გადაცილებული ზრდასრულები ავადდებიან. დაავადების განვითარების რისკფაქტორებს წარმოადგენს ქრონიკული ოტიტი და სინუსიტი, მასტოიდიტი, ქალას ტრავმა, ალკოჰოლიზმი, იმუნური დარღვევები. გამოსავალი ზოგჯერ ლეტალურია. პნევმოკოკური მენინგიტის გადატანის შემდეგ, არც თუ იშვიათია ნერვოლოგიური გართულებები და ინვალიდობა.

 

 როგორია  პნევმოკოკური მენინგიტის   გავრცელება საქართველოში?

ბოლო წლებში საქართველოში ყოველწლიურად პნევმოკოკური მენინგიტის საშუალოდ 10 შემთხვევა რეგისტრირდება, თუმცა ეს ამ დაავადების გავრცელების ჭეშმარიტ სურათს არ ასახავს.  ამის მიზეზი არის ის, რომ პნევმოკოკური მენინგიტის (ისევე როგორც სხვა ბაქტერიული მენინგიტების) საბოლოო დიაგნოზის დასმისათვის აუცილებელია პნევმოკოკის აღმოსაჩენი სხვადასხვა ლაბორატორიული ტესტის (მათ შორის. ბაქტერიოლოგიური კვლევა) ჩატარება,   რომელზეც მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას ექიმთან მიმართვამდე ან ამ ტესტების ჩატარებამდე ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყება.

როგორ უნდა გავიგო, ვარ თუ არა პნევმოკოკური მენინგიტით ავად?

დაავადება  იწყება მწვავედ,  მენინგიტისთვის დამახასიათებელია სამი ძირითადი ნიშანი, რომელთაც მენინგიტურ ტრიადას უწოდებენ. ესენია: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და ღებინება. ავადმყოფს აღიზიანებს ხმაური, შეხება, სინათლე, აწუხებს უძილობა, ჰალუცინაციები, ბოდავს, სახეწამოწითლებული და აგზნებულია, ცნობიერება დასაწყისში შენარჩუნებული აქვს. სწრაფად ვითარდება  სხვა მენინგიალური ნიშნები (კეფის კუნთების რიგიდობა, კერნინგის, ბრუძინსკის და სხვა სიმპტომები), რომლის არსებობას ექიმი დააფიქსირებს.  წლამდე ასაკის ბავშვებში დაავადების ძირითადი ნიშნებია ცხელება, ღებინება და უეცარი უმიზეზო ან გამუდმებული  ტირილი. ბავშვს ხელები უკანკალებს და თავი უკან აქვს გადაგდებული. მენინგეალური სინდრომი ძირითადად ყიფლიბანდის ამობურცვითა და დაჭიმულობით ვლინდება. დამახასიათებელია კრუნჩხვები.

 

როგორ უნდა მოვიქცეთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში?

ზემოთ ჩამოთვლილი, მენინგიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობისას, აუცილებელია ექიმთან მიმართვა,  ხშირად საათებს და  წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ანამნეზური მონაცემებისა და გასინჯვის  საფუძველზე, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის შესაბამის სტაციონარში მოთავსების შესახებ. მენინგიტის დიაგნოზის დასადგენად, აუცილებელია თავზურგტვინის სითხის (ლიქვორის) აღება, რომელსაც ატარებს პროფესიონალი. სითხის კლინიკური  და ბიოქიმიური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დგინდება სავარაუდოდ ბაქტერიული  მენინგიტის დიაგნოზი,  და ინიშნება ადექვატური მკურნალობა. ხოლო გამომწვევის დადგენის მიზნით, თავზურგტვინის სითხეზე ტარდება დამატებითი ლაბორატორიული კვლევები. თუმცა, მკურნალობა ინიშნება ამ უკანასკნელი კვლევის შედეგის მიღებამდე. პნემვიკოკური მენინგიტის გადატანის  შემდეგ შესაძლოა ადგილი ქონდეს ნევროლოგიურ გართულებებს.

 

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის რომ თავიდან იყოს აცილებული პნევმოკოკური მენინგიტი?

პნევმოკოკური ინფექციის პრევენციის მთავარი ღონისძიებაა - ვაქცინაცია. მოწოდებულია პნევმოკოკური კონიუგირებული ვაქცინა (PCV), რომელიც საქართველოში იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში, როგორც სავალდებულო ვაქცინაცია, შევიდა 2014 წლიდან. ვაქცინაცია ტარდება 2, 3 და 12 თვის ასაკში, ამ ასაკში ჩასატარებელ სხვა  ვაქცინებთან ერთად. აღნიშნული ვაქცინა დაიცავს ბავშვს მხოლოდ ამ ვაქცინაში შემავალი პნევმოკოკური სეროტიპებისაგან გამოწვეული დაავადებებისაგან.

 

www.cdc.gov/pneumococcal/