საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო 2012 წელს გამოვლენილი 528,000 ახალი შემთხვევით ქალთა შორის მეოთხე ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, ხოლო კიბოთი საერთო ავადობაში მეშვიდე ადგილზეა. ისევე, როგორც ღვიძლის კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს გლობალური ავადობის უდიდესი ტვირთი (დაახლოებით 85%) მსოფლიოს დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ვლინდება, სადაც მასზე ქალთა ონკოლოგიური დაავადებების 12% მოდის. მაღალი რისკის რეგიონებს, სადაც ავადობის ასაკ-სტანდარტიზებული მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 30-ზე მაღალია,  მიეკუთვნება აღმოსავლეთ აფრიკა (42.7), სამხრეთ და ცენტრალური აფრიკა (30.6); ავადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ავსტრალია / ახალ ზელანდიაში (5.5) და დასავლეთ აზიაში (4.4) ვლინდება. საშვილოსნოს ყელის კიბო ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავდებად რჩება აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში.

სურათი 1. საშვილოსნოს ყელის კიბოს შეფასებითი ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, 2012 GLOBOCAN

 

ექსპერტთა შეფასებით, მსოფლიოში 2012 წელს 266 000 ქალი გარდაიცვალა, რაც ონკოლოგიური დაავადებებით ქალთა სიკვდილიანობის 7.5%-ს შეადგენს. საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის ყოველი ათი შემთხვევიდან თითქმის ცხრა  (87%) დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვლინდება. სიკვდილიანობა თითქმის 18-ჯერ განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და ის 100000 მოსახლეზე 2-ზე ნაკლებია აღმოსავლეთ აზიაში, დასავლეთ ევროპასა და ავსტრალია / ახალ ზელანდიაში, ხოლო 20-ზე მეტი ცენტრალურ (22.2) და აღმოსავლეთ (27.6) აფრიკაში.

სურათი 2. საშვილოსნოს ყელის კიბოს ავადობის ტენდენცია შერჩეულ ქვეყნებში: ასაკ–სტანდარტიზებული მაჩვენებელი 100 000 ქალზე.