ორგანიზებული სკრინინგის პროგრამა 27.01.2015

ორგანიზებული სკრინინგის პროგრამა

27.01.2015

2015 წლის 27 იანვარს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახური, ეროვნული სკრინინგ-ცენტრი და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ  ერთობლივად გაიმართა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულისადმი მიძღვნილ პრესკონფერენცია თემაზე



                                                       ორგანიზებული სკრინინგის პროგრამა

პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ეროვნული სკრინინგ ცენტრის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელმძღვანელი პირები.

2015 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული აღინიშნება 25 - 31 იანვარს და მიმდინარეობს სლოგანით

შეაჩერე საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო ძუძუს კიბოს შემდეგ  ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა ქალთა  შორის. მსოფლიოში 2012 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს 528,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 266,000 ქალი გარდაიცვალა.    

საშვილოსნოს ყელის კიბოს 80%–ზე მეტი განვითარებად  ქვეყნებზე მოდის. ეს დაავადება, რომლის პრევენცია შესაძლებელია, ქალებს შორის, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში სიკვდილის მეორე წამყვან მიზეზს  წარმოადგენს.

2013 წლის მონაცემებით, საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ავადობა 100 000 მოსახლეზე შეადგენდა 7.3-ს, ხოლო პრევალენტობა - 65-ს.  სხვა ონკოლოგიურ დაავადებათა მსგავსად, საშვილოსნოს ყელის კიბოს  შემთხვევაშიც, მაღალი სიკვდილიანობის და დაბალი გადარჩენის მაჩვენებლების ძირითადი მიზეზი დაავადებათა დაგვიანებულ ეტაპზე გამოვლენაა; საქართველოში ამ მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაა: 2013 წლის ეროვნული მონაცემებით საშვილოსნოს ყელის კიბოს 58% გამოვლინდა მესამე და მეოთხე სტადიაზე.

კიბოს სკრინინგის ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საშვილსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის ეტაპობრივი დანერგვა  ქვეყნის მასშტაბით.  2014 წლის   დეკემბრიდან UNFPA -ის ტექნიკური დახმარებით საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პილოტური პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება დაიწყო გურჯაანის რაიონის მიზნობრივ მოსახლეობაში. 2015 წელს დაგეგმილია საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პილოტური პროექტის შემუშავება და ეტაპობივად დანერგვა თბილისში.
საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობებსებს სკრინინგის ეროვნული პროგრამის ხარისხიან და ეფექტურ  მართვას.

საშვილოსნოს ყელის კიბოს  პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით, 2011 წლიდან საქართველოში მოქმედებს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ-პროგრამა 25-60 წლის ქალებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ძირითადი გზა კიბოს და კიბოსწინარე დაავადებების ადრეული გამოვლენაა!

დაავადების ადრეული გამოვლენა გადარჩენილი სიცოცხლეა, ისარგებლე სკრინინგის უფასო პროგრამით!

კვირეულის მიზანია  მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს  გამომწვევი მიზეზების, სიმპტომებისა და მისი პრევენციის გზების შესახებ.

პრესკონფერენციზე გაიმართა დისკუსია მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის.

 

იხილეთ ფოტოალბომი