საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და მართვა:კომპლექსური მიდგომა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიდგომა ამ პრობლემისადმი კომპლექსურია და მოიცავს ღონისძიებებს მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე – მულტიდისციპლინარული, სათემო განათლების, სოციალური მობილიზაციის, ვაქცინაციის, სკრინინგის, მკურნალობისა და პალიატიური მზრუნველობის სახით.

პირველადი პრევენცია იწყება ვაქცინაციით გოგონებში, 9–13 წლების ასაკობრივ ჯგუფში, მათ სქესობრივ აქტივობამდე, ხოლო მეორადი პრევენციის ეფექტურ ღონისძიებას წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი.

საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილების მიზნით ბიჭებისა და გოგონებისათვის რეკომენდირებული პრევენციული ღონისძიებები მოიცავს:

  • განათლებას უსაფრთხო სქესობრივი აქტივობის შესახებ
  • სქესობრივად აქტიური ახალგაზრდების კონდომით უზრუნველყოფას
  • თამბაქოს საწინააღმდეგო პროპაგანდას
  • მამაკაცების წინადაცვეთას

 

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

ევროპული გაიდლაინების მიხედვით საშვილოსნოს ყელის სკრინინგი რეკომენდებულია 30-60 წლის ასაკობრივ ინტერვალში, თუმცა თითოეულ ქვეყანაში უფრო ახალგაზრდა, ან უფროსი ასაკის ქალების ჩართვა შესაძლებელია ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით და ფინანსური რესურსების შესაძლებლობის გათვალისწინებით. აშშ-ს პრევენციული სერვისების ოპერატიული ჯგუფი (United States Preventive Services Task Force - USPSTF) საშვილოსნოს ყელის სკრინინგს რეკომენდაციას უწევს 21-65 წლის ასაკის ქალებში. ის აგრეთვე წინააღმდეგია 21 წლის ასაკამდე და 65 წლის ასაკის ზემოთ (თუ 65 წლის ასაკში ჩატარებული პაპ-ტესტის შედეგი უარყოფითია) სკრინინგის ჩატარების[1]. ევროპული გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ Pap-ტესტირებას ≥2 ან ≤5-წლიანი ინტერვალით, მაშინ როცა USPSTF მხარს უჭერს 3 წლიან ინტერვალს. კარგად ორგანიზებული Pap-ტესტირება-ზე დაფუძნებული, 3-5 წლიანი ინტერვალის სკრინინგული პროგრამებით და პათოლოგიური Pap-ტესტის მქონეთა  მეთვალყურეობისა და მკურნალობის შესაბამისი მექანიზმებით, შესაძლებელია მივაღწიოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს ინციდენტობისა და სიკვდილიანობის შემცირებას 80%-ით.  აგრეთვე   კიბოს კვლევის საერთაშორისო ცენტრი (IARC) აქტიურად განიხილავს ადამინის პაპილომავირუსის (HPV) ტესტის დანერგვას იმ ქვეყნებში, სადაც  იწყებენ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამას და სადაც ციტოლოგური კვლევის ხარისხი დაბალია ან/და განიცდიან კვალიფიციური ციტოპათოლოგების ნაკლებობას.

 

საშვილოსნოს ყელის კიბოს პირველადი პრევენციის მიზნით ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქციანაცია უნდა ჩატარდეს 9-11 წლის ასკის გოგონებში. ვაქცინაცია არ ცვლის სკრინინგს; ვაქცინაციის დანერგვის შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული პროგრამები ჩვეულებრივად გრძელდება.

 ძირითადი ფაქტები ადამიანის პაპილომა ვირუსის შესახებ

  • ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) ვირუსთა ჯგუფია, რომელიც ძალზე გავრცელებულია მსოფლიოში.
  • ცნობილია ადამიანის პაპილომა ვირუსის ასზე მეტი გენოტიპი, რომელთაგან 13 კიბოს გამომწვევია.
  • HPV ძირითადად სქესობრივი კონტაქტის გზით გადაეცემა და ადამიანთა უმეტესობა სქესობრივი აქტივობის დაწყებიდან ძალიან მოკლე დროში ინფიცირდება.
  • HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვლოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს.
  • არსებობს ასევე მტკიცებულებები HPV-სა და ანუსის, ვულვის, ვაგინისა და პენისის კიბოს შორის არსებული კავშირის შესახებ.

 

მიმოხილვა

ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) რეპროდუქციული ტრაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია. სქესობრივად აქტიური ქალებისა და მამაკაცების უმეტესობა ინფიცირდება ცხოვრების რაღაც ეტაპზე და შესაძლებელია აგრეთვე განმეორებითი ინფიცირებაც. ინფექციის შეძენის ყველაზე მაღალი ალბათობა, როგორც ქალების ასევე მამაკაცებისთვის,  სქესობრივი აქტივობის დაწყების პერიოდზე მოდის.

ადამიანის პაპილომა ვირუსის მრავალი გენოტიპი არსებობს და უმეტესი მათგანი დაავადებას არ იწვევს. ჩვეულებრივ, HPV ინფექცია შეძენიდან რამდენიმე თვეში  ყოველგვარი მკურნალობის გარეშე გაივლის და საშუალოდ ორ წელიწადში ინფექციის გამომწვევების 90% ქრება. HPV-ის ინფექციის ზოგიერთი გენოტიპის მხოლოდ მცირე ნაწილი განაგრძობს პერსისტირებას და კიბოს გამოწვევას. ადამიანის პაპილომა ვირუსთან ყველაზე მეტად საშვილოსნოს ყელის კიბო ასოცირდება. თუმცა საშვილოსნოს ყელის კიბოს გარდა, სხვა გენიტალური სიმსივნური დაავადებების შესახებ მონაცემები შედარებით მწირია, სულ უფრო მეტი მტკიცებულებები არსებობს HPV-სა და ისეთ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის კავშირის შესახებ, როგორიცაა ანუსის, ვულვის, ვაგინისა და პენისის კიბო. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი სიმსივნეები უფრო იშვიათია, ვიდრე საშვილოსნოს ყელის კიბო, მათი კავშირი ადამიანის პაპილომა ვირუსთან, პირველადი პრევენციის სტრატეგიის განხორციელების შემთხვევაში, განაპირობებს მათ პრევენციას.

ადამიანის პაპილომა ვირუსის ის გენოტიპები, რომლებიც არ ასოცირდებიან ონკოლოგიურ დაავადებებთან (განსაკუთრებით 6 და 11 გენოტიპები), იწვევს გენიტალურ მეჭეჭებს.

 

 ნიშნები და სიმპტომები

HPV-ით ინფიცირება ხშირად არ იწვევს რაიმე სიმპტომს ან დაავადებას და სპონტანურად გაივლის. თუმცა პაპილომა ვირუსის ცალკეულ გენოტიპებს (განსაკუთრებით მე-16 და მე-18) შეუძლიათ გამოიწვიონ კიბოსწინარე დაავადებები, წყლულები. ასეთი არანამკურნალები წყლულების კიბოდ გარდაქმნის რისკი დიდია.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომებს გვიანი გამოვლენა ახასიათებთ, როცა კიბო უკვე შორსწასულია და ვლინდება შემდეგი სახით:

  • არარეგულარული, ინტერმენსტრუალური სისხლდენა ან სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს.
  • ტკივილი ზურგის, ფეხის ან მენჯის არეში.
  • გადაღლა, წონის ან მადის დაკარგვა.
  • ვაგინალური დისკომფორტი ან სუნიანი გამონადენი.

დაავადების შემდგომ ფაზაში შეიძლება გამოვლინდეს უფრო მძიმე სიმპტომები.

როგორ მივყავართ ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირებას საშვილოსნოს ყელის კიბომდე

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირება ჩვეულებრივ თავისით გაივლის და უხშირესად პრეკანცერული წყლულები სპონტანურად ალაგდება ხოლმე, თუმცა ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი, რომ პაპილომა ვირუსული ინფექცია გარდაიქმნება ქრონიკულ, კიბოსწინარე წყლულად და გადაგვარდება აგრესიულ დააავდებად - საშვილოსნოს ყელის კიბოდ. ნორმალური იმუნური სისტემის მქონე ქალებში ეს პროცესი შეიძლება 15-20 წელი გაგრძელდეს, ხოლო დაზიანებული იმუნური სისტემის შემთხვევაში ეს პერიოდი უფრო მოკლეა - 5-10 წელი.

HPV პერსისიტენციისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის ფაქტორები

  • სქესობრივი ურთიერთობების ნაადრევი დაწყება
  • მრავალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა
  • თამბაქოს მოხმარება
  • იმუნური სუპრესია (მაგალითად ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსული ინფექციის (აივ ინფექცია) მქონე პირები არიან პაპილომა ვირუსის ინფექციის  მაღალი რისკის ქვეშ და აქვთ HPV-ს გენოტიპების ფართო სპექტრი).

 

ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV)  საწინააღმდეგო ვაქცინაცია

ამჟამად გამოიყენებული HPV-ს საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ იმ ორ გენოტიპს (მე-16 და 18)  შეიცავს, რომლებიც საშვილოს ყელის კიბოს შემთხვევათა მინიმუმ 70%-ზეა პასუხუსმგებელი. ვაქცინა არ გამოიყენება არც HPV ინფექციების და არც კიბოს სამკურნალოდ. სასურველია, ვაქცინაციის ჩატარება პირველ სქესობრივ კონტაქტამდე.

ზოგიერთ  ქვეყანაში დაიწყო ბიჭების ვაცნინაცია, როგორც მამაკაცის სასქესო ორგანოთა ავთვისებიანი დაავადებების პრევენციის მიზნით, ასევე გენიტალური პოლიპების საწინააღმდეგოდ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 9–13 წლის ასაკში გოგონების ვაქცინაცია აღიარებულია, როგორც საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ყველაზე ხარჯთეფექტური  ღონისძიება.

ვაქციანაცია არ ცვლის სკრინინგს; ვაქცინაციის დანერგვის შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული პროგრამები ჩვეულებრივად გრძელდება.



[1] Screening for Cervical Cancer, Topic Page. April 2012. U.S. Preventive Services Task Force