რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი?

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი?

ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV)  საკმაოდ გავრცელებული ვირუსია. ის სქესობრივი გზით გადამდებ ყველაზე ხშირ  ინფექციურ დაავადებას წარმოადგენს. გამომწვევის მიხედვით პაპილომავირუსის 100 ტიპს გამოყოფენ. ზოგიერთი მათგანი (13 ტიპი) მაღალი რისკისაა (ონკოგენური ანუ სიმსივნესთან ასოცირებული) და 70%-ში იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს; დაახლოებით  40 ტიპი დაბალი რისკისაა და გენიტალური (სასქესო) ორგანოების - საშვილოსნოს, ვულვის, ვაგინის, სწორი ნაწლავის, ანუსის მეჭეჭების წარმოქმნას იწვევს.   ადამიანის პაპილომა ვირუსის გარკვეული ტიპები კი ხელებსა და ფეხებზე მეჭეჭების წარმოქმნას უწყობენ ხელს.

 

რას წარმოადგენენ გენიტალური მეჭეჭები?

გენიტალური მეჭეჭები წარმოადგენენ  ლორწოვანი გარსის კეთილთვისებიან წანაზარდებს. ისინი სხვადასხვა ფორმის, ზომის და რაოდენობისაა - ბრტყელი ან ზედაპირიდან წამოწეული, ერთეული ან მრავლობითი, მცირე ან დიდი. ეს წანაზარდები უმთავრესად საშოს, ანუსის, საშვილოსნოს ყელის, ასოს, საზარდულის არეებში ჩნდება. გენიტალიური მეჭეჭების დიაგნოზის დასმა მხოლოდ დათვალიერებით არის შესაძლებელი.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის პაპილომა ვირუსი?

პაპილომავირუსის (HPV)  მნიშვნელობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც  ქალებში ძუძუს კიბოს შემდეგ მეორე ადგილს იკავებს საქართველოში.

 

ადამიანის პაპილომა ვირუსი და საშვილოსნოს ყელის კიბო

პაპილომავირუსი საშვილოსნოს ყელის უჯრედებში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს.   სკრინინგის შედეგად აღმოჩენილი  სახეცვლილი უჯრედები,  კიბოს უჯრედებს არ წარმოადგენენ, თუმცა დროთა განმავლობაში (წლების მანძილზე), შესაძლებელია  კიბოდ გადაგვარდნენ. დიდი ბრიტანეთის - NHS-ის (National Screening Programmes) ინფორმაციის მიხედვით, 2012-2013 წლებში ქალების 7-9% ანომალური უჯრედების მტარებელია, თუმცა მათგან მხოლოდ მცირე პროცენტი შეიძლება გადაგვარდეს კიბოდ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი საშვილოსნოს ყელის კიბოს  თავიდან აცილებისთვის სკრინინგი და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

 

როგორ ხდება  პაპილომა ვირუსის გადაცემა?

გამომდინარე იქიდან, რომ დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, პაპილომა ვირუსის გადაცემის რისკი საკმაოდ მაღალია. ადამიანის პაპილომავირუსის გადაცემა მხოლოდ სქესობრივი გზით ხდება .

 

 მიმდინარეობა

პაპილომავირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება ისე, რომ პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება. ინფიცირებულ ადამიანთა ერთ ნაწილს, შესაძლებელია განუვითარდეს გენიტალური მეჭეჭები, პათოლოგიური ცვლილებები გენიტალური ტრაქტის ლორწოვან გარსში ან, უფრო იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბო.

ადამიანის პაპილომავირუსი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, შემთხვევათა 90%-ში თავისით გამოიდევნება;  დანარჩენ 10%-ს უვითარდება პერსისტენტული (მუდმივი) პაპილომავირუსული ინფექცია.

გენიტალურ კონდილომატოზს (სასქესო ორგანოების მეჭეჭებს) ახასიათებს სიმპტომები – წვა, ქავილი და ტკივილი.

 

პაპილომა ვირუსით დაინფიცირების რისკს ამცირებს:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი - ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობას ამაღლებას სხვადასხვა დაავადებებისა და ინფექციების წინააღმდეგ;
  • უსაფრთხო სექსი (კონდომის გამოყენება) - თუმცა დაინფიცირება კანიდან და გენიტალიების ირგვლივ არიდანაც არის შესაძლებელი. გენიტალური პაპილომავირუსი აზიანებს მამაკაცის პენისის, სათესლე ჯირკვლების, სწორი ნაწლავის და ანუსის კანს; ქალების შემთხვევაში კი ვულვას (ვაგინის გარეთა არე), საშვილოსნოს ყელს და სწორ ნაწლავს.
  • უარი თამბაქოზე - მწეველობა იმუნიტეტს აქვეითებს; მაღალი იმუნიტეტის მქონე ადამიანის ორგანიზმს აქვს პაპილომა ვირუსის ორგანიზმიდან განდევნის, ე.წ. „თვითგაწმენდის“ უნარი.
  • ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია -  უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას მაღალი რისკის მქონე ორი ტიპის (მე-16 და მე-18) პაპილომავირუსისაგან, იმდენად რამდენადაც ისინი 70%-ში იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას.

არსებობს თუ არა დიაგნოსტიკის რაიმე მეთოდი ადამიანის პაპილომავირუსის აღმოსაჩენად?

 

ადამიანის პაპილომავირუსის აღმოსაჩენად მნიშვნელოვანია დროულად ჩაიტაროთ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პროცედურა-PAP ტესტი.

 

რა არის PAP-ტესტი?

როგორც აღვნიშნეთ, პაპილომავირუსი საშვილოსნოს ყელის უჯრედებში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს.  

PAP-ტესტის  დროს ხდებასაშვილოსნოს ყელიდან უჯრედების აღება და  აღებული ნაცხის მიკროსკოპში დათვალიერება. საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევა   სახეშეცვლილი (ანომალური)  უჯრედების დროულად გამოვლენის საშუალებას იძლევა. ეს კი თავის მხრივ, (მაღალი რისკის მქონე პაპილომა ვირუსის ტიპის არსებობის  შემთხვევაში) საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ დიაგნოსტირებას უწყობს ხელს.

 

დაავადების ადრეული გამოვლენა გადარჩენილი სიცოცხლეა, ისარგებლე სკრინინგის უფასო პროგრამით! 

თუ ხართ 25-დან 60 წლამდე  ასაკის საქართველოს მოქალაქე, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით 3 წელიწადში ერთხელ,  (სხვა გამოკვლევებთან ერთად) თქვენ უფასოდ გეკუთვნით PAP-ტესტიჩატარება.

 

ძირითადი ფაქტები ადამიანის პაპილომავირუსის შესახებ 

  • ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) ვირუსთა ჯგუფია, რომელიც ძალზე გავრცელებულია მსოფლიოში და და ხუთი ადამიანიდან ოთხს აინფიცირებს;
  • ადამიანის პაპილომავირუსი (HPV), 99,7%-ში საშვილოსნოს ყელის კიბოს  იწვევს;
  • ცნობილია ადამიანის პაპილომა ვირუსის ასზე მეტი გენოტიპია, რომელთაგან 13 კიბოს გამომწვევია;
  • პირველი სქესობრივი კავშირი ინფექციის განვითარებისათვის დიდ რისკს წარმოადგენს;
  • HPV ძირითადად სქესობრივი კონტაქტის გზით გადაეცემა და ადამიანთა უმეტესობა სქესობრივი აქტივობის დაწყებიდან ძალიან მოკლე დროში ინფიცირდება;
  • საშვილოსნოს ყელის კიბოსა და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს, HPV ვირუსის ორი გენოტიპი (მე-16 და მე-18) იწვევს. 
  • არსებობს ასევე მტკიცებულებები ადამინის პაპილომავირუსსა (HPV) და ანუსის, ვულვის, ვაგინისა და პენისის კიბოს შორის არსებული კავშირის შესახებ.

 

 

file:///C:/Users/User/Downloads/JCCT%20Factsheet%20HPV%20v4.0.pdf

http://www.jostrust.org.uk/get-involved/campaign/cervical-cancer-prevention-week

http://www.foundationforwomenscancer.org/types-of-gynecologic-cancers/

http://www.cdc.gov/cancer/gynecologic/index.htm

 

Screening for Cervical Cancer, Topic Page. April 2012. U.S. Preventive Services Task Force