სახელმწიფოს მიერ მართვადი დაავადებები

1.    რომელი დაავადებების საწინააღმდეგოდ ტარდება აცრები?

 საქართველოში სახელმწიფო პროგრამის იმუნიზაციის კომპონენტის ფარგლებში ყველა  ბავშვი უზრუნველყოფილია უფასო იმუნიზაციით 10 დაავადებების საწინააღმდეგოდ: ტუბერკულოზი, ჰეპ B, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ, წითელა, წითურა, ყბაყურა;

დიფერია საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით. მისი გადაცემა ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. იშვიათ შემთხვევაში, დაავადების გადაცემა შესაძლოა მოხდეს სხვადასხვა საგნების, სათამაშოების და საკვების საშუალებით. დიფთერიით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუმცა უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები. 

დიფთერია ჩვეულებრივ იწყება საერთო სისუსტით, ყელის ტკივილით, სიწითლით და შეშუპებით, რაც სწრაფად შეიძლება გართულდეს სუნთქვის გაძნელებით. ბაქტერიის მიერ გამოყოფილი ტოქსინი იწვევს კუნთების დამბლსა, გულის, თირკმლების და ნერვული სისტემის დაზიანებას. დაავადების 5-10% მთარდება ლეტალური შედეგით.

ყივანახველის დროს ზიანდება სასუნთქი სისტემა. მისი გადაცემა ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ყივანახველათი ხშირად ავადდებიან ბავშვები, განსაკუთრებით 2–4 წლის ასაკში. დაავადებულ და ჯანმრთელ ბავშვებს შორის ახლო კონტაქტი, შეჯგუფება, ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. დაავადების განვითარების ალბათობა მატულობს წელიწადის ცივ და ნესტიან დროს.

 

დაავადებისათვის დამახასიათებელია “მყეფავი ხველა". გართულებებს იწვევს მეორადი ბაქტერიული ფლორის მიერთება, რაც ხშირია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში და შეიძლება გახდეს სიკვდილის მიზეზი.

ტეტანუსი – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ნერვული სისტემის მძიმე ტოქსიკური დაზიანებით, ტონური და კლონური კრუნჩხვებით, თერმორეგულაციის მოშლით. ადამიანი ავადდება იმ შემთხვევაში, როდესაც ჭრილობა ბინძურდება ტეტანუსის სპორების შემცველი მტვრითა და მიწით.

ცალკე უნდა აღინიშნოს ახალშობილთა ტეტანუსი, რაზეც უნდა ვივარაუდოთ, თუ ახალშობილს ჰქონდა წოვისა და ყვირილის ნორმალური უნარი სიცოცხლის პირველი ორი დღის განმავლობაში და შემდეგ, სიცოცხლის მე-2 -28-ე დღემდე შეწყვიტა ნორმალური წოვა, განუვითარდა გაშეშება და/ან კლონური კრუნჩხვები (მათ შორის კუნთების კრთომა).

დაავადება ძირითადად მძიმედ მიმდინარეობს. პროგნოზი სერიოზულია.

პოლიომიელიტი -  მწვავე ვირუსულ ინფექციურ დაავადებას წარმოადგენს; აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, შედეგად საშიში გართულება - კიდურებისა და სხეულის კუნთების დუნე დამბლა ვითარდება, რაც ბავშვებს ხშირად  ინვალიდებად აქცევს.   მისი გამომწვევია პოლიოვირუსი;  გადამცემი გზა ფეკალურ-ორალურია.

ტუბერკულოზი - ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც  უპირატესად ფილტვებს აზიანებს, მაგრამ პროცესში სხვა ორგანოები და სისტემებიც  შეიძლება იყოს ჩართული. ტუბერკულოზი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით (90-95%) გადაეცემა. დაავადების რისკი მაღალია ბავშვებში და მოხუცებში და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში. აღსანიშნავია, რომ ტუბერკულოზის გამომწვევი-კოხის მიკობაქტერია საკმაოდ გამძლეა მკურნალობის მიმართ. 

ჰეპატიტი B - ღვიძლის ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ჰეპატიტის გამომწვევ რამოდენიმე ვირუსთაგან ერთ-ერთი. ემართებათ. დაავადება ვრცელდება სისხლის გზით. შედეგად ის ხშირად ემართებათ ნარკოტიკის მომხმარებლებს.

B ჰეპატიტი სქესობრივი გზით გადამცემი ერთადერთი ინფექციაა, რომლისაგან თავის დაცვა ვაქცინაციით არის შესაძლებელი.

თუ დედას აქვს ჰეპატიტი B მას შესაძლოა ინფიცირებული შვილი შეეძინოს. მუცლადყოფნის დროს ჰეპატიტი B ბავშვს გადაეცემა დედის სისხლით, ამიტომ ორსულ ქალებს ტესტი ჰეპატიტ B-ზე უნდა გაუკეთდეთ მშობიარობამდე პერიოდში. თუ ქალი დაავადებულია ამ ვირუსით ან ვირუსმტარებელია, ბავშვს ეს აცრა აუცილებლად დაბადებისთანავე უნდა ჩაუტარდეს. თუ ბავშვი აცრილია, მისი დედის რძით კვებაც უსაფრთხოა.

წითელა -მიეკუთვნება განსაკუთრებით გადამდებ ვირუსულ დაავადებათა რიცხვს. მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურისაწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფქცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი. წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება. წითელას პირველი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მცირე წლოვან ასაკში წითელას შეიძლება დაერთოს ფილტვების, ყურის და სხვა ანთებები. ხოლო მოზარდებში შეიძლება განვითარდეს ტვინის ანთება და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები შეიძლება სიკვდილითაც დამთავრდეს.

წითურა - მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება, რომელიც გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით; ხასიათდება ხანმოკლე ცხელებით, ლაქოვანი გამონაყრითა და კისრის უკანა და კეფის ლიმფური კვანძები შესიებით.უხშირესად ავადდებიან ბავშვები 4 – დან 10 წლამდე. განსაკუთრებით სახიფათოა წითურათი ორსულის დასნებოვნება, რამეთუ ეს იწვევს ნაყოფის დაზიანებასა და თანდაყოლილი სიმახინჯეების განვითარებას.

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 16-20 დღე. დაავადების დასაწყისში აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება (37,7 – 38,5), სურდო, უმნიშვნელო მშრალი ხველა, კონიუნქტივიტი;

განსაკუთრებული მოფრთხილება ესაჭიროებათ ორსულ ქალებს, რომლებსაც არ გადაუტანიათ წითურა. კონტაქტის შემთხვევაში რეკომენდებულია ჰიპერიმუნური გამაგლობულინის (20 მლ-მდე) შეყვანა ორსულებში. თუკი ორსული ქალი დაავადდა წითურათი, ორსულობის პირველ 3 თვეს ნაჩვენებია მისი შეწყვეტა; შემუშავებულია აგრეთვე აქტიური იმუნიზaციის მეთოდი. ორსულობის პერიოდში არ კეთდება წწყ ვაქცინა.

ეპიდემიური პაროტიტი  (ყბაყურა) – მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება; ავადდებიან უპირატესად ბავშვები 15 წლის ასაკამდე; ხასიათდება სანერწყვე ჯირკვლებისა და სხვა ჯირკვლოვანი ორგანოების ანთებით და ზოგჯერ  სეროზული მენინგიტის განვითარებითაც.

ყბაყურა _ ჯირკვლების დაზიანებით მიმდინარე დაავადებაა, ხასიათდება გართულებებით, როგორიცაა ენცეფალიტი, მოგვიანებით კი სასქესო ჯირკვლების დაზიანების გამო რეპროდუქციული უნარის დაქვეითებით და უშვილობის განვითარებით.

ინფექცია გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით; ინფექციის შეჭრის კარია ცხვირის, პირის ღრუს, ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსი. გამომწვევი ჰემატოგენურად ვრცელდება სხვადასხვა ორგანოებში, ავლენს ტროპიზმს ჯირკვლოვანი ორგანოებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მიმართ (უმთავრესად ტვინის რბილი გარსები). განსაკუთრებით ხშირად ზიანდება ყბაყურა ჯირკვლები, რომლებშიც ვითარდება პერიპაროტიტის მოვლენები.

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 11-დან 23 დღემდე. (ხშირად 15-20 დღე). დაავადება იწყება სხეულის ტემპერატურის მომატებითა და ყბაყურა ჯირკვლის მტკივნეული შეშუპებით, ზოგჯერ ორივე მხარეს. დაახლოებით შემთხვევათა ნახევარში პროცესში ერთვება ყბისქვეშა და იშვიათად ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლები. პირველ დღეებში შეშუპება მატულობს, ხოლო მე-3-4 დღიდან მცირდება ტემპერატურის დაწევასთან ერთად და 8-10 დღეზე ჩვეულებრივ ქრება. მოზარდებში და ახალგაზრდა მამაკაცებში შესაძლებელია განვითარდეს ორქიტი (ქალებში – ოოფორიტი), იშვიათად ზიანდება კუჭქვეშა ჯირკვალი (მწვავე პანკრეატიტი) და კიდევ უფრო იშვიათად სხვა ჯირკვლოვანი ორგანოები (მასტიტი, დაკრიოცისტიტი და სხვ.). დაავადების არაიშვიათი გართულებაა მწვავე სეროზული მენინგიტი; ძალიან იშვიათ და სახიფათო გართულებას წარმოადგენს ენცეფალიტი ან მენინგოენცეფალიტი; შესაძლებელია შუა ყურის ანთება.

ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b (Hib) - არის საკმაოდ გავრცელებული ბაქტერიული დაავადება, რომელის შემთხვევათა 2/3–ში რთულდება ბაქტერიული მენინგიტებით, ხოლო 1/3 –ში სხვა სიცოცხლისთვის საშიში ისეთი გართულებით, როგორიცაა ბაქტერიემია, პნევმონია, ხახის ანთება.

საშუალოდ 5 წლამდე ასაკის 200 ბავშვიდან 1 ინფიცირდება.  Hib მენინგიტი მაღალი ლეტალობით გამოირჩევა, ხოლო გადარჩენილები რჩებიან დაინვალიდებული - უქვეიტდებათ მენტალობა.

 

როტავირუსული ინფექცია - ნაწლავთა ვირუსული ინფექციაა, რომელიც 5 წლამდე ასაკის ბავშვთა დიარეული დაავადებების 40%-ს აპირობებს

პნევმოკოური ინფექცია -ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც იწვევს სტრეპტოკოკი. დაავადება 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის ნომერ პირველ მიზეზს წარმოადგენს. ინფექცია მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებით მიმდინარეობს, რომელთა შორის ყველაზე სერიოზულია პნევმონია, მენინგიტი, სეფსისი. ბრონქიტი, შუა ყურის ანთება, ართრიტები და სინუსიტები ასევე ხშირადაა გამოწვეული პნევმოკოკის მიერ.