იმუნიზაცია

გადარჩენილ სიცოცხლეთა რაოდენობის თვალსაზრისით კაცობრიობა მედიცინის სხვა არცერთ მეცნიერებასთან არ არის ისეთ ვალში, როგორც იმუნიზაციასთან. ეს წარმატებები მიღწეული იქნა უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში. იმუნიზაციის ისტორია დაიწყო 1796 წლის 14 მაისს, როდესაც ინგლისელმა ექიმმა, ედუარდ ჯენერმა, ყვავილის საწინააღმდეგოდ გააკეთა პირველი აცრა.

იმუნიზაცია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულშია შესული, ხოლო XIX-XX საუკუნეების საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ მიღწევათა ათეულში, რომელთაც შეცვალეს კაცობრიობა, პირველ ადგილს იკავებს. 10 უმნიშვნელოვანეს სამედიცინო აღმოჩენათა ათეულის მე-2 ადგილი ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ხოლო მე-8 ადგილი მორის ჰილემანის მიერ შექმნილ წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებულ ვაქცინას უკავია

  

  • ყვავილი მრავალი საუკუნის განმავლობაში აწამებდა კაცობრიობას. მის შესახებ პირველად ინდურ და ჩინურ ხელნაწერებშია ნახსენები. მან თავისი ავტოგრაფი კანზეც დაუტოვა ფარაონებს, რომელთა მუმიები დაკრძალულია 3 000 წლის წინ.
  • შუა საუკუნეებში ყვავილთან ბრძოლის მიზნით გამოჯანრთელებულის პუსტულის შიგთავსს იზელდნენ კანის ჭრილობაში ან ცხვირში უბერავდნენ ჯანმრთელს;
  • რუსეთში პუსტულების შიგთავსში ასველებდნენ ხურდა ფულს და გარკვეული დროით ატარებდნენ უბით;
  • ჩერქეზეთში ქალიშვილების სილამაზის შესანარჩუნებლად ხშირად სხეულის დახურულ ნაწილებში აკეთებდნენ სპეციალურ ნაჩხვლეტებს ყვავილის ჩირქში დასველებული ხანჯლის წვერით;
  • საქართველოს მთიანეთში ყვავილის შიგთავსს უზელდნენ ხელის ცერა და საჩვენებელ თითს შორის ნაჩხვლეტში;
  • ყვავილის საწინააღმდეგო პირველი ისტორიული ვაქცინაცია ჩატარდა 1799 წელს;
  • 1805 წელს პირველი მასობრივი აცრები ჩატარდა ნაპოლეონის ბრძანებით მისი არმიის სრულ შემადგენლობაში;
  • სავალდებულო აცრების შესახებ პირველი კანონი გამოიცა 1807 წელს გერმანიაში ჰესენის ლანდსაგრაფოში, ხოლო ანალოგიური კანონები 1820 წელს მიიღო ევროპის სხვა სახელმწიფოებმაც;
  • რუსეთში ყვავილის საწინააღმდეგო პირველი აცრები ჩაიტარა იმპერატრიცა ეკატერინე II-მ და მისმა ვაჟმა (მომავალში იმპერატორმა პავლე I-მა), შემდეგ კი (1801 წ.) დედოფალ მარია ფიოდოროვნას (იმპერატორ პავლე I-ის მეუღლე) სურვილით აიცრა პატარა ანტონ პეტროვი, რომლსაც მიენიჭა გვარი ვაქცინოვი, მის ოჯახს კი - სამუდამო პენსია;
  • 1812 წელს რუსეთში ჯენერის ვაქცინა გაუკეთდა 1,250 მილიონ ადამიანს, თუმცა შემდეგ ვაქცინაციამ დაიკლო და შემდეგ კი საერთოდ შეწყდა.

 

ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა - სახელმწიფო, სოციალური, ჰიგიენური და სამედიცინო ღონისძიებების სისტემაა, რომელიც გამიზნულია მოსახლეობის ჯანმრთელობის მაღალი დონის უზრუნველსაყოფისა და დაავადებათა თავიდან ასაშორებლად. ამ სისტემის ერთერთ უმთავრეს სფეროს დაავადებების სპეციფიკური პრევენცია - იმუნიზაცია წარმოადგენს. იგი ყველაზე მასობრივი სამედიცინო ინტერვენციის სისტემაა და მოიცავს მეცნიერებისა სხვავადსხა დარგის მთელ ერთობლიობას, დაწყებული სახელმწიფო პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე იმუნიზაციის სამსახურის მოწყობიდან და დამთავრებული უშუალოდ პაციენტის ვაქცინაციით.

იმუნიზაცია, ადამიანთან მიმართებაში, ესაა ხელოვნური იმუნიტეტის (რომელიმე დაავადებისადმი შეუვალობა) შექმნა, რომელიც მიიღწევა აქტიურად (ვაქცინებით) ან პასიურად (შრატებითა და იმუნოგლობულინებით).

ინფექციებთან ბრძოლაში პირველმა წარმატებებმა მიაღწიეს უფრო ადრე, ვიდრე თვით გამომწვევები იქნებოდა აღმოჩენილი. მხედველობაშია ცნობილი ინგლისელი ექიმის, ედუარდ ჯენერის,  1796 წელს შექმნილი ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა და დიდი ფრანგი მეცნიერის, ლუი პასტერის მიერ 1885 წელს შექმნილი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა.

ჯენერის აღმოჩენა მოხდა მისი დაკვირვების საოცარი უნარის წყალობით. მან შეამჩნია, რომ დაავადებული ძროხისაგან დასნებოვანებულ მწველავებს გადაჰქონდათ ძალზე მსუბუქი დაავადება და შემდგომ არასოდეს ავადდებოდნენ ნატურალური ყვავილით.

გავიდა კიდევ 100 წელი და უკვე ლუი პასტერმა შეიმუშავა ცოფის საწინაღმდეგო ვაქცინა. ეს მოხდა 7 წლით უფრო ადრე, ვიდრე თვით ვირუსები იქნებოდა აღმოჩენილი. მართალია, ისტორიულად ცოფი არ განეკუთვნება მასობრივ დაავადებებს, მაგრამ სიმძიმის და ფატალობის მხრივ მას სწორი არ ჰყავს.

მეოცე საუკუნის 20-იანი წლებისათვის დაგროვდა საკმაო ეპიდემიოლოგიური მონაცემები, რომლებიც თვალნათლად ადასტურებდნენ აცრების ეფექტურობის სარწმუნოებას. ამ პერიოდში შემუშავდა სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის (ტუბერკულოზი, ქოლერა, დიზენტერია, შავი ჭირი, მუცლის ტიფი) საწინააღმდეგო დახოცილ ან დასუსტებულ გამომწვევბზე დამზადებული აქტიურ ვაქცინათა მნიშვნელოვანი რაოდენობა. ვაქცინოლოგიის განვითარების შემდეგი ეტაპი  დაკავშირებულია დიფთერიის ანატოქსინის აღმოჩენასთან, რომლის მნიშვნელობა ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას უთანაბრდება. ყვავილის გლობალურ ლიკვიდაციას ვაქცინის აღმოჩენიდან თითქმის 200 წელი დასჭირდა. დიფთერიის ანატოქსინის აღმოჩენიდან 90 წელზე ცოტა მეტი გავიდა. მისი გამოყენების წარმატება უდავოა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ინფექციის ლიკვიდაცია უფრო რთული პრობლემაა ვიდრე ყვავილის ლიკვიდაცია.

ყვავილის გლობალური ლიკვიდაცია ჯანმრთლობის მსოფლიო ასამბლეის მიერ 1958 წელს იქნა შემოთავაზებული და იმუნიზაციის მასობრივი კამპანიების წყალობით კაცობრიობის ეს უდიდესი გამარჯვება მიღწეული იქნა 1977 წლისთვის, რის შესახებაც საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილება 1980 წელს მოხდა.

1974 წელს დასამაბი მიეცა იმუნიზაციის გაფართოებულ პროგრამას, 1978 წელს კი იმუნიზაცია დეკლარირებული იქნა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ესენციალური კომპონენტი.

ამჟამად, დასრულების ფაზაშია 1988 წელს დაწყებული პოლიომიელიტის ერადიკაციის ინიციატივა, რომლის ფარგლებში 2002 წელს საქართველო სერთიფიცირებულია როგორც პოლიომიელიტისგან თავისუფალ ტერიტორია. მიზნის განხორციელებას 1990-ის წლების ბოლოს მრავლობითი მასობრივი აცრების კამპანიები დასჭირდა. 1995-2000 წლების განმავლობაში საერთაშორისო მასობრივი კამპანიის „MECACAR“ ეგიდით საქართველში 1,100 მლნ-ზე მეტი 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვი აიცრა ორ რაუნდად (პირველ რაუნდში - 1126059, ხოლო მეორე რაუნდში - 1068005). შემდგომი წლების განმავლობაში იმუნიზაციის დამატებითი აქტივობების ფარგლებში კიდევ აიცრა 380 000-ზე მეტი 0-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვი.

მოლეკულურ ბიოლოგიაში (კერძოდ, რეკომბინანტულ დნმ-ის ტექნოლოგიაში) წარმატებებმა ახალი იმპულსი მისცა იმუნიზაციის განვითარებას. განსაკუთრებით ეს ეხება ვირუსული ვაქცინების კვლევებს. მიღებულია სხვადასხვა რეკომბინანტული ვირუსული ვაქცინის 50-ზე მეტი შტამი და მათი რაოდენობა განაგრძობს ზრდას.

ამჟამად, ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ხელთ გვაქვს ერთერთი მთავარი საშუალება - ვაქცინაცია, რომელიც სხვა მეთოდებს შორის უძველესი და სანდოა. იმუნიზაციის წყალობით დამარცხებულია ყვავილი, თითქმის განადგურებულია პოლიომიელიტი, მკვეთრადაა შემცირებული წითელათი, ცოფით და წითურათი ავადობა. ამ ვირუსულ დაავადებებთან ერთად აღნიშვნის ღირსია სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებები - შავი ჭირი, ქოლერა, ტუბერკულოზი, დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, დიზენტერია, ტულარემია, ჯილეხი - აი არასრული სია ინფექციებისა, რომელთანაც ბრძოლაში ვაქცინებმა გაიმარჯვეს.

გამომწვევებთან ბრძოლა ეფექტური აღმოჩნდა თვით გამომწვევების საშუალებით, საჭირო იყო მხოლოდ მათი დამაავადებელი თვისებების გარკვევა და მოსპობა. გამომწვევთა ასეთ უვნებელ ორეულებს ეწოდებათ ვაქცინები. ვაქცინა ორგანიზმში შეყვანისას არ იწვევს დაავადებას და აყალიბებს ინფექციის საწინააღმდეგო იმუნიტეტს, რომლის  ხანგრძლივობა განსხვავებულია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.

გამოყენების დაწყებამდე ყველა ვაქცინა გადის ხარისხზე შემოწმებებისა და ტესტირებების გრძელ რიგს სასურველი ეფექტის გამოწვევასა და ბავშვის საიმედოდ დაცვაში დასარწმუნებლად. ყველა წამალს შესაძლოა ახასიათებდეს გვერდითი გამოვლინებები, მაგრამ ვაქცინები წარმოადგენენ ყველაზე უსაფრთხო საშუალებების ჯგუფს. 

ვაქცინა  ეს არისპრეპარატი, რომელიც გამიზნულია ინფექციური დაავადებებისადმი აქტიური ხელოვნური იმუნიტეტის ფორმირებისათვის.

ვაქცინების შესაქმნელად იყენებენ ინფექციის გამომწვევების (პათოგენების) შტამებს - დახოცილს ან დასუსტებულს, მათ სუბუჯრედულ ფრაგმენტებს ან ანატოქსინებს/ტოქსოიდებს (გამომწვევის ტოქსინისგან დამზადებული პრეპარატი, რომელსაც შესუსტებული აქვს გამოხატული ტოქსიური თვისებები, მაგრამ ამასთან შესწევს უნარი წარმოქმნას ანტისხეულები საწყისი ტოქსინისადმი) ან გენურ-ინჟინერული გზით მიღებულ ანტიგენებს.

არსებობს მონოვალენტური ვაქცინები (ერთ პათოგენზე დამზადებული) და პოლივალენტური ვაქცინები (რამოდენიმე პათოგენზე დამზადებული, რომელსაც აქვს უნარი განავითაროს შეუვალობა რამოდენიმე დაავადებისადმი).

განასხვავებენ ცოცხალ, კორპუსკულურ (დახოცილ), ქიმიურ და რეკომბინანტურ ვაქცინებს.

ცოცხალი  ვაქცინები - მზადდება დასუსტებული მიკროორგანიზმების ისეთი შტამების ბაზაზე, რომელთაც მდგრადად აქვთ გამყარებული ავირულენტობა (უვნებლობა). შეყვანის შემდეგ ვაქცინური შტამი აცრილის ორგანიზმში მრავლდება და იწვევს ვაქცინურ ინფექციურ პროცესს. აცრილთა უმრავლესობაში ვაქცინური ინფექცია გამოხატული კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს და აპირობებს მყარ იმუნიტეტს. ცოცხალი ვაქცინების მაგალითებია: წითელას, წითურას, ყბაყურას, პოლიომიელიტის, ტუბერკულოზის, როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინები.

ორპუსკულური  ვაქცინა  - შეიცავს ვირიონის დასუსტებულ ან დახოცილ კომპონენტებს..

ქიმიური ვაქცინები - იქმნება ანტიგენური კომპონენტებისაგან, რომლებიც ამოწვლილია მიკრობის უჯრედიდან. ამოკრეფა ხდება იმ ანტიგენებისა, რომლებიც განაპირობებენ  მიკროორგანიზმის იმუნოგენურ მახასიათებლებს.

რეკომბინანტული ვაქცინები - ახალი თაობის ვაქცინებია და მიიღება გენური ინჟინერიის მეთოდებით, რომლის დროსაც მიკროორგანიზმის გენეტიკური მასალის ჩანერგვა ხდება საფუარის უჯრედებში, რომლებიც აპროდუცირებენ ანტიგენს. ასეთი ვაქცინების მაგალითებია გრიპის, ჰეპატიტი B-ს, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები.

ამათუ იმ მეთოდით ვაქცინის დასამზადებლად ყოველთვის გამოიყენება ვირუსის შტამები.

შტამი (გერმანული სიტყვიდან Stamm, რაც ნიშნავს „ღეროს“, „ფუძეს“) - ესაა ვირუსების, ბაქტერიების, სხვა მიკროორგანიზმების სუფთა კულტურა ან უჯრედთა კულტურა, რომელიც გამოყოფილია განსაზღვრულ დროსა და განსაზღვრულ ადგილას. ვინაიდან, მრვალი მიკროორგანიზმი მრავლდება მიტოზით (დაყოფით), სქესობრივი პროცესის მონაწილეობის გარეშე, ასეთი მიკროორგანიზმების სახეობები, ფაქტიურად, შედგება საწყისი უჯრედის გენეტიკურად და მორფოლოგიურად  იდენტური კლონური ხაზებისგან.

მრავალი არსებული ვაქცინა ათწლეულების განმავლობაში გადიოდა სრულყოფას და ახლა ისინი გაცილებით სჯობიან წინამორბედებს. თუმცა ვაქცინები ჯერ კიდევ არ არის მოკლებული ნაკლს და საჭიროებს მომავალ სრულყოფას.  ამჟამად ფართოდ ხმარებული ვაქცინები მაღალი უსაფრთხოებისაა. ვაქცინების ეფექტურობისა და უსაფრთხოების გარანტი ხარისხის კოტროლის საერთაშორისო და ეროვნული ორგანოებია. ვაქცინები შექმნისას ტექნოლოგიურად 14 მთავარ ეტაპს გადიან, რომლებიც თავის მხრივ შედგება მრავალფეროვანი უფრო მცირე, მაგრამ აუცილებელი სტადიისაგან. მთლიანობაში კი გამოდის გრძელი გზა, რომლის გავლაშიც მონაწილეობს სპეციალისტების ფართო სპექტრი: მიკრობიოლოგები, ბიოქიმიკოსები, ციტოლოგები, ტექნოლოგები, ინჟინრები, ექიმები, სახელმწიფო კონტროლიორები, მედიცინის ეკონომისტები და ეპიდემიოლოგები. ვაქცინოპროფილაქტიკა სამედიცინო ჩარევის ყველაზე მასობრივი ფორმაა და, პრაქტიკულად, თითოეულ ადამიანს ეხება. აქედან გამომდინარე ვაქცინების გამოყენება, განსაკუთრებით პრინციპიალურად ახალი ვაქცინების კლინიკური გამოცდების სტადიაში, მოითხოვს ეთიკური ნორმებისა და წესების მკაცრ დაცვას.

ახალი ვაქცინის შექმნისას პრეპარატის ბედს წყვეტს სამი ძირითადი ფაქტორი: 1. ავადობის შემცირების უნარი და ვაქცინის გამოყენების სარგებელი; 2. პოსტვაქცინური გართულების განვითარების რისკი და შესაძლო ზარალი ვაქცინისგან; 3. ვაქცინის ღირებულება და ეკონომიკური სარგებელი. რა თქმა უნდა, ვაქცინები, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი მედიკამენტი,  აბსოლუტურად უსაფრთხო არაა, თუმცა ვაქცინაციისას განვითარებული გართულების რაოდენობა  ასჯერ და ათასჯერ მცირეა ინფექციური დაავადებების ანალოგიური პათოლოგიის შემთხვევათა რაოდენობაზე. დანახარჯებიც ნებისმიერ ვაქცინაზე, რომლის ეფექტურობაც დადასტურებულია დაახლოებით 10-ჯერ მცირეა ინფექციური დაავადების სამკურნალო დანახარჯებზე. ჯანმო-ს ეგიდით ჩატარებული ყვავილის ლიკვიდაციაზე გაწეული მთლიანი დანახარჯი ანაზღაურებული იქნა ლიკვიდაციის შესახებ განცხადებიდან პირველივე თვეში. ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ბიუჯეტის 90% იხარჯება სამკურნალო პროცედურებზე და მხოლოდ ბიუჯეტის 10% - პროფილაქტიკაზე, მაშინ, როდესაც ქვეყნებისთვის იმუნიზაციის ეროვნული პროგრამები სიღარიბესთან ბრძოლის ყველაზე ქმედითი იარაღია.

ვაქცინოლოგიის ისტორიის მომდევნო 15 წლის განმავლობაში გაჩნდება ვაქცინათა ახალი თაობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ყოველწლიურად გადავარჩინოთ 8 მილიონი ბავშვის სიცოცხლე. მოლეკულური ბიოლოგიისა და გენური ინჟინერიის მნიშვნელოვანი წარმატებების მეშვეობით იქმნება პერსპექტიული ვაქცინების მრავალსახეობა, რომლებიც გაამარტივებენ იმუნიზაციას, აამაღლებენ არსებული ვაქცინების ეფექტურობას და დაიცავენ ბავშვებს იმ ინფექციებისგან, რომელთა საწინააღმდეგო ვაქცინები ჯერ არ არსებობს. ამას გარდა, ზოგიერთი ამ ვაქცინათაგანი გახდება დაცვის პირველი საშუალება იმ დაავადებებისგან, რომელთა სწრაფი მკურნალობა შეუძლებელი ხდება ანტიბიოტიკების მიმართ მდგარდობის სულ უფრო სწრაფი მატების გამო.

ამჟამად შესწავლაშია 60-მდე დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინათა პოტენციურად ახალი რიგი. მათ რიცხვშია ბავშვთა ასაკისთვის სასიკვდილო ძირითადი დაავადებების – დიარეული დაავადებების, მწვავე რესპირატორული ინფექციების, მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინები.

ყოველწლიურად 12 მილოინი ბავშვი კვდება 5 წლამდე ასაკში, მათ შორის 3 მილიონი - 1 კვირამდე ასაკში. სულ ცოტა 2 მილიონი ამ სიკვდილთაგან გამოწვეულია დაავადებებით, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია უკვე ამჟამად ხმარებული ვაქცინებით. ეს ხდება ძირითადად ორი მიზეზის გამო: 1. ყველა  ვაქცინას არა აქვს 100%-იანი ეფექტი, და 2. სიცოცხლის პირველ წელს ბავშვთა 20% არ იღებს სრულ ვაქცინაციას 6 ძირითადი ვაქცინით - დიფთერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, პოლიომიელიტის, ტუბერკულოზის და წითელას საწიმააღმდეგო ვაქცინებით.

ვაქცინაციით მართვად დაავადებათა შემთხვევების რაოდენობის მნიშვნელოვანმა კლებამ მოსახლეობას შეუქმნა აზრი, რომ მრავალი ინფექციური დაავადება წარსულს ჩაბარდა. თუმცა-ღა ეს ინფექციები ძველებურად რჩებიან ავადობის, ინვალიდობის და სიკვდილობის  მიზეზად.

დაავადებები, რომლებიც უკვე უცნობი გახდა მოსხლეობისთვის, კვლავ იჩენენ თავს თუკი იკლებს იმუნიზაციის განხორციელებისადმი ძალისხმევა და აცრებით მოცვის დონე დაიკლებს. ამათუიმ ინფექციური დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვა და იმუნიზაციით მოცვის დონეების ზრდა და შენარჩუნება უზრუნველყოფს დაავადებულთა რაოდენობის არსებით კლებას.

და პირიქით, იმუნიზაციისადმი ყურადღების შესუსტებით გამოწვეული აცრებით მოცვის დონეების კლებისას დაავადებათა შემთხვევები ხელახლა ჩნდება. ისეთ უკიდურესად გადამდებ დაავადებებს, როგორიცაა პოლიომიელიტი, წითელა ან დიფთერია, ძალუძთ დაბრუნება და მთელ რეგიონში გავრცელება. არაერთი მაგალითი გვაქვს იმ დაავადებების ეპიდემიებისა, რომლებზე კონტროლიც შესუსტდა.

იმუნიზაცია იცავს საზოგადოებას ეპიდემიისგან, ადამიანს კი – ინფექციური დაავადებისგან. ვინაიდან, ახლადდაბადებულ ბავშვს არ აქვს იმუნიტეტი მრავალი დაავადების მიმართ, ხოლო, დაავადებებს ახასიათებს გარკვეული ასაკის ადამიანებში გავრცელება, ამიტომაა მნიშვნელოვანი აცრების ჩატარება დადგენილ ვადებში, ანუ უფრო ადრე, ვიდრე დადგება დაავადების საშიშროება. ამას გარდა, დაგვიანებული აცრებისას იზრდება აცრისშემდგომი რეაქციების განვითარების რისკი.

იმუნიზაციის პროგრამების საშუალებით 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყოველწლიურად თავიდან აცილებულია ბავშვთა სიკვდილის სულ ცოტა 3 მილიონი შემთხვევა. ამას გარდა, 750 000 ბავშვი გადარჩენილია სიბრმავეს, ინვალიდობას, გონებრივ ჩამორჩენილობასა და ჯანმრთელობის მყარი სახის დარღვევებს. ამ პერიოდის განმავლობაში ვაქცინების უსაფრთხო შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის შეიქმნა `ცივი ჯაჭვი~, ვაქცინებით უზრუნველყოფის და მათი ხარისხის კონტროლის გლობალური სისტემა. ასევე დანერგილია ლაბორატორიული და ეპიდზედამხედველობის ქსელი.

მსოფლიოში ყოველწლიურად იღუპება 1 კვირიდან–14 წლამდე ასაკის 12 მილიონამდე ბავშვი. დაახლოებით 9 მლნ ბავშვი  იღუპება ინფექციური დაავადებებისაგან, მათ შორის 3 მილიონამდე ბავშვი – იმ ინფექციებისაგან, რომელთა მიმართაც არსებობს ვაქცინა. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული ვაქცინაციის  დროულად და სრული კურსით ჩატარება  ვაქცინაციით მართვადი დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. აცრები ამზადებს ბავშვის ორგანიზმს იმ სერიოზულ ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად, რომლებიც შესაძლოა ჯანმრთლობისთვის საშიში და სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს.

საქართველოს ჯანმრთელობის შესახებ კანონის შესაბამისად 1996 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია შერჩეულ ასაკებში იმუნოპროფილაქტიკის წარმოება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლენი არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები. იმუნიზაციის პროგრამის მოსარგებლეებისათვის პროგრამით გათვალისწინებული ვაქცინებით და შრატებით უზრუნველყოფა და აცრა–ვიზიტების მომსახურება არ ითვალისწინებს მოსარგებლეთა მხრიდან თანაგადახდას. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის იმუნიზაციის კომპონენტი სრულად აფინანსებს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული სავალდებულო აცრების ჩატარებას 12 დაავადების საწინააღმდეგოდ: ტუბერკულოზი, ჰეპატიტი B, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები. („იმუნიზაცია-სახელმწიფოს მიერ მართვადი დაადებები“)

ჩამოთვლილი დაავადებების პროფილაქტიკა ტარდება 9 ვაქცინის საშუალებით: BCG, Hep B (მონო), DPT-Hib-HepB, DT, Td, OPV, MMR, Rota, PCV;

ბოლო წლების განმავლობაში ბავშვთა რუტინულ აცრებს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა ამარაგებს ისეთ ქვეყნაში დამზადებული ვაქცინებით, როგორიცაა: კუბა, ბელგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, კორეა, დანია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ინდოეთი, ინდონეზია, გერმანია, იტალია.

სახელმწიფო ბიუჯეტით შეძენილი და მომხმარებლამდე „უფასოდ“ მიწოდებული ვაქცინები ყოველთვის ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას და თანმიმდევრულია იმ სტარტეგიისა, რომელიც განსაზღვრულია ამა თუ იმ დაავადების შემცირების, ან აღმოფხვრისკენ. საქართველოში მოქმედი პროფილაქიკური აცრების სახელმწიფო კალენდრის ფარგლებში მოწოდებული ვაქცინები ძალზე მაღალი ხარისხის და უსაფრთხოებისაა და გამოიყენება დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. ვაქცინის მაღალი ხარისხის გარანტირებისათვის სახელმწიფო შეისყიდის მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ხარისხზე და უსაფრთხოებაზე სერთიფიცირებულ ვაქცინებს, ან/და ვაქცინებს, რომლებიც რეგისტრირებულია დასავლეთის ქვეყნებში.

1996 წლიდან მოყოლებული ქვეყანის მთელი მასშტაბით აეწყო იმუნიზაციის სამსახური, „ცივი ჯაჭვის“ სისტემის გამართვის ჩათვლით. იმუნიზაციის სისტემა აერთიანებს სპეციალურად ტრენირებულ სამედიცინო კადრებს, ასაცრელი მასალების და  „ცივი ჯაჭვის“ აღჭურვილობის ლოჯისტიკურ ნაწილს.

საქართველოში ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება  #183/ნ 25.06. 2010წ)

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის/კომპონენტის მართვა დელეგირებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრზე. ჯანმრთელობის დაცვის პერველადი რგოლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებიდან ყოველწლიურად, საშუალოდ, 1000 სამედიცინო მუშაკი ტრენირდება ცენტრის სპეციალისტების მიერ აცრების წარმოების ტექნიკის, აცრისშემდგომ შესაძლო გართულებათა, უსაფრთხო ვაქცინაციის, ვაქცინათა მარაგების მართვის, ვაქცინათა შენახვისა და ტრანსპორტირების, უსაფრთხო გადანაყრებისა და იმუნიზაციასთან დაკავშირებულ სხვა პრაქტიკულ თუ თეორიულ საკითხებში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრალური და მუნიციპალური დონეებიდან ტარდება უწყვეტი რუტინული და აქტიური მონიტორინგი იმუნიზაციის პროგრამის განხორციელების ინდიკატორებზე და ასევე, მისი კომპონენტების პერიოდული შეფასებები.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიღწეული იქნა გარკვეული წარმატებები იმუნიზაციით მოცვის, ვაქცინებით მართვად დაავადებათა კონტროლისა და ახალი ვაქცინების ეროვნულ კალენდარში დანერგვის (ჰეპატიტ B-ს, წითელა-წითურა-ყბაყურას, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b-ს, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციების საწინააღმდეგო აცრები) კუთხით; ქვეყანაში მოქმედებს იმუნიზაციის ერთერთი ყველაზე პროგრესული ეროვნული კალენდარი ხმარებული ვაქცინების ხრისხისა და აცრების ვადების თვალსაზრისით; დანერგილია იმუნიზაციის საინფორმაციო კომპიუტერული და ონ-ლაინ პროგრამები (http://ehealth.moh.gov.ge/Hmis/Portal/Default.aspx), ვაქცინების შენახვის ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველსაყოფად დანერგილია მონიტრონგის ახალი ციფრული მეთოდები, მიდის „ცივი ჯაჭვის“ აპარატურის გადახალისება, შემცირდა უარები აცრებზე, აღმოფხვრილია პოლიომიელიტი და ვიმყოფებით წითელასა და თანდაყოლილი წითურას სინდრომის ელიმინაციის ფაზაში.

დღეისათვის, იმუნიზაციის აქტუალობა კიდევ უფრო არსებითი ხდება გამომდინარე ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან, რომლის მიხედვითაც 2015 წლისთვის 1990 წელთან შედარებით 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობა 2/3-ით უნდა შემციდრეს, ხოლო წითელათი გარდაცვალება - 50%-ით. დასახულის მიღწევაში უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება იმუნიზაცას, როგორც ბავშვთა ავადობასა და სიკვდილობათან ბრძოლის ყველაზე ქმედით და ეფექტურ საშუალებას.

  

იმუნიზაცია გადაარჩენს სიცოცხლეს. იმუნიზაციის გარეშე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა დანარჩენი პროგრამა აზრს დაკარგავდა.

ჩვენ ვიცრებით, რათა გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი. ჩვენ არამხოლოდ ჩვენი შვილების დასაცავად ვიცრებით. ჩვენ, აგრეთვე, ვიცრებით ჩვენი შვილიშვილების და მათი შვილთაშვილების დასაცავად.