ვიზიტი ეგვიპტეში 01-04.02.2015

2015 წლის 1-4 თებერვალს საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა ეგვიპტეში ჰეპატიტის მართვის ეგვიპტური გამოცდილების გასაზიარებლად. დელეგაციაში იყვნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ქალბატონები ეკა ადამია და ტატა სირბილაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე, ინფექციურ დაავადებათა და შიდსის ცენტრის წარმომადგენელი ქალბატონი ლალი შარვაძე, კერძო სექტორის წარმომადგენელი ქალბატონი მაია ბუწაშვილი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ბატონი პაატა საბელაშვილი (ზიანის შემცირების ქსელი) და ქალბატონი მარი ჩოხელი (ღია საზოგადოების საქართველოს ფონდი).

ვიზიტის პერიოდში შეხვედრები გაიმართა ჰეპატიტის მკურნალობის ორ დიდ ცენტრში, ჰეპატიტის კოორდინაციის სახელმწიფო კომიტეტში, სამინისტროში, სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრალურ ლაბორატორიაში, სამინისტროს ეპიდზედამხედველობის განყოფილებაში, ჯანმო-ს და CDC წარმომადგენლებთან. ბოლოს გაიმართა ეგვიპტის ჰეპატიტის საკოორდინაციო კომიტეტის წარმომადგენლობისა და საქართველოს დელეგაციის მრგვალი მაგიდა, სადაც კიდევ ერთხელ დაზუსტდა მრავალი საკითხი. დისკუსიის დროს საქართველოს მხრიდან წარდგენილი იქნა ორი მოკლე პრეზენტაცია საქართველოში სიტუაციური ანალიზისა და მართვის პრინციპების შესახებ, ასევე, სამომავლო გეგმები (გადაუდებელი იმპლემენტაციის გეგმა, ელიმინაციის ხანგრძლივვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, პოპულაციური კვლევა).

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის წარმატებით და საქმიანად ჩატარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ბატონმა ფრანცისკო ავერჰოფმა აშშ დაავადებათა კონტროლის ჰეპატიტების განყოფილების ხელმძღვანელი), რომელიც აქტიურად მონაწილეობდა პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

იხილეთ ფოტოალბომი