რა განსხვავებაა ფასიან და უფასო ვაქცინებს შორის და რომელია უფრო ეფექტური და უსაფრთხო?

ძირითადი განსხვავება „უფასო“ და „ფასიან“ ვაქცინაციას (აცრას) შორის არის ის, რომ მოსახლეობისათვის ,,უფასო აცრებს“ სახელმწიფო (ან რომელიმე დონორი ორგანიზაცია) აფინანსებს, რომელიც სხვა შემთხვევაში ბავშვის მშობელს უნდა გადაეხადა. შეხედულება, რომ „ფასიანი აცრა“ ყოველთვის უკეთესია, სტერეოტიპებზეა (მცდარ მოსაზრებებზე) დამყარებული და სიმართლეს არ შეესაბამება.

ყველა ვაქცინა, რომლითაც იცრება მოსახლეობა, წლების მანძილზე გადის სხვადასხვა შემოწმებას. ეს ყველაფერი ფარმაცევტულ კომპანიებს სოლიდური თანხა უჯდებათ. შესაბამისად, ისეთი მაღალტექნოლოგიური პრეპარატი, როგორიც არის ვაქცინა, “უფასო“ ვერ იქნება. ყველა ვაქცინა, რომელიც შედის აცრების გეგმიურ კალენდარში შესყიდულია სახელმწიფოს მიერ და მოსახლეობის შესაბამის ასაკობრივ ჯგუფს უფასოდ უკეთდება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა ნებადართული სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ყველა ვაქცინა, რომლის შესყიდვაც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის) ან სხვა რომელიმე დონორი ორგანიზაციის მიერ.  შესაბამისად, ვაქცინების ხარისხში ეჭვის შეტანა სრულიად უსაფუძვლოა.

უფასო ვაქცინების პარალელურად ქვეყანაში სხვადასხვა კერძო კომპანიებს  შემოაქვთ „ფასიანი“ ვაქცინები, რომელთა შეძენაც შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში. ის მოსაზრება, რომ თუ ვაქცინა ფასიანია ის უკეთესი ხარისხისაა და გართულებები არ ახასიათებს არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინები აკმაყოფილებს საერთაშორისო სტაანდარტებს; აღსანიშნავია, რომ მშობლების გადაწყვეტილებით ბავშვების 97%-ს უკეთდება ,,უფასო“ (ე. ი. სახელმწიფოს მიერ შესყიდული) ვაქცინები.

საბოლოო ჯამში, არჩევანი მშობელზეა; რა თქმა უნდა, მისი გადაწყვეტილებაა გადაიხდის თუ არა ფულს იმ მომსახურეობაში, რომელსაც სახელმწიფო უფასოდ სთავაზობს.

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად მთავარია, ბავშვი იყოს დაცული იმ დაავადებებისგან, რომლებიც მარტივად შეიძლება თავიდან ავიცილოთ.