წითელა

რა არის წითელა?

წითელა მწვავე დაავადებაა, რომელის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამინს ჰაერით გადაეცემა. ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულარული) გამონაყარით, ხველებით, რინიტით (სურდო) ან კონიუქტივიტით (თვალების გაწითლება).

გამომწვევი მიეკუთვნება paramyxoviridae-ს ოჯახს,  Morbillivirus-ის გვარს და წითელას ვირუსის სახეობას.

წითელას პათოგენეზში წამყვანია: ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანება; ვირუსემია; სასუნთქი სისტემისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება.

ინფექციის წყარო არის დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ, კატარალურ პერიოდში. ვირუსის გავრცელება ხდება სუნთქვის, ხველების და ცემინების დროს. წითელას ახასიათებს მაღალიკონტაგიოზურობა(გადამდებლობა)-თითქმის 100%, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, რომელსაც არ აქვს იმუნიტეტი, დიდი ალბათობით დაავადდება. წითელა გადამდები(ინფექციური) დაავადებაა და შეიძლება გავრცელდეს გამონაყარის გამოვლენამდე ოთხი დღით ადრე და გამონაყარის დაწყებამდე ოთხი დღის შემდეგ შუალედში. ვირუსი ბინადრობს ავადმყოფის ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანში. ხველების და ცემინების დროს იგი იფრქვევა და ვრცელდება ჰაერში, რაც აადვილებს კონტაქტში მყოფთა დაინფიცირებას.

მიმღებლობა წითელას მიმართ არის ძალიან მაღალი: 24 საათიანი კონტაქტის შემთხვევაში ავადდება ინფექციის მიმღები კონტიგენტის 40%; 48 საათიანი კონტაქტისას - 60%; 72 საათიანი კონტაქტისა - 80%.

როგორ უნდა გავიგო ვარ თუ არა წითელათი დაინფიცირებული?

წითელას ტიპიური შემთხვევა იწყება მწვავედ ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს სხვა კლინიკური ნიშნები - ხველა, რინიტი, კონიუქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი თეთრი გამონაყარი (ფილატოვ-კოპლიკის ლაქები), 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე(შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე ზევიდან ქვევით(კისერი, ტორსი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამოდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს დაბლა, იწყება გამონაყარის პიგმენტაცია და თანდათან ქრება.

როგორია სავარაუდოდ წითელას გავრცელება საქართველოში

წითელას იმუნიზაციის დანერგვამდე, წითელა ბავშვთა ინფექციურ დაავადებად ითვლებოდა. იმუნიზაციის დანერგვის შემდგომ კი აფეთქებათა შორის ინტერვალები გაიზარდა და გამოვლინდა მოზრდილ ასაკში ავადობის ტენდენცია. როგორც ბოლო წლების და 2013 წლის ეპიდაფეთქების პერიოდში საქართველოში აღრიცხული დაავადების შემთხვევების მონაცემებმა აჩვენა, შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა აღირიცხა 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რეგიონს დასახული აქვს წითელას ელიმინაციის გეგმა, საქართველოში დაავადების ერთეული (სპორადული) შემთხვევების გარდა, ფიქსირდება დაავადების ჯგუფური შემთხვევები და ეპიდაფეთქებები.

რამდენად საყურადღებოა წითელა?

გამომდინარე იქედან, რომ წითელამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები - ენცეფალიტი, პნევმონია, დიარეა, ოტიტი და სხვა, პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცხელებით და გამონაყარით მიმდინარე სხვადასხვა დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული წითელას შემთხვევები?

წითელა მიეკუთვნება ვაქცინით მართვად დაავადებას, რაც შესაძლებელს ხდის, რომ გეგმიური ვაქცინაციის მაღალი მოცვით-95%(პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალედრის მიხედვით წითელას იმუნიზაცია ტარდება 2 დოზით - ვაქცინაცია 1 წლის ასაკში და რევაქცინაცია 5 წლის ასაკში) ქვეყანაში შემცირდეს ავადობა და მიღწეული იქნას დაავადების ელიმინაცია.

დაავადების გადატანა ან სრულყოფილი ვაქცინაცია ტოვებს მყარ იმუნიტეტს.

 

http://www.cdc.gov/measles/about/