წითურა

რა არის წითურა?

წითურა მწვავე დაავადებაა, რომელის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამინს ჰაერით გადაეცემა. ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური გამონაყარით, ლიმფადენოპათიით (კეფის, კისრის, ყურისუკანა ჯირკვლების), ართრალგია/ართრიტით.

 

გამომწვევი მიეკუთვნება Togaviridae-ს ოჯახს,  Rubovirus-ის გვარს.

წითურას პათოგენეზში წამყვანია: ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანება; ვირუსემია; ლიმფადენიტი. ვირუსს შეუძლია შერჩევითად დააზიანოს ემრიონალური ქსოვილი.

ინფექციის წყარო არის დაავადებული ადამიანი. ინფექციის გადაცემა ხდება აეროგენული მექანიზმით. მიმღებლობა წითურას მიმართ არის მაღალი, თუმცა უფრო ნაკლები, ვიდრე წითელას შემთხვევაში. გამომდინარე აქედან, ჯანმრთელი ადამიანის დაინფიცირებისათვის საჭიროა დაავდებულთან უფრო ხანგძლივი კონტაქტი. წითურა გადამდები(ინფექციური) დაავადებაა და შეიძლება გავრცელდეს გამონაყარის გამოვლენამდე შვიდი დღით ადრე და გამონაყარის დაწყებიდან შვიდი დღის შემდეგ შუალედში.

ინფექცია ვრცელდება აგრეთვე ვერტიკალური (ტრანსპლაცენტარული) გზით, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს თანდაყოლილი წითურას შემთხვევების ზრდას.

როგორ უნდა გავიგო ვარ თუ არა წითურათი დაინფიცირებული?

წითურას ტიპიური შემთხვევა იწყება კატარალური მოვლენებით (სურდო, ცრემლდენა), რასაც თან ახლავს მშრალი ხველა, ფხაჭნის შეგრძნება ყელის არეში, სუბფებრილური ტემპერატურა, რაც გრძელდება სამი დღის განმავლობაში. შემდეგ ჩნდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და დღე-ღამის განმავლობაში ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებში. გამონაყარის ხანგძლივობა საშუალოდ 4 დღეა და შემდეგ უკვალოდ ქრება. წითურასათვის დამახასიათებელია ლიმფადენოპათია,რაც მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ნიშანია, თუმცა ყველა ავადმყოფს არ აღენიშნება.

როგორია სავარაუდოდ წითურას გავრცელება საქართველოში

წითურა ბავშვთა ინფექციური დაავადებაა, თუმცა ბოლო წლებში დაავადების შემთხვევები ფიქსირდება მოზარდებსა და მოზრდილებშიც და ხასიათდება უფრო მძიმე და ატიპიური მიმდინარეობით.

დაავადების ერთეული(სპორადული) შემთხვევების გარდა, ფიქსირდება დაავადების ჯგუფური შემთხვევები და ეპიდაფეთქებები.

რამდენად საყურადღებოა წითურა?

მიუხედავად იმისა, რომ წითურა ბავშვთა სხვა ინფექციებისაგან განსხვავებით, იშვიათად იწვევს გართულებებს (წითურას გართულებებია-ნევრიტი, ართრიტი, ენცეფალიტი), დაავადების ძირითადი კლინიკური სიმპტომის - გამონაყარის დაწყებისთანავე პაციენტმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცხელებით და გამონაყარით მიმდინარე სხვადასხვა დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული წითელას შემთხვევები?

წითურა მიეკუთვნება ვაქცინით მართვად დაავადებას, რაც შესაძლებელს ხდის, რომ გეგმიური ვაქცინაციის მაღალი მოცვით-95%(პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალედრის მიხედვით წითურას საწინააღმდეგო იმუნიზაცია ტარდება 2 დოზით; ვაქცინაცია 1 წლის ასაკში და რევაქცინაცია 5 წლის ასაკში) ქვეყანაში შემცირდეს ავადობა და მიღწეული იქნას დაავადების ელიმინაცია.

დაავადების გადატანა ან სრულყოფილი ვაქცინაცია ძირითადად ტოვებს მყარ იმუნიტეტს.

თანდაყოლილი წითურა

წითურას ვირუსი სახიფათოა ორსულებისათვის. ორსულობის პირველი 20 კვირის განმავლობაში წითურათი დაავადების შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ორსულობის შეწყვეტა, ნაყოფის სიკვდილი და განვითარდეს თანდაყოლილი ანომალიები. ახალშობილთა 20%-ს კი, რომლებიც დაიბადებიან ამ პერიოდში ინფიცირებული ქალებისაგან, აღენიშნებათ განვითარების დეფექტების სიმპტომკომპლექსი, რომელიც ცნობილია თანდაყოლილი წითურას სინდრომის (თწს) სახელწოდებით. თანდაყოლილი წითურას სინდრომი მუცლადყოფის პერიოდში წითურას ინფექციისაგან გამოწვეული პათოლოგიაა, რომელიც დგინდება წლამდე ასაკში ექიმის მიერ A ჯგუფის გართულებათაგან ორის (კატარაქტა; თანდაყოლილი გლაუკომა; გულის თანდაყოლილი მანკი; სმენის დეფექტი; პიგმენტური რეტინოპათია) ან A და B ჯგუფის გართულებათაგან (პურპურა; სპლენომეგალია; მიკროცეფალია; მენინგოენცეფალიტი; გონებრივი განვითარების შეფერხება; ლულოვანი ძვლების განვითარების დარღვევა) თითო-თითოს აღმოჩენის შემთხვევაში.

 

 ორსულობის 20 კვირის შემდეგ ინფიცირების შემთხვევაში ახალშობილებს თწს-ის კლინიკური გამოვლინება არ აღენიშნებათ, თუმცა შესაძლებელია ასეთი ახალშობილის სისხლის ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდეს წითურას საწინაამღდეგო IgM ანტისხეულები. ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც თანდაყოლილი წითურას ინფექცია(თწი).

თწს-ით და თწი-ით შეპყრობილი ახალშობილები კონტაგიოზურები არიან სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში (შესაძლებელია ერთ წლამდეც).

თანდაყოლილი წითურას სინდრომის და თანდაყოლილი წთურას ინფექციის განვითარების რისკის აღმოფხვრისათვის აუცილებელია რეპროდუქციული ასაკის ქალთა კონტიგენტის (30%-მდე მიმღებია წითურას მიმართ) წითურათი ინფიცირებისაგან დაცვის უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელია რეპროდუქციული ასაკის ყველა არაიმუნური ქალის იმუნიზაციით.

 

http://www.cdc.gov/rubella/