ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა)

რა არის ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა)?

ეპიდემიური პაროტიტი მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაცემის აეროგენული მექანიზმით. ხასიათდება ცხელებით, ინტოქსიკაციით, სანერწყვე ჯირკვლების დაზიანებით.

გამომწვევი მიეკუთვნება paramyxoviridae-ს ოჯახს,  paramyxovirus-ის გვარს.

ეპიდემიური პაროტიტის პათოგენეზში წამყვანია: ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანება;  ჰემატოგენური გავრცელება სხვადასხვა ორგანოებში, ცნს-ის(უმთავრესად ტვინის რბილი გარსები) და ჯირკვლოვანი ორგანოების(უმთავრესად ყბაყურა ჯირკვლები) დაზიანება.

ინფექციის წყარო არის დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია  პაროტიტის დაწყებამდე ორი დღე და პაროტიტის დაწყებიდან ცხრა დღის განმავლობაში. ორგანიზმიდან ვირუსი გამოიყოფა ნერწყვით. მიმღებლობა საკმაოდ მაღალია როგორც ბავშთა, ასევე მოზრდილ ასაკში. რაც უფრო ხანგძლივია კონტაქტი ავადმყოფთან, მით მეტია მისი დაინფიცირების ალბათობა. არსებობს მოსაზრება, რომ დაინფიცირება შესაძლებელია ავადმყოფის ნერწყვით დაბინძურებული საყოფაცხოვრებო საგნებით და სათამაშოებით.

როგორ უნდა გავიგო ვარ თუ არა ყბაყურათი დაინფიცირებული?

ეპიდემიური პაროტიტის ტიპიური შემთხვევა იწყება მწვავედ ტემპერატურის მომატებით, რასაც თან ახლავს სხვა კლინიკური ნიშნები-ტკივილი ყელის არეში, შეშუპება, მტკივნეულობა ყბაყურა ან სხვა სანერწყვე ჯირკვლების არეში, რაც შეიძლება იყოს როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი პროცესი. შეშუპება თანდათან ძლიერდება და მაქსიმუმს აღწევს მეხუთე-მეექვსე დღეს, შემდეგ კი თანდათან მცირდება.

ეპიდემიური პაროტიტი ბავშვთა ინფექციური დაავადებაა, თუმცა მიმღებლობა მაღალია მოზრდილ ასაკშიც.

დაავადების ერთეული(სპორადული) შემთხვევების გარდა, ფიქსირდება დაავადების ჯგუფური შემთხვევები და ეპიდაფეთქებები.

რამდენად საყურადღებოა ყბაყურა?

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიური პაროტიტი არ ხასიათდება ხშირი გართულებებით, დაავადების ზოგ შემთხვევაში ვითარდება სმენის დაქვეითება, მენინგოენცეფალიტი, ორხიტი(მამრობითი სქესის პირებში და შესაძლებელია გამოიწვიოს უნაყოფობა), ასევე სხვა გართულებები, პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული ყბაყურას შემთხვევები?

ეპიდემიური პაროტიტი მიეკუთვნება ვაქცინით მართვად დაავადებას, რაც შესაძლებელს ხდის, რომ გეგმიური ვაქცინაციის მაღალი მოცვით-95%(პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალედრის მიხედვით ეპიდემიური პაროტიტის საწინააღმდეგო იმუნიზაცია ტარდება 2 დოზით - ვაქცინაცია 1 წლის ასაკში და რევაქცინაცია 5 წლის ასაკში) ქვეყანაში შემცირდეს ავადობა და მიღწეული იქნას დაავადების ელიმინაცია.

დაავადების გადატანა ან სრულყოფილი ვაქცინაცია ძირითადად ტოვებს მყარ იმუნიტეტს.

http://www.cdc.gov/mumps/about/