ყივანახველა

რა არის ყივანახველა?

ყივანახველა მწვავე ინფექციური დაავადებაა, გადაცემის აეროგენული მექანიზმით. ხასიათდება შეტევითი ხასიათის სპაზმური ხველით, ასევე ნერვული, სასუნთქი და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანებით.

 

ყივანახველას გამომწვევი არის - Bordetella pertusis, რომელიც პირველ რიგში მოქმედებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე და იწვევს მის ანთებას დაავადების ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზე. მოგვიანებით, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტოქსიკური ზემოქმედების, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის, ორგანიზმის ალერგიული მდგომარეობის შედეგად ვითარდება კრუნჩხითი ხველების შეტევები. მძიმე ფორმების დროს ვითარდება ჰიპოქსია. ყივანახველას პათოგენეზში გარკვეულ როლს ასრულებს ალერგიული მექანიზმები.

ინფექციის წყარო არის დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების კატარალურ პერიოდში, როდესაც გამომწვევი გარემოში გამოიყოფა მაქსიმალური რაოდენობით და ინტენსიურად ავრცელებს ინფექციას. შემდგომ პერიოდში გადამდებლობა თანდათან მცირდება. ავადმყოფის ნერწყვით დაბინძურებული საყოფაცხოვრებო საგნების, საკვები პროდუქტების და მესამე პირის საშუალებით ინფექციის გადაცემა ნაკლებად არის შესაძლებელი.

მიმღებლობა ყივანახველას მიმართ არის  მაღალი და არ არის დამოკიდებული ასაკზე.

როგორ უნდა გავიგო ვარ თუ არა ყივანახველით დაინფიცირებული?

ყივანახველას ტიპიური შემთხვევა იწყება მწვავედ, საერთო სისუსტით, ტემპერატურის მომატებით, ხმის ჩახლეჩით, სურდოთი და ხველებით. სპაზმური ხველის პერიოდი ვითარდება თანდათანობით. ხველა არის შეტევითი ხასიათის და უმთავრესად ვითარდება ღამით. სპაზმურ ხველას მოყვება რეპრიზი(წამოყივლება), რაც შემდეგ გულზიდვასა და ღებინებაში გადადის. კატარალური და სპაზმური ხველის პერიოდი გრძელდება 3-4 კვირა, რომლის შემდეგ დაავადება გადადის რეკონვალესცენციის პერიოდში.

ყივანახველათი ძირითადად ავადდებიან  სკოლამდელი ასაკის ბავშვები, თუმცა როგორც ბოლო წლებში ქვეყანაში აღრიცხული დაავადების შემთხვევების მონაცემებმა გვიჩვენა, დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა მოზარდებსა და მოზრდილ ასაკშიც. მოზრდილებში დაავადება ხასიათდება მსუბუქი მიმდინარეობით და ზოგჯერ უსიმპტომოდ, რაც ართულებს ზუსტ დიაგნოსტირებას.

დაავადების ერთეული(სპორადული) შემთხვევების გარდა, ფიქსირდება დაავადების ჯგუფური შემთხვევები და ეპიდაფეთქებები.

რამდენად საყურადღებოა ყივანახველა?

ყივანახველას შემთხვევაში იშვიათად გვხვდება პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებული არის მძიმე პაროქსიზმულ ხველასთან. ძირითადი გართულება, რაც ახასიათებს დაავადებას და ზოგ შემთხვევაში განაპირობებს მის ლეტალურ გამოსავალს არის ბაქტერიული პნევმონია. სწორედ ამ გართულების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხველებით მიმდინარე სხვადასხვა დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისათვის კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული ყივანახველას შემთხვევები?

ყივანახველა მიეკუთვნება ვაქცინით მართვად დაავადებას, რაც შესაძლებელს ხდის, რომ გეგმიური ვაქცინაციის მაღალი მოცვით-95% (პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალედრის მიხედვით ყივანახველას საწინააღმდეგო იმუნიზაცია ტარდება ყივანახველას კომპონენტის შემცველი ვაქცინით სამჯერადად ორი თვის ასაკიდან და რევაქცინაცია ერთჯერადად თვრამეტი თვის  ასაკში) ქვეყანაში შემცირდეს ავადობა.

ყივანახველას პროფილაქტიკაში მნიშვნელოვანია წლამდე ასაკის ბავშვების დაცვა დაავადებისაგან, რადგან არ არსებობს თანდაყოლილი იმუნიტეტი და დაავადებისაგან დაცვის ერთადერთი საშუალება არის დროული და სრულყოფილი ვაქცინაცია.

ვაქცინაციას არ ექვემდებარება შვიდ წელზე უფროსი ასაკის პირები, რადგან ამ ასაკობრივ კონტიგენტში შესაძლებელია განვითარდეს აცრის შემდგომი რეაქციები ყივანახველას კომპონენტზე.

დაავადების გადატანა ან სრულყოფილი ვაქცინაცია ძირითადად ტოვებს მყარ იმუნიტეტს.

www.cdc.gov/pertussis/