სტრესი

ისწავლეგაუმკლავდი სტრესს!

სტრესი ყოველდღიურობის ნაწილია  და ადამიანებიც სხვადახვაგვარად ვცდილობთ გაუმკლავდეთ მას. ზოგი ამისთვის საყვარელ მელოდიას, ან მეგობართან საუბარს მიმართავს, სხვისთვის ხსნა ცრემლებია... მწეველების უმეტესობისთვის კი სტრესთან გამკლავების „შეუცვლელი“ საშუალება მოწევაა.

დამეთანხმებით, სიგარეტი არაა ტრანქვილიზატორი, თუმცა მწეველთა უმეტესობა მას სწორედ მსგავს თვისებებს მიაწერს. ისინი ამტკიცებენ, რომ სიგარეტი სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა და “ამშვიდებს,  აწყნარებს ნერვებს”. მეცნიერული კვლევების მიხედვით კი, სიგარეტი არათუ ხსნის სტრესს, არამედ  თვითონვეა ორგანიზმზე სტრესულად მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორი... მაგ, ოტაგოს (ახალი ზელანდია) უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მწეველებში სტრესის და დეპრესიის განვითარების ალბათობა ორჯერ მაღალია  არამწეველებთან შედარებით[i]. მიზეზი კი შემდეგია:

ერთის მხრივ, სიგარეტში შემავალი ნიკოტინის ზემოქმედებით ვიწროვდება სისხლძარღვები, მატულობს სისხლის წნევა, ხშირდება გულისცემა, მცირდება ტვინის და მთლიანად ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდება - ამ რეჟიმში მუშაობა ორგანიზმისთვის ძლიერ სტრესულია. მაგრამ, ამ დროს, თამბაქოს აქტიურად მომხმარებლებთა შეგრძნებები საპირისპიროა, რადგანაც ნიკოტინი  ტვინის გარკვეულ უბნებზე მოქმედებით, იწვევს სიამოვნების ჰორმონების გამოყოფას და სასიამოვნო შეგრძნებებს, რომლის განმეორების სურვილი მწეველს მოწევიდან რამოდენიმე წუთში უჩნდება..

მეორეს მხრივ, მოწეულ ღერებს შორის შუალედში, სისხლში ნიკოტინის დონის შემცირების შედეგად, მატულობს დაძაბულობის და გაღიზიანებადობის შეგრძნება, რაც თავის მხრივ ორგანიზმზე ასევე სტრესულად მოქმედი ფაქტორია. ეს შეგრძნება ნიკოტინის მორიგი ულუფის მიღებისთანავე ქრება. ამგვარად, მწეველებს ნიკოტინი მუდმივად სჭირდებათ, რათა თავი ისევ კომფორტულად/ნორმალურად იგრძნონ. ამგვარად, მწეველის მიერ სწორედ ეს შეგრძნება აღიქმება, როგორც სიგარეტის დამამშვიდებელი ზემოქმედება.[ii] [iii]

სიგარეტთან დაკავშირებული ამ არასწორი წარმოდგენის გამო, ხშირად, მოზარდებს სიგარეტის მოხმარება პრობლემების მარტივად „გადაჭრის“ და სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებად ესახებათ. სამწუხაროდ, პრობლემების გადაჭრისთვის გამოყენებული ეს არაჯანსაღი მეთოდი  უფრო დიდი პრობლემების მიზეზი ხდება. მაგ, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტმა 25 წლიანი კვლევის შედეგებით ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარებასა და  ნერვულ აშლილობებს შორის კავშირი დაამტკიცა. აღმოჩნდა, რომ მოზარდები რომლებიც დღეში დაახლოებით 1 კოლოფს სიგარეტს ეწევიან, პანიკური აშლილობების და გენერალიზებული ფსიქიკური პრობლემების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.[iv]

როგორც ვხედავთ, არ ღირს, ყოველთვის ვენდოთ შეგრძნებებს - დროა, შევცალოთ არასწორი წარმოდგენები და ვისწავლოთ სტრესთან გამკლავების ჯანსაღი გზები, რომლის შესახებაც მოგვიანებით, სხვა ბლოგში მოგიყვებით.

 

 

[i] http://psychcentral.com/lib/can-smoking-cause-depression/0007153

[ii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10540594

[iii] http://www.planetpsych.com/zPsychology_101/substance/smoking_stress.htm

[iv] http://archives.drugabuse.gov/NIDA_Notes/NNVol16N1/Smoking.html