ბრუცელოზი

რა არის ბრუცელოზი?

ბრუცელოზი  მსოფლიოში გავრცელებული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბრუცელას (Brucella) გვარის ბაქტერიები. ადამიანზე დაავადების გადაცემა ხდება ინფიცირებული ცხოველებიდან: ცხვრები, თხები, მსხვილი რქოსანი პირუტყვი, ღორები, ძაღლები,  ირმები და სხვა.

ბრუცელოზით უმთავრესად ავადდებიან მეცხვარეები, ვეტერინარები, სასაკლაოსა და ხორცკომბინატის თანამშრომლები, მწველავები, ასევე მატყლზე მომუშავეები, მონადირეები, ლაბორატორიის პერსონალი  და ა.შ.

 

როგორ ხდება ადამიანზე ბრუცელოზის გადაცემა?

ბრუცელოზის  გადაეცემის  გზებია:

  • კონტაქტური - ავადმყოფი ცხოველის  აბორტულ მასალასთან, სისხლთან, შარდსა და განავალთან შეხება, პირუტყვის ტყავისა და მატყლის დამუშავება; 
  • საკვებით - ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (აუდუღარი, მოუხარშავი) ცხოველური პროდუქტების გამოყენება (რძე, რძის პროდუქტები, ხორცი);

იშვიათად:

  • ასპირაციული -  ბრუცელას ბაქტერიებით დასენიანებული  მტვრის, მშრალი ნაკელის, მატყლის ნაწილაკების მოხვედრა პირის, ცხვირისა და თვალის ლორწოვანში.

ძალზედ იშვიათად! - ბრუცელოზის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება მოხდეს  სისხლის გადასხმის  ან  ორგანოთა ტრანსპლანტაციის,  სქესობრივი კონტაქტის და ძუძუთი კვების დროს. 

 

როგორ მივიტანოთ ეჭვი ბრუცელოზზე?

ადამიანის ბრუცელოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე.

ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ცხელება
  • ზოგადი სისუსტე
  • ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით (სპეციფიური, არასასიამოვნო სუნის ოფლი)
  • ტკივილები- განსაკუთრებით თავის და ზურგის კუნთების

თუ ეჭვი გაგიჩნდათ რომ ბრუცელოზი დაგემართათ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 

დროულად დასმული დიაგნოზისა და  ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ბრუცელოზი იკურნება და არ ქრონიკულდება.

 

ცხოველებშიც! ბრუცელოზით დაავადება შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ან გამოვლინდეს ცხელებით, მასტიტებით  (განსაკუთრებით თხებში), სახსრების ანთებით, თვითნებური აბორტებით, წველადობის შემცირებით, ბუღებში - სათესლე ჯირკვლის ანთებით.

 

როგორ დავიცვათ თავი, გარშემომყოფნი და შინაური ცხოველები ბრუცელოზისაგან?

ბრუცელოზისაგან თავის დაცვის საუკეთესო გზა - თვითონ ცხოველის დაცვაა ბრუცელოზისაგან!

  • თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ თქვენს შინაურ ცხოველს ბრუცელოზი დაემართა - სასწრაფოდ მოხდინეთ მისი იზოლაცია  ჯანმრთელი ცხოველებისაგან და მიმართეთ ვეტერინარს.  იგი დააზუსტებს დიაგნოზს და ბრუცელოზის შემთხვევაში ერთად გაატარებთ შესაბამის ზომებს.
  • ვეტერინარის რჩევით ჩაუტარეთ თქვენს შინაურ ცხოველებს ვაქცინაცია.
    • გამოიყენეთ სპეციალური ტანსაცმელი - დოლის, ავადმყოფი ცხოველის დაკვლის, გატყავების, მისი ხორცის დამუშავების, მკვდარ ნაყოფთან შეხების,  ცხოველთა სადგომების დასუფთავების, მატყლის დამუშავების დროს გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები, ხალათი, წინსაფარი, ჩექმები, ნიღაბი.
    • ნუ მიიღებთ აუდუღარ რძეს, აუდუღარი რძით დამზადებულ რძის პროდუქტებს და თერმულად დაუმუშავებელ ხორცს  საკვებად.

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო