დენგე

დენგე -დაავადება, რომლის თავიდან არიდებაც შესაძლებელია!

 

დენგე არის ინფექცია, რომლის გადამტანია კოღო.  გვხვდება მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. ბოლო წლებში, ურბანულ და ნახევრად ურბანულ რაიონებში მისმა გავრცელებამ განსაკუთრებით იმატა, რაც საერთაშორისო ჯანდაცვისათვის  უდიდეს შემაშფოთებელ ფაქტორს წარმოადგენს.

ბოლო ათწლეულებში, დენგეს ინციდენტობა მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა. 2.5 მილიარდამდე ადამიანი ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 40%–მდე – იმყოფება დენგეს განვითარების რისკის ქვეშ. მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით შესაძლებელია დენგეს ინფექციის 50–100 მილიონამდე შემთხვევა დაფიქსირდეს.

ამჟამად, დენგეს ცხელების ეპიდაფეთქების შესაძლოს საფრთხე არსებობს ევროპაში. 2010 წელს, საფრანგეთსა და ხორვატიაში დაფიქსირდა დაავადების პირველი ადგილობრივი შემთხვევები. გარდა ამისა, ევროპის სამ სხვა ქვეყანაში აღირიცხა იმპორტირებული (ქვეყანაში შეტანილი) შემთხვევები. 2014 წლის ტენდენციით, წყნარი ოკეანის ქვეყნების, კერძოდ კი კუკის კუნძულებზე, მალაიზიაში, ფიჯისა და ვანუატუში, ფიქსირდება დენგეს მესამე ტიპით (DEN 3) ინფიცირების შემთხვევების მატება.

მწვავე დენგე ასევე ცნობილია, როგორც დენგეს ჰემორაგიული ცხელება. დღეს ის ძირითადად გვხვდება აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. იგი ამ რეგიონებში,  წარმოადგენს ბავშვებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მთავარ მიზეზს. ყოველწლიურად, გამოთვლებით, მწვავე დენგეს მქონე 500 000–მდე ადამიანი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, რომელთა უმეტესობას წარმოადგენენ ბავშვები. ამათგან, შემთხვევათა 2.5%–ში ფიქსირდება ლეტალური გამოსავალი.

დენგეს ძირითად გადამტანს წარმოადგენს კოღო Aedes aegypti. ადამიანებში ვირუსის გადაცემა ხდება ინფიცირებული მდედრი კოღოს ნაკბენით. ვირუსის მთავარი მტარებლები და გამავრცელებლები დაავადებული ადამიანები არიან. ისინი კოღოებისათვის წარმოადგენენ ვირუსის წყაროს. პაციენტებს, რომლებიც უკვე არიან დენგეს ვირუსით ინფიცირებული, Aedes კოღოების მეშვეობით პირველი სიმპტომების გამოჩენიდან 4–5 დღის განმავლობაში (მაქსიმუმ 12 დღე) შეუძლიათ ინფექციის გადაცემა.

კოღო Aedes aegypti ძირითადად ცხოვრობს ურბანულ გარემოში და ძირითადად მრავლდება ადამიანის მიერ შექმნილ ისეთ კონტეინტერებსა და სათავსოებში სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება წყლის დაგროვება. სხვა კოღოებისაგან განსხვავებით, Ae. aegypti იკვებება დღისით; მისი კბენის ყველაზე მაღალი სიხშირე ფიქსირდება ადრე დილით და შებინდებამდე საღამოს. გამოკვების ყოველი პერიოდისას, მდედრი კოღო Ae. aegypti, კბენს რამოდენიმე ადამიანს.

ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, საერთაშორისო ვაჭრობით, ნახმარი საბურავებისა და სხვა საქონლების (მაგ. ბამბუკის) შეტანით, აზიაში დენგეს მეორეხარისხოვანი მტარებელი - კოღო Aedes albopictus გავრცელდა. მას გააჩნია ადაპტაციის კარგი უნარი და შეუძლია ევროპის უფრო გრილ ჰავაში არსებობა. მისი გავრცელება განპირობებულია ყინვისადმი შემგუებლობით, ჰიბერნაციითა (ზამთრის ძილი) და თავის მიკროგარემოში შეფარების უნარით.

დენგეს ცხელება არის მწვავედ მიმდინარე, გრიპისმაგვარი დაავადება, რომლითაც ავადდებიან ჩვილები, ბავშვები და მოზრდილები, და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ლეტალური გამოსავალი ამ დაავადებას ახასიათებს შემთხვევათა 2.5%-ში. არსებობს დენგეს გამომწვევი ვირუსის ოთხი განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი, სეროტიპი (DEN-1, DEN-2, DEN-3, DEN-4). ინფექციისაგან გამოჯანმრთელება უზრუნველყოფს ამ კონკრეტული სეროტიპის მიმართ სამუდამო იმუნიტეტს.

დენგეზე ეჭვი უნდა იქნას მიტანილი, როდესაც მაღალ ცხელებას (400C/1040F) ახლავს ჩამოთვლილიდან ორი სიმპტომი მაინც: მწვავე თავის ტკივილი, თვალების უკან ტკივილი, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, გულისრევა, პირღებინება, შეშუპებული ჯირკვლები ან გამონაყარი. ინფიცირებული კოღოს კბენისა და 4–10 დღიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ, ავადმყოფობის სიმპტომები ძირითადად 2–7 დღეს გრძელდება. პლაზმის გამოდინების, სითხის აკუმულაციის, რესპირატორული დისტრესის (სუნთქვის გაძნელება), მწვავე სისხლდენის ან ორგანოთა მდგომარეობის გაუარესების გამო, მწვავე დენგე არის პოტენციურად მომაკვდინებელი გართულება. მწვავე დენგეს მკურნალობისას, მნიშვნელოვანია პაციენტის სხეულის სითხის მოცულობის შენარჩუნება.

დენგეს საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. დღესდღეობით რამოდენიმე ვაქცინა იმყოფება გამოცდის სხვადასხვა ფაზაში.

 

პრევენცია და კონტროლი

ამჟამად, დენგეს ვირუსის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის ერთადერთი მეთოდი არის ინფექციის გადამტანი კოღოების წინააღმდეგ ბრძოლა შემდეგი გზებით:

  • გარემოს დაგეგმარებითა და მოდიფიცირებით, კოღოებისათვის კვერცხების დასადებ ადგილებამდე შეღწევაში ხელის შეშლა;
  • მყარი ნარჩენების სათანადო გატანა/შენახვა/განადგურება და ხელოვნური, ადამიანის ხელით შექმნილი მწერის ცხოველმყოფელობის გარემოს მოშორება-განადგურება;
  • წყლის შესანახი საშინაო კონტეინერების დახურვა, დაცლა და გაწმენდა ყოველკვირეულად;
  • წყლის შესანახი სახლგარეთა კონტეინერებში შესაბამისი ინსექტიციდების გამოყენება;
  • საოჯახო, დაცვის პერსონალური საშუალებების გამოყენება, ისეთების, როგორიცაა ფანჯრის ბადეები, გრძელ სახელოებიანი ტანისამოსი, ინსექტიციდებით დაცული ქსოვილები, სპირალები და გამაფრქვევლები;
  • გადამტანების მდგრადი კონტროლირებისათვის  საზოგადოების მონაწილეობისა და მობილიზაციის გაუმჯობესება;
  • ეპიდაფეთქებებისას, სივრცის ინსექტიციდებით მორწყვითი მანიპულაციის, როგორც გადამტანთა სასწრაფო გასაკონტროლებელი ღონისძიების, ჩატარება;
  • გადამტანების აქტიური მონიტორინგი და ეპიდზედამხედველობა, რათა განისაზღვროს  ინტერვენციების კონტროლის ეფექტურობა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეაგირება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დენგეს პასუხობს შემდეგნაირად:

  • დადასტურებული ეპიდაფეთქებებისას, კოლაბორატორი ლაბორატორიების ქსელის მეშვეობით მხარს უჭერს ქვეყნებს;
  • დენგეს ეპიდაფეთქებების ეფექტური მართვისათვის, ტექნიკური და სახელმძღვანელო მხარდაჭერა;
  • ქვეყნების მხარდაჭერა, რათა გაუმჯობესდეს შეტყობინების სისტემა და დადგინდეს დაავადების ჭეშმარიტი ტვირთი;
  • ზოგიერთი კოლაბორატორი ცენტრებთან ერთად, უზრუნველყოფს ტრენინგებს კლინიკური მართვის, დიაგნოსტირებისა და გადამტანის კონტროლის შეასხებ;
  • ფაქტებზე დაფუძნებული სტრატეგიებისა და პოლიტიკის ფორმულირება;
  • ახალი საშუალებების, მათ შორის ინსექტიციდურ პროდუქტებისა და აპლიკაციის ტექნოლოგიების განვითარება;
  • 100 წევრი ქვეყნისგან აგროვებენ დენგესა და მწვავე დენგეს ოფიციალურ ანგარიშებს;
  • წევრი ქვეყნებისათვის, შემთხვევათა მართვის, დენგეს პრევენციისა და კონტროლისათვის, აქვეყნებენ გაიდლაინებსა და სახელმძღვანელოებს.

 

 

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო