მალარია

მალარია და მისი გადაცემის გზები

მალარია-ინფექციურ დაავადებათა ჯგუფია, რომელსაც იწვევს უმარტივესი სისხლის Plasmodium-ის გვარის პარაზიტები. მათი გადაცემა ბუნებრივ პირობებში Anopheles-ის გვარის მდედრი კოღოების კბენების შედეგად ხდება. ადამიანის მალარიით დაავადებას იწვევს Plasmodium-ის 4 სახეობა. მ/შ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ტროპიკულსა Plasmodium falciparum და სამდღიურ მალარიას-Plasmodium vivax.

მალარია ბუნებრივ-ენდემური დაავადებაა. მისი გავრცელება შეზღუდულია ბუნებრივი ფაქტორების მიერ. აქედან გამომდინარე იგი გვხვდება მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც არსებობს მისი განვითარებისათვის (გამრავლება-გავრცელება) საჭირო ყველა პირობა. ასეთ ადგულებს მალარიოგენურს უწოდებენ. მალარიის განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობები განსხვავებულია და შესაბამისად ტრანსმისიის (გადატანის) ხარისხიც სხვადასხვაა. კერძოდ, ტერიტორიის მალარიოგენურობის განმსაზღვრელი პირობები შემდეგია:

  • ტემპერატურა, რომელიც ხელს უწყობს გადამტანში (კოღო Anopheles) პარაზიტის სპოროგონიის (პარაზიტის სქესობრივი მომწიფების სტადია) პროცესის დასრულებას.
  • ტერიტორიაზე Anopheles-ის გვარის კოღოების არსებობა, რომელთაც უნარი აქვთ მიიღონ მალარიის გამომწვევები.
  • მოცემულ ტერიტორიაზე მდედრი Anopheles-ისათვის ხელსაყრელი პირობები, რათა მიაღწიოს ზრდასრულ ასაკს და გახდეს ეპიდემიოლოგიურად საშიში.
  • მდედრი კოღოების ადამიანთან კონტაქტის (კბენის) შესაძლებლობა.
  • ტერიტორიაზე მოსახლეობის არსებობა.

ტერიტორიის მალარიოგენურობა ფორმირდება, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების კომპლექსით. საკმარისია ერთ-ერთის არ არსებობა, რომ ტერიტორია არ ჩაითვალოს მალარიოგენურად. მეორეს მხრივ თუ კი ტერიტორიაზე ერთი ან რამოდენიმე ეს პირობა შეზღუდულია დროებით, მაშინ იგი ხდება არამალარიოგენური მანამ, სანამ ყველა საჭირო პირობა არ იქნება აღდგენილი.

ტერიტორიის მალარიოგენურობის განმსაზღვრელ უმთავრეს პირობას წარმოადგენს: მოცემულ ტერიტორიაზე მდედრი Anopheles-ისათვის ზრდასრულ ასაკამდე მისაღწევი ხელსაყრელი პირობები, როცა ეპიდემიოლოგიურად საშიში და მისი ადაიანებთან კონტაქტის შესაძლებელობლობა ხდება. ასე, რომ მალარიის გადამთანებთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ მიზანმიმართულად ამ ორ პირობაზე პირდაპირი ზეგავლენისათვის.

ამჟამად მსოფლიოში ასზე მეტი ქვეყანაა განლაგებული მალარიის ენდემურ ტერიტორიაზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ყოველწლიურად მალარიით ავადდება 350-500 მილიონამდე ადამიანი და აქედან მილიონ სამას ათასამდე შემთხვევა (უმეტესად 5 წლამდე ასაკის ბავშვები) სიკვდილით მთავრდება.

მალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს და გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და მზარდი მიგრაციის ფონზე სულ უფრო მეტი ქვეყნისათვის ხდება პრობლემა.

მალარია ძველი დროიდან ფართოდ იყო გავცელებული საქართველოში, წარმოადგენდა საშიშროებას ეროვნული უსაფრთხოებისათვის, იწვევდა მაღალ სიკვდილიანობას და უზარმაზარ ეკონომიურ დანაკარგებს. გასული საუკუნის 1920-იან წლებში მოსახლეობის დაახლოებით 30% იყო დაავადებული მალარიით კოლხეთის დაბლობსა (დასავლეთ საქართველო) და ალაზნის ველზე (აღმოსავლეთ საქართველო). დაავადების შემთხვევების დიდი ნაწილი ლეტალურად სრულდებოდა.

საქართველოში 1924 წელს დაარსდა პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტი. სპეცისლიზირებული სამედიცინო ქსელის შექმნამ და ინსტიტუტის ხელმძღვანელობთ მალარიის საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებების ჩატარებამ განაპირობა მალარიის მკვეთრი შემცირება 1954 წლისათვის, 1961 წელს მალარია პრაქტიკულად აღმოიფხვრა და 1970 წელს მიღწეულ იქნა სრულყოფილი და მყარი ელიმინაცია (განდევნა-გაქრობა). თუმცა ტერიტორიის დიდი ნაწილზე ადგილობრივი კლიმატური პირობებისა და გადამტანი კოღოს არსებობის გამო სიტუაცია პოტენციურად საშიში რჩებოდა. ამავე დროს მალარიის შემოტანილი შემთხვევები საქართველოში ყოველწლიურად რეგისტრირდებოდა. 1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სოციალურ-ეკონომიურმა ცვლილებებმა, რეგიონის მოსაზღვრე ქვეყნებში მალარიის ეპიდემიებმა, ხელი შეუწყო საქართველოში მალარიის ადგილობრივი კერების გაჩენას. 1996 წელს ლაგოდეხის რაიონში, 1970 წლის შემდეგ პირველად აღირიცხა მალარიის ადგილობრივი შემთხვევები.

მალარიის გავცელების მაღალი პოტენციალის, ეპიდემიის რისკის საშიშროების გამო 2000 წლიდან საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრომ აამუშავა მალარიის კონტროლისა და პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამის დანერგვით ჯანმო-სა და გლობალური ფონდის დახმარებით შესაძლებელი გახდა მალარიის შემთხვევების შემცირება ქვეყანაში. შემთხვევების უმეტესობა იყო აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო დასავლეთში ფიქსირდებოდა ერთეული შემთხვევები, გარდა ერთი აფეთქებისა (2001 წელს ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონებში 26 ადამიანი დაავადდა). განხორციელებული ღონისძიებებისა და გლობალური ფონდის ფინანსური დახმარების შედეგად 2004 წლიდან 2009 წლამდე რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 472-დან 1-მდე შემცირდა. ყველა ადგილობრივი შემთხვევა დაკავშირებული იყო P. vivax-თან. 2013 წელს არცერთი ადგილობრივი შემთხვევა არ გამოვლენილა. სულ ამ წელს აღირიცხა 7 შემოტანილი შემთხვევა, მ/შ 6 ტროპიკული და 1 სამდღიური მალარია. ყველა შემთხვევა შემოტანილი იყო აფრიკიდან. 1996 წლიდან დაფიქსირებული მალარიის შემთხვევებიდან არეცერთი არ დასრულებულა ლეტალური გამოსავლით. შემთხვევების 92% 2000-2009 წლებში მოდიოდა სოფლის  მოსახლეობაზე. საქართველოს მოქალაქეთა მაღალი რისკის ჯგუფები ბინადრობენ აღმოსავლეთით-აზერბაიჯანის საზღვართან და დასავლეთით-შავი ზღვის პირას მიმდებარე ტერიტორიაზე. მკვიდრი მოსახლეობიდან შეიძლება დაავადდნენ,  როგორც მამაკაცები ასევე ქალები, თუმცა მამაკაცებს შორის ავადობა უფრო ხშირია (მათი ცხოვრების აქტიური წესიდან გამომდინარე). საქართველოში მალარიის გადაცემისათვის საჭირო ბუნებრივი პირობები ვრცელდება ტერიტორიის 51,6%-ზე. ამ ტერიტორიებზე განლაგებულია დასახლებული პუნქტების 80% და ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 93%. ე.ი. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დასახლებულია იმ ადგილებში, სადაც არის მალარიის გავრცელების რისკი.

2013 წელს საქართველოში დამუშავდა 48 000 მ2-ზე მეტი ფართი პირეტროიდის ჯგუფის ინსექტიციდით (ქიმიური ნივთიერება მავნე მწერების მოსასპობად). იმ ტერიტორიებზე, სადაც უკვე მოხდა მალარიის ელიმინაცია ყურადღება უნდა მიექცეს ამ სტატუსის შენარჩუნებას. განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოტანილი მალარიის პრობლემის გადასაწყვეტად.

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო