კანის ლეიშმანიოზი

კანის ლეიშმანიოზი ენდემური, ტრასმისიური დაავადებაა. გვხვდება თბილი და ცხელი კლიმატის ქვეყნებში. გამოიხატება კანის შემოფარგლული წყლულოვანი დაზიანებით, რომელიც ნაწიბურის გაჩენით მთავრდება. აღწერილია კანის ლეიშმანიოზის გამომწვევის ორი სახეობა: ანტროპონოზული, ქალაქის ტიპის, გამომწვევი L.tropica minor და ზოონოზური, სოფლის ტიპის, გამომწვევი L.tropica major.

კანის ლეიშმანიოზის გადამტანებია მოსკიტები - ფლებოტომუსები, რომლებიც ინფიცირდებიან დაავადებული ადამიანის ან ცხოველის სისხლწოვის შედეგად.

ანტროპონოზული ქალაქის ტიპის კანის ლეიშმანიოზის ძირითადი რეზერვუარი დაავადებული ადამიანია. დაავადებას არ ახასიათებს გამოხატული სეზონურობა. ინკუბაციური პერიოდი 3-დან 8 თვემდეა. პარაზიტის კანში შეჭრის ადგილას ყალიბდება 2-3 მმ დიამეტრის ბორცვი, რომელიც თანდათან იზრდება, ღებულობს წაბლისფერ-მოწითალო ფერს. 3-6 თვის შემდეგ მისი ზედაპირი იჭიმება, ხდება პრიალა და იფარება ქერცლით, რომლის ქვეშ წყლულია. წყლულს აქვს უსწორმასწორო კიდეები, რომლის ირგვლივ ინფილტრატია. აღინიშნება მცირეოდენი სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი. წყლულის ზომამ შეიძლება 25 სმ მიაღწიოს. წყლული ზრდის შედეგად თანდათან ირღვევა. ეს პროცესი საშუალოდ ერთ წლამდე გრძელდება (აქედან ხალხური დასახელება - ერთწლიანი წყლული). გამონაკლისს შემთხვევებში დაავადება 2 წლამდე შეიძლება გაგრძელდეს. წყლულების რაოდენობა 1-დან 3-მდეა, ზოგჯერ 8-10-მდე აღწევს. ძირითადად ზიანდება სახე და ზედა კიდურები, მოსკიტებისთვის ადვილად მისადგომი ადგილები. 5-7 თვის შემდეგ ინფილტრატი იწოვება. წყლულის შედეგად დარჩენილი ნაწიბურები პატარა ზომისაა და თვალით შეუმჩნეველი.

ზოონოზური სოფლის ტიპის კანის ლეიშმანიოზის ძირითადი რეზერვუარი ძუძუმწოვრები და მღრღნელებია. დაავადებას სეზონური ხასიათი აქვს:  იწყება მაის-ივნისში, პიკს აღწევს აგვისტო-სექტემბერში, შემდეგ თანდათან იკლებს და ნოემბერ-დეკემბერში მინიმუმამდე დადის. ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე დღიდან 3-4 კვირამდეა. დასაწყისში კანზე ჩნდება 2-4 მმ ზომის ბორცვი, რომელიც 2 დღის შემდეგ აღწევს 10-15 მმ-ს. მის ცენტრში ვითარდება ნეკროზი, რომლის დაშლის შემდეგ ჩნდება 2-4 მმ ზომის წყლული. მის ირგვლივ ყალიბდება ინფიტრატი. კანის დაზიანება პროგრესულობს და გრძელდება 2-დან 5 თვემდე, შემდეგ იწყება მისი უკუგანვითარება, ნეკროზი ქრება და იწყება წყლულის ეპითელიზაცია.

დიაგნოზი ისმება წყლულიდან აღებულ ნაცხში ლეიშმანიების ნახვით.

საქართველოში გავრცელებულია ზოონოზური კანის ლეიშმანიოზი. 1985 წლამდე დაფიქსირებული იყო 138 შემთხვევა. შემდგომ 2001 წლამდე შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ძირითად რეზერვუარად დადგენილია მაჩვი. 2001-2005 წლებში კვლავ აღირიცხა 21 ავადმყოფი, ყველანი მცხეთის რაიონიდან.  2008 წელს შემთხვევები დამატებით აღირიცხა თბილისში და  გარდაბანში, 2010 წ. რუსთავში, 2011 წ. - ქუთაისში და 2013 წ.- უკვე მარნეულსა და გურჯაანშიც.

 

 

 

კანის ლეიშმანიოზის შემთხვევების მრავალწლიანი დინამიკა საქართველოში

 

 

 

გადამტანისა და პირადი პროფილაქტიკის მიზნით ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები. კერძოდ: მოსკიტების გამოჩეკვის ადგილების ინსექტიციდებით დამუშავება, ბინების კარ-ფანჯრების აბადვა, რეპელენტების გამოყენება, მოსკიტების კბენისგან თავდაცვა.

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო