სერვისები

ლუგარის ცენტრის ყველა ლაბორატორია ახორციელებს კვლევებს ბიოუსაფრთხოებისა

და ხარისხის კონტროლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

ლუგარის ცენტრის ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიაში ხდება კლინიკებიდან შემოსული

ნიმუშების კვლევა რესპირატორულ და ენტერობაქტერიებზე. იგივე პერსონალის მიერ

ხორციელდება განსაკუთრებით საშიში პათოგენების დიაგნოსტიკაც. ლაბორატორია

უზრუნველყოფს იმ პათოგენების დროულ დეტექციას, რომელთა დიაგნოსტიკა სხვა

კლინიკურ ლაბორატორიებში არ ხდება. ლუგარის ცენტრის ბაქტერიოლოგიური

ლაბორატორიები რეფერალური ცენტრებია როგორც რიგი კლინიკური, ასევე დკსჯეც

რეგიონული ლაბორატორიებისათვის.

ზოოენტომოლოგიური ერთეული პასუხისმგებელია ქვეყნის მასშტაბით ზოონოზური

ინფექციების გავრცელების კონტროლზე, ეპიდაფეთქების შემთხვევაში ველზე გასვლასა

და გარემო ნიმუშების (ნიადაგის, მღრღნელებისა და ექტოპარაზიტების) მოპოვებაზე.

სეროლოგიური ლაბორატორია აწარმოებს მთელი რიგი ინფექციების დიაგნოსტიკას

რუტინული და კონფირმაციული მეთოდების გამოყენებით. აქ ხდება წითელას,

წითურას, როტავირუსების, ლეიშმანიოზის, ბორელიოზის, ჰემორაგიული ცხელებების

გამომწვევი ვირუსებისა და ბაქტერიების, აივ ინფექციის, ჰეპატიტებისა და სხვა

მრავალი პათოგენის სეროლოგიური დიაგნოსტიკა.

გრიპის, ასევე პოლიომიელიტისა და სხვა ენტეროვირუსების ლაბორატორიები

ახორციელებენ ამ ინფექციებზე სისტემატიურ კონტროლს ქვეყნის მასშტაბით. წლის

განმავლობაში ხდება კლინიკური და გარემო ნიმუშების ტესტირება მოლეკულური,

ვირუსოლოგიური და სეროლოგიური მეთოდების გამოყენებით.

მოლეკულური (გენომის) ლაბორატორია გამოირჩევა თავისი მრავალპროფილიანი

საქმიანობითა და თანამედროვე აღჭურვილობით. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია

როგორც კლასიკური, ასევე რეალურ დროში და უკუტრანსკრიპციით მიმდინარე (PCR,

RT-PCR, real-time-PCR) გამოიყენება მრავალი სხვადასხვა პათოგენების აღმოსაჩენად

კლინიკურ და გარემო ნიმუშებში. ასევე ხდება დადებითი ნიმუშებისა და

იზოლირებული კულტურების გენოტიპირება სხვადასხვა თანამედროვე მეთოდების

გამოყენებით. მათ შორის აღსანიშნავია გელ-ელექტროფორეზი პულსირებად ველში

(PFGE), ერთ-ნუკლეოტიდური პოლიმორფიზმის (SNP) აღმოჩენის სხვადასხვა

მოდიფიკაციები, მრავლობითი ლოკუსების ტანდემურად განმეორებადი

თანმიმდევრობების ცვლადი რაოდენობის ანალიზი (MLVA), რესტრიქციული

ფრაგმენტების სიგრძის პოლიმორფიზმი (RFLP), სანგერ სექვენირება. ლაბორატორიაში

განთავსებული მაღალი წარმადობის ახალი თაობის სექვენირების აპარატურა MiSeq,

Illumina უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით და ერთადერთია როგორც

საქართველოში, ასევე მთელს რეგიონში. ლაბორატორიაში მიღებული გენოტიპირების

შედეგები დახმარებას უწევს ცენტრის ეპიდემიოლოგიურ სამსახურს როგორც

აფეთქებების, ასევე ცალკეული შემთხვევევის გამომწვევი წყაროსა და მიზეზების

დადგენაში.