დღეს ძნელია იცხოვრო ფიზიკურად აქტიურად?

დღეს ძნელია იცხოვრო ფიზიკურად აქტიურად?  ფიტნეს კლუბშიც ვერ დადიხარ: რადგან არც საშუალება გაქვს, არც დრო და არც ტერიტორიულად გეწყობობა ხელი?“  რატომ უნდა იყო რეგულარულად ფიზიკურად აქტიური?“ ამაზე პასუხს ეხლავე გაგცემ.

თანამედროვე ტექნოლოგიები, მ/შ სოციალურ ქსელებზე საათობით მიჯაჭვულობა; სამსახურში ხანგრძლივი დროით ჯდომა,  სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ყველა მიმართულებით მრავლად დადიან; მარკეტები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბაზრები და სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრები ბევრია და ახლოსაა სახლთან თუ სამსახურთან არა? თითქოს ეს ყველაფერი „გაიძულებს“ და „გავალდებულებს“იყო უმოძრაოდ. არადა ეტყობა არ იცი, თუ როგორი მავნებელია ფიზიკური ინერტულობა შენი ჯანმრთელობისათვის.

მაგალითისთვის გეტყვი, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემების მიხედვით: ფიზიკური ინერტულობა (ფიზიკურად არააქტიური ცხოვრების წესი) მსოფლიოში ავადობის და სიკვდილობის (სიკვდილობის ყველა შემთხვევის 6%) მეოთხე რისკ ფაქტორია. კერძოდ იზრდება: 21-25% ძუძუსა და სწორი ნაწლავის, 27% დიაბეტის და 30% გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკი. მაშინ, როცა მრავალი ინფექციური და ვირუსული დაავადების ლიკვიდაცია და მართვა მოხერხდა, გააქტიურდა მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები. აღმოჩნდა, რომ 25%-ინსულტის, 30%-გულის იშემიური დაავადებების, დეპრესიის, დიაბეტის განვითარების რისკისა და სხვადასხვა მავნე ჩვევების ჩამოყალიბების შემცირება შესაძლებელია სწორედ რეგულარული, თანმიმდევრული და სისტემატური ფიზიკური აქტივობით.  ამავდროულად, უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით ან ნებისმიერი ფიზიკური აქტივობით დაკავებული თითოეული საათი,  დაახლოებით ორი საათით გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს“.

ამის შემდეგ მაინც არ შეეცდები რეგულარული ფიზიკური აქტივობით გაიხანგრძლივო ჯანმრთელობა?

არადა, ისე მარტივად და უბრალოდ შეგიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოიტანო ფიზიკური აქტივობის ქცევები, რომ თვითონაც გაოცდები.

და თანაც, რეგულარული ფიზიკური აქტივობისათვის საერთოდ არ არის აუცილებელი განსაკუთრებული ფინანსები და სპეციალური სავარჯიშო ხელსაწყოები.  თუ აუზზე და სპორტდარბაზებზე ხელი არ მიგიწვდება იმედი არ დაკარგო. ფიზიკური აქტივობა არის, ის რითაც სხეულს აიძულებ იმოძრაოს და დაწვას კალორიები სახლში თუ გარეთ, და მთავარია დაიწყო მინიმალურიდან:

  • ფეხით სიარული გახადე ყოველდღიური ცხოვრების წესი.
  • თუ სამსახური საკმაოდ მოშორებულია შენ სახლს და იძულებული ხარ ტრანსპორტით იმგზავრო, ჩამოდი ტრანსპორტიდან ორი-სამი გაჩერებით ადრე და ფეხით გააგრძელე გზა ადგილამდე.
  • დილა-საღამოს 15 წუთი სახლში შეგიძლია ვარჯიში (თუ გინდა ვარჯიში ჩაანაცვლე: ცეკვით, ლახტით ან მის გარეშე ხტუნვით).
    • ჩართე  ოჯახი  ფიზიკურ აქტივობაში, მოაწყვე ველორბოლა  შვილებთან (შვილთან) ერთად, ითამაშეთ ფეხბურთი, ფრენბურთი ან თვითონ ბავშვებს სთხოვე მოიფიქრონ რაიმე  ხალისიანი, ახალ-ახალი და ფიზიკურად ინტენსიური გასართობი.
    • ძაღლი გყავს? თუ კი: ხშირად  ასეირნე  ეზოში. მასთან ერთად ირბინე და ითამაშე.
    • ტელევიზორის ყურების, ბავშვების მეცადინეობის ან ნებისმიერი საქმის კეთების დროს, რომელიც  ჯდომას მოითხოვს, დროგამოშვებით ატრიალე ფეხები, თითქოს  ველოსიპედის პედლებს ატრიალებ.
    • გაქვს მიწის ნაკვეთი სახთან ახლოს ან აგარაკი? თუ კი: თვითონ დარგე და მოუარე ყვავილებს,  ბოსტნეულს.
    • სამსახურში შესვენების დროს ჯდომა და წახემსება შეცვალე 10-15 წუთიანი სიარულით. სთხოვე თანამშრომელს შენთან ერთად ისეირნოს - აიყოლიე სხვებიც!
    • თუ სავარჯიშო დარბაზი სამსახურთან ახლოსა გაქვს, შესვენების დროს გადაირბინე და 10 წუთი ივარჯიშე.
    • იქნებ შესთავაზო თანამშრომლებს რომელიმე სპორტულ სახეობაში  გუნდების შექმნა  და შესვენების დროს შეეჯიბროთ ხანდახან ერთმანეთს. მე მგონი ღირს ამის ცდა!

მთავარია გააცნობიერო და შენს გარშემო ყველას გააგებინო, რომ ფიზიკურ ინერტულობაში გატარებული თითოეული დღე იმ ქრონიკული დაავადებებისაკენ მისასვლელი უმოკლესი გზაა, დასაწყისში, რომ ვისაუბრეთ. სულ უმოძრაობას, დაბალი ინტენსივობის  ფიზიკური აქტივობა ჯობია. თანმიმდევრული და სისტემატური ფიზიკური აქტივობის შემდეგ სულ, რაღაც ორ კვირაში იგრძნობ, რომ, თავისუფლად სუნთქავ, გულის ცემა და პულსი საგრძნობლად აღარ გიჩქარდება, როცა ბაზრიდან ან მარკეტიდან ტვირთი სახლში მოგაქვს, ლიფტით არ სარგებლობ და კიბებზე ფეხით ადიხარ.

 

 

 ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო